ბაღებსა და სკოლებში სააღმზრდელო და სასწავლო პროცესი დაიწყო
By

ბაღებსა და სკოლებში სააღმზრდელო და სასწავლო პროცესი დაიწყო

აჭარის მთიანეთის ბაგა-ბაღებსა და სკოლებში საგანმანათლებლო და სასწავლო პროცესი ორგანიზებულად დაიწყო. ახალი სასწავლო წელი ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში განახლდა. ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი როინ თავართქილაძე ყინჩაურის საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ და აღსაზრდელებს, პერსონალს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

„ყველა ბავშვს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სკოლამდელი აღზრდა ბავშვის განვითარებისა და განათლების მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში უსაფრთხო, კეთილმოწყობილი და მათ საჭიროებებზე მორგებული გარემო იყოს. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბაღების პერსონალს იმ პასუხისმგებლობისა და შრომისთვის, რომელსაც ისინი ბავშვების განვითარებასა და მათ აღზრდას უთმობენ. თითოეულ აღსაზრდელს წარმატებულ, საინტერესო და ბედნიერ სასწავლო წელს ვუსურვებ“, – თქვა ვახტანგ ბერიძემ.

სასწავლო წელი ორგანიზებულად დაიწყო ხულოს 49 საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხულოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სკოლაში. სკოლებში 1931 მოსწავლე მივიდა, მათგან 106 პირველკლასელია. მათ აღზრდას 700-ზე მეტი პედაგოგი მოემსახურება, ჯერჯერობით 100-ზე მეტი სხვადასხვა საგნის პედაგოგის ვაკანსიაა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე, მერის მოადგილე ნური გორგაძე, ხულოს რესურსცენტრის უფროსი რამაზ გელაძე, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაბა ხულოსა და ბეღლეთის საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ და ახალი სასწავლო წლის დაწყების ცერემონიას დაესწრნენ.

***

შუახევის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების დაქვემდებარებაში 15 ბაგა-ბაღი და 7 ალტერნატიული ჯგუფია, სადაც 220 აღსაზრდელი ირიცხება. სკოლამდელ დაწესებულებებში შექმნილია სათანადო პირობები, რათა აღსაზრდელებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესი დამტკიცებული გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და ბავშვების ასაკობრივ განვითარებასა და ინტერესებზე მორგებულ აქტივობებს მოიცავს.

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან სკოლამდელ დაწესებულებებში ახალი ინიციატივა ამოქმედდება, რომელიც აღსაზრდელების ტრანსპორტით უზრუნველყოფის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და შორი უბნებიდან აღსაზრდელთა ორგანიზებულ და უსაფრთხო გადაყვანას ითვალისწინებს.

ფურტიოს ბაგა-ბაღში იმყოფებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ ივანაძე, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი მადონა არძენაძე. მათ აღმზრდელებსა და აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

– შუახევში 43 საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლაა. 2026-2027 სასწავლო წლის დასაწყისში ირიცხება 1069 მოსწავლე. პირველ კლასში შემოვიდა 68 მოსწავლე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 1011 პირი, რომელთაგან 668 პედაგოგია, 169-ადმინისტრაციის თანამშრომელი, 222 კი ტექნიკური მუშაკი, რომელთაგან რამდენიმე პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა.

ყველა სკოლაში სასწავლო წელი ორგანიზებულად დაიწყო. 131 მოსწავლე მივიდა დაბა შუახევის საჯარო სკოლაში, რომელთაგან 9 პირველკლასელია. მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, შუახევის რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ, დაწყებითი კლასის მასწავლებელმა მაყვალა ზოიძემ. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, სიმღერები შეასრულეს.

პირველკლასელებს საზეიმო ვითარებაში კომპიუტერები გადასცეს. ღონისძიებას მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

***

ქედის მუნიციპალიტეტის 14-ივე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა. აქ 295 აღსაზრდელი ირიცხება. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღი სტანდარტებს აკმაყოფილებს, ბაღებში ეტაპობრივად მიმდინარეობს ავტორიზაციის პროცესი. შარშან დაბა ქედის №1- მა და დანდალოს საბავშვო ბაღებმა ავტორიზაცია წარმატებით გაიარეს. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისთვის საჭირო სათამაშოები სრულად განახლდა.

მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია, ა(ა)იპ „ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორი აიშე თებიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაბა ქედის №1, დანდალოსა და ხარაულის ბაგა-ბაღში იმყოფებოდნენ, პერსონალს, აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს ნაყოფიერი, წარმატებული და საინტერესო სასწავლო წელი უსურვეს.

ქედის სკოლებში1850 მოსწავლე მივიდა, რომელთაგან 121 პირველკლასელია. მათ აღზრდას, ამ ეტაპზე, 550-მდე პედაგოგი მოემსახურება. სკოლებში 50-მდე ვაკანსიაა. მალე დასრულდება მერისის ფრიდონ თურმანიძის სახელობის სკოლის შენობის რემონტი.

ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ქედელთა დელეგატი ნადიმ ვარშანიძე, ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი დაბა ქედის ვახტანგ პაპუნიძის სახელობის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ და მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *