ბათუმი გასტრონომიულ ფესტივალს მასპინძლობდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად, ბათუმში, „გემოფესტზე“ იმყოფებოდა.
მთავრობის წარმომადგენლებმა გასტრონომიული ფესტივალის ფარგლებში მოწყობილი პავილიონები დაათვალიერეს, რომელიც სამეწარმეო სივრცეებთან ერთად, აგროზონას, ღვინის, კულინარიულ და საბავშვო სივრცეებს აერთიანებდა ფესტივალში 20-მდე კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის – აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები.

„გემოფესტი“ ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით 2022 წლიდან იმართება და სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ისე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი კერძები, ასევე მონაწილეობა მიიღონ გასართობ ღონისძიებებში. მთავრობის წარმომადგენლებმა ბათუმის ბულვარის გასწვრივ, სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წინ სარეკრეაციო სივრცე დაათვალიერეს.

„გემოფესტს“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი თორნიკე ფაღავა, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.