ბათუმის დრამატულმა თეატრმა ცხინვალის თეატრს უმასპინძლა
26 ივლისს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის სცენამ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს უმასპინძლა, რომელმაც მაყურებელს აჰმეთ მითჰათ ეფენდის რომანის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „შურისძიება“ წარუდგინა. დადგმის რეჟისორია გოჩა კაპანაძე, მხატვარი – ლომგულ მურუსიძე, ხოლო კოსტიუმების მხატვარი – ქეთევან ციციშვილი.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ: მაკა გელაძე, თამარ გოგიძე, ნიკოლოზ გოგიძე, დალი დოიჯაშვილი, თინათინ კობალაძე, ლელა მახნიაშვილი, ცოტნე მეტონიძე, გიორგი მთავრიშვილი, მამუკა პავლიაშვილი, მევლუდ სამადალაშვილი, მადონა ტეხური, იური ფოფხაძე, ქრისტინე ჩხიკვაძე, ვაჟა ციცილოშვილი და ანა ხურციძე.
ისტორიულ მოვლენებზე დაფუძნებული სპექტაკლი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების, საქართველოს რუსეთის გუბერნიად გამოცხადებისა და სამეფო ოჯახის ტრაგიკული ბედის შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტის ცენტრში მეფე გიორგი XII-ის ქალიშვილი ელენეა, რომელიც ქვეყნისა და სამეფო ოჯახის ღალატისთვის საქართველოს მთავარმართებელ პავლე ციციანოვზე შურისძიებას დაიფიცებს. დადგმა გამოირჩეოდა რეჟისორული ხედვით, სადა სცენოგრაფიითა და იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი შთამბეჭდავი კოსტიუმებით, თუმცა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მსახიობთა არაჩვეულებრივი შესრულება. თითოეულმა საკუთარი პერსონაჟი დიდი პროფესიონალიზმითა და ემოციური სიღრმით გააცოცხლა, რის გამოც სპექტაკლი განსაკუთრებული ინტერესით აღიქმებოდა. სცენაზე განვითარებულმა მოვლენებმა არაერთხელ გამოიწვია ძლიერი თანაგანცდა, ხოლო წარმოდგენის დასრულების შემდეგ დასი ხანგრძლივი და გულთბილი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს. ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გასტროლი საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

– ვფიქრობ, სპექტაკლმა თავისი სათქმელი თქვა. მოგეხსენებათ, საკმაოდ აქტუალური თემაა და სადაც ამ სპექტაკლით ჩავდივართ, ყველგან ზუსტად ისეთი რეაქცია აქვთ, როგორიც დღეს ბათუმელ მაყურებელს ჰქონდა. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს, რომელმაც გასტროლი დააფინანსა. რეგიონებში დავდივართ, ჩვენს ნამუშევარს ვაჩვენებთ და გვიხარია, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს. კარგია, რომ ასეთი გამოხმაურება აქვს არამხოლოდ ჩემს სპექტაკლს, მთელ საქართველოშია ეს „მოძრაობა“ – სპექტკლების რეგიონებში გატანის. მიხარია ისიც, რომ მსგავს თემატიკაზე დაიწყეს რეჟისორებმა სპექტაკლების დადგმა. დღეს, ვფიქრობ, მაყურებელთან კონტაქტი შედგა, სათქმელმა თავისი სევდა და პროტესტი დაბადა, თავისი აქცენტები დაალაგა და შესანიშნავი საღამო გამოვიდა. ამისათვის დიდი მადლობა მაყურებელს, ბათუმის დრამატულ თეატრს, თეატრის დირექტორს – ბატონ კოტე მჟავიას და, რა თქმა უნდა, მსახიობებს. ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის თეატრი 150 წლისაა, იუბილე ახლახან გვქონდა. ვფიქრობ, ჩვენი თეატრი კარგ ფორმაშია და მომავალი სეზონებიც კარგი გვექნება, დიდი მადლობა! – გვითხრა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ.

– გოჩა კაპანაძე სპექტაკლებით ყოველთვის მნიშვნელოვან სათქმელს ამბობს და დღევანდელი სათქმელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხინვალის თეატრის დასისგან. ჩემთვის კიდევ უფრო სასიამოვნო შესასრულებელია მტრის ხატის როლი… ძალიან მადლობელი ვარ ბათუმელი მაყურებლის, უაღრესად სასიამოვნო იყო ჩვენი ემოციების გაცვლა. დიდი მადლობა ბათუმის დრამატულ თეატრს მოწვევისთვის, – გვითრა მსახიობმა ცოტნე მეტონიძემ.

– ბედნიერი ვარ, რომ ბათუმის სცენაზე ვითამაშეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სპექტაკლი, რომელშიც საქართველოს ბედია ასახული. სამწუხაროა, რომ დღესაც იმავე პრობლემის წინაშე ვდგავართ, ისეთივე ტკივილს ვითმენთ, როგორზეც სცენიდან გიამბობთ. ეს არის თითოეული ბათუმელის ტკივილიც, ქართლისაც, სამაჩაბლოსიც, აფხაზეთისაც, მთელი საქართველოსი… მაყურებელმა ძალიან გულთბილად მიიღო სპექტაკლი და პირველ რიგში, მინდა მადლობა სწორედ ბათუმის საოცარ მაყურებელს გადავუხადო. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო აქ თამაში, რადგან ბათუმის დრამატული თეატრი განებივრებულია კარგი მსახიობებით, ხარისხიანი სპექტაკლებით და მართლა გულისფანცქალით ვიდექით კულისებში, ვიდრე სცენაზე გავიდოდით. მიხარია, რომ ზუსტად ის შედეგი მივიღეთ, ის თბილი დახვედრა და დიდი სიყვარული, რასაც ველოდით. ჩვენც ძალისხმევა არ დავაკელით და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სრულყოფილად გვეჩვენებინა ის ტკივილი, რასაც თითოეული ჩვენგანი განვიცდით. ბათუმის დრამატული თეატრის სეზონის დახურვასაც დავესწარი, ჩემი ახლობლები მონაწილეობდნენ და მინდა წარმატება ვუსურვო ყველას. ძალიან ლამაზად დაიხურა სეზონი. მინდა, მომავალშიც ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს, რადგან თეატრი ერთი დიდი ოჯახია და ჩვენ ამ ოჯახის წევრები ვართ. თუ კვლავ იქნება მზაობა და ხელშეწყობა, რომ ხშირად ჩამოვიდეთ აქ, ძალიან ბედნიერები ვიქნებით. უღრმესი მადლობა ბათუმს, ბათუმის თეატრის დასს და ბათუმელ მაყურებელს, – გვითხრა მსახიობმა ლელა მახნიაშვილმა.

– იმდენად ემოციური იყო ყველაფერი, სპექტაკლის დასაწყისში ტირილი რომ დავიწყეთ, მხოლოდ მე არა, ჩემ გარშემო ყველამ, ახლაც ვერ ვიკავებ ცრემლებს. საოცარი სპექტაკლი იყო, მნიშვნელოვან თემებს შეეხო. განსაკუთრებულად მტკივნეული იყო იქიდან გამომდინარე, რომ სპექტაკლს ცხინვალის თეატრი წარმოადგენდა და საქართველოს თავისუფლების დაკარგვაზე გვიყვებოდა. აღფრთოვანებული ვარ მსახიობების ოსტატობით, საოცარი ემოციურობით, რეჟისურით… ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, ვულოცავ ყველას და იმედი მაქვს, რომ ამ სპექტაკლს საქართველოს სხვა რეგიონებშიც აჩვენებენ.
ეს არის სპექტაკლი, რომელიც ძალიან გეხება, – გვითხრა საოპერო მომღერალმა ქეთევან ქემოკლიძემ.