ბათუმი ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს
19-26 აპრილს ჩვენი ქალაქი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოს მთავრობის, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ამ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებაში 45 ქვეყნის ეროვნული ნაკრების 350-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს, რომელთა შორის იქნება: ალბანეთი, სომხეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელგია, ბულგარეთი, ინგლისი, ესპანეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისრაელი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პორტუგალია, რუმინეთი, შვეიცარია, შვედეთი, თურქეთი, უკრაინა და სხვები.
ევროპის ჩემპიონატი საქართველოში – მესამედ, ხოლო ბათუმში მეორედ ტარდება.
ჩემპიონატის ფარგლებში, ბათუმს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც ეწვევიან – ღონისძიებაზე 102 ჟურნალისტია დარეგისტრირებული, მათ შორის ფოტო და ვიდეორეპორტიორები.
შეჯიბრება 19 აპრილს დაიწყება და ყოველდღიურად დილის 10-დან 21- საათამდე გაგრძელდება.

ევროპირველობაზე საქართველოს მამაკაცთა და ქალთა ნაკრებები მთავარი მწვრთნელების – გიორგი ასანიძისა და თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით წარსდგებიან. მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად ეროვნულ ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს, რაც გუნდის გრძელვადიანი განვიათარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ: გოდერძი ბერდელიძე, მირანდა ჩუტკერაშვილი, მანუჩარ გოგოხია, ნანა ხორავა, ირაკლი გობეჯიშვილი, ნათია გადელია, ირაკლი ჩხეიძე, ანასტასია გოტფრიდი, მარიამ მურღვლიანი და კიდევ ოთხი ძალოსანი აჭარიდან: რამინ შამილიშვილი, არჩილ მალაყმაძე, ზურაბ მსხალაძე, ბაქარ თურმანიძე.
შეჯიბრება 19 აპრილს დაიწყება და ყოველდღიურად, დილის 10-იდან საღამოს 21-საათამდე გაგრძელდება.
ევროპირველობა ოფიციალურად და საზეიმოდ 20 აპრილს, 20 საათსა და 30 წუთზე ბათუმის სპორტის სასახლეში გაიხსნება (მისამართი: ლადო ასათიანის ქ. № 27). ღონისძიებას მთავრობის წევრები და სპორტული სამყაროს ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები დაესწრებიან.
როგორც აჭარის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირმა ნიჟარაძემ გვითხრა, ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მზადება რამდენიმე ხნის წინ დაიწყო და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ეს სპორტული ფორუმიც, ისევე როგორც პირველი, მაღალ დონეზე ჩატარდეს.
წარმატება ვუსურვოთ ჩვენს სპორტსმენებს.
მანანა ძიძიშვილი