ბათუმში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა გათავისუფლებულია
By

ბათუმში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა გათავისუფლებულია

ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დაკავებული თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დაკავებულების გათავისუფლება საქართველოში თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად მოხერხდა.
ამასთან, ინციდენტების დროს დაშავებული და საავადმყოფოში გადაყვანილი თურქეთის ორი მოქალაქე ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლების ზედამხედველობით გაწერეს.
შეგახსენებთ, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდა, უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდა სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდა მათ.
უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გულშემატკივართა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა უწყების სამი თანამშრომელი, რომლებსაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს.

  • No Comments
  • ნოემბერი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *