ბათუმში VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მუზეუმი და გლობალიზაცია“ გაიმართა
By

ბათუმში VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მუზეუმი და გლობალიზაცია“ გაიმართა

კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე. მან ყურადღება გაამახვილა მუზეუმების მნიშვნელოვან როლზე ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და წარმოჩენის, ასევე, ეროვნული იდენტობისა და თვითმყოფადობის განმტკიცების პროცესში, ხაზი გაუსვა საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობას მუზეუმების თანამედროვე როლის გააზრების, საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერების, ასევე, კულტურული ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

გლობალურ სამყაროში მუზეუმების, როგორც საერთაშორისო კვლევების ხელშემწყობი, ასევე, ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმის როლზე  ისაუბრა საერთაშორისო პროექტების ექსპერტმა, ბიზნესადმინისტრირების დოქტორმა სოფიო ბაკურიძემ.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ, „აჭარის მუზეუმის“ გაერთიანების დირექტორი თეონა ზოიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე აჭარის კულტურის სამინისტროს პრიორიტეტები, კულტურის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამები და სიახლეები წარმოადგინეს აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეებმა – ვლადიმერ მგალობლიშვილმა და ირმა აბულაძემ.

VI საერთაშორისო კონფერენციის „მუზეუმი და გლობალიზაცია“, მიზანია ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული, სოციალური და მომიჯნავე დარგების, ასევე, სამუზეუმო მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის მიმართულებით მომუშავე მკვლევრების სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის განვითარებას, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა თანამშრომლობას. კონფერენციაში ჩართული იყო 75 მონაწილე, მათ შორის, 15 მეცნიერი აშშ-დან, იაპონიიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. მოხსენებები წარმოადგინეს როგორც მოწვეულმა სტუმრებმა, ასევე აჭარის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებმა.

საერთაშორისო კონფერენციის „მუზეუმი და გლობალიზაცია“ მასალების კრებული, სამეცნიერო ჟურნალის სახით, ატვირთულია მეცნიერების ასოციაციის ელექტრონული ჟურნალების პორტალზე, Google Scholar-ის პლატფორმაზე.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *