აშშ-ირანის ომი – დიდ გეოპოლიტიკურ ფონზე 
By

აშშ-ირანის ომი – დიდ გეოპოლიტიკურ ფონზე 

ირანთან მიმართებით აშშ-ის უმთავრესი მიზანი  რეჟიმის შეცვლა და ბირთვული იარაღის განადგურებაა, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებები ამას ცხადყოფს, მაგრამ აშშ-მა და ისრაელმა  დასახულ მიზანს ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ სრულიად განადგურებულია ირანის სამხედრო, საზღვაო და საჰაერო ძალები, რომ არაფერი ვთქვათ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. ირანის რეჟიმი მაინც სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ ოფიციალური თეირანი არ თანხმდება ჰორმუზის სრუტის გახსნას აშშ-ის ინტერესების შესაბამისად და დროს წელავს. ამასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები: რას მიაღწიეს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ, რამდენად რეალურია სახმელეთო ოპერაცია, მოჰყვება თუ არა ამ ომს აშშ-ჩინეთის დაპირისპირება? ამ კითხვებზე პასუხი ვთხოვეთ ანალიტიკური ორგანიზაცია Politico EuroPe-ს ანალიტიკოსს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გიორგი ნიჟარაძეს.

იმ ფონზე, რომ ტრამპი ირანისგან უსიტყვო კაპიტულაციას ითხოვდა, დღევანდელი რეალობა რისი თქმის საფუძველს იძლევა?

– დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ მსგავსი მოთხოვნები, განსაკუთრებით, ისეთი ფორმულირებით, როგორიცაა „უსიტყვო კაპიტულაცია“ – უფრო პოლიტიკური სიგნალია, ვიდრე რეალური დიპლომატიური სტრატეგია. ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ეს იყო მცდელობა, რომ მაქსიმალურად მკაფიოდ ეჩვენებინა, სად გადის მისთვის წითელი ხაზები და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ გადაკვეთას, მაგრამ დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ასეთმა მიდგომამ ირანის ქცევა სრულად ვერ შეცვალა. პირიქით, გარკვეულწილად, გააძლიერა მისი წინააღმდეგობის ნარატივი და რეგიონში დაძაბულობაც შეინარჩუნა.

ამიტომ დღეს უფრო ვხედავთ არა კაპიტულაციას, არამედ სტრატეგიულ ბალანსს ზეწოლასა და შეკავებას შორის.

–  ფაქტია,  აშშ-მა ჯერჯერობით ვერც რეჟიმი შეცვალა და ვერც ჰორმუზის სრუტეზე დაამყარა კონტროლი…
– აშშ-ის მხრიდან მოლოდინები და სტრატეგიები არაერთხელ შეიცვალა. თავდაპირველად, აშშ და ისრაელი აქცენტს აკეთებდნენ რეჟიმის ცვლილებასა და შიდა ზეწოლაზე იმ იმედით, რომ მასობრივი საჰაერო იერიშების კვალდაკვალ, საზოგადოებრივი ფაქტორი შექმნიდა გარდამტეხ მომენტს, თუმცა პრაქტიკაში ეს სცენარი ჯერჯერობით არ გამართლდა. ირანის პოლიტიკური სისტემა და სამხედრო ელიტა (რევოლუციის გუშაგთა კორპუსი) აღმოჩნდა უფრო მდგრადი შიდა წნეხის მიმართ, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ამ ეტაპზე გარე ზეწოლამ ვერ გამოიწვია ის მასშტაბური ცვლილება, რაც თავდაპირველი მიზანი გახლდათ.  რაც შეეხება ჰორმუზის სრუტეს, აქ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი – ევროპელი პარტნიორების შეზღუდული ჩართულობა, განსაკუთრებით კი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის. ევროპა არ იყო მზად იმ დონეზე ჩართვისთვის, რაც საჭირო იქნებოდა სრულმასშტაბიანი კონტროლის დასამყარებლად, განსაკუთრებით, ენერგეტიკული და უსაფრთხოების რისკების გამო. შედეგი, რაც მივიღეთ, არის ნაწილობრივი კონტროლი და გავლენა, მაგრამ არა სრული დომინაცია.

–  აშშ-ის პრეზიდენტმა ამასწინათ განაცხადა, რომ ირანს რამდენიმე დღეს აძლევს შიდა უთანხმოების მოსაგვარებლად და მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად, ამ მხრივ მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით?

– საერთაშორისო დიპლომატიაში საჯარო განცხადებები, განსაკუთრებით კი აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მხრიდან, საკმაოდ სპეციფიკური და არაერთგვაროვანია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „დროის გაწელვის“ ტაქტიკა სამხედრო რესურსების მეტად მობილიზებასა და დიპლომატიური სივრცის შენარჩუნებას ერთდროულად ემსახურება. ამ ტიპის განცხადებები ხშირად მუშაობს როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი – ერთის მხრივ, ზრდის ფსიქოლოგიურ წნეხს მოწინააღმდეგეზე, ხოლო მეორეს მხრივ, ტოვებს სივრცეს მოლაპარაკებისთვის. რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, არ გამოვრიცხავ, რომ სიტუაცია გადავიდეს შეზღუდული სამხედრო მოქმედებების ეტაპზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ჩათვლის, რომ საფრთხე იზრდება და დრო მის წინააღმდეგ მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა, ვიხილოთ ლოკალური ოპერაციები, რაც ფართო ესკალაციის რისკს ავტომატურად გაზრდის.

რამდენად რეალურია, აშშ-მა ახალი მასირებული სამხედრო იერიშები განახორციელოს ირანის წინააღმდეგ და ამ მხრივ,  სახმელეთო ინტერვენცია რამდენად რეალურია თუნდაც ჰორმუზის სრუტის დასაკავებლად?

– კონფლიქტის ამ ეტაპზე, ჰორმუზის სრუტის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ აშშ-ირანის, არამედ საერთაშორისო ვაჭრობის უზრუნველყოფისა და უსაფრთხო გადაადგილების კუთხით. შესაბამისად, თუკი სრუტეზე რაიმე ტიპის შეთანხმება ვერ შედგება, აშშ-ის ახალი საჰაერო იერიშები ირანის წინააღმდეგ საკმაოდ რეალურია, ამჯერად კი მეტად მასშტაბურ ჭრილში. ამ შემთხვევაში, მთავარი სამიზნე იქნება ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა – ნავთობის ექსპორტის ჰაბები, ტერმინალები და გადამამუშავებელი ობიექტები, რაც პირდაპირ დაარტყამს ქვეყნის ეკონომიკას და ზეწოლას სწრაფად გაზრდის. რაც შეეხება სახმელეთო კომპონენტს, აშშ-ს უკვე ჰყავს რეგიონში განლაგებული ქვედანაყოფები –  მათ შორის სწრაფი რეაგირების ძალები და საზღვაო ქვეითები, თუმცა ამ ეტაპზე, მათი როლი უფრო დაცვის, შეკავებისა და ოპერაციების მხარდაჭერაა, ვიდრე ფართო სახმელეთო ინტერვენციის დაწყება.

–  ამ ომით რა სარგებელი ნახა ჩინეთმა და რუსეთმა?

– აშშ-ის წარმოებული ომით, ახლო აღმოსავლეთში, ჩინეთისა და რუსეთის სარგებელი შეგვიძლია შემდეგნაირად შევაფასოთ: პირველ რიგში, შექმნილი კრიზისი დასავლეთის ყურადღებისა და  რესურსების დივერსიფიკაციას ახდენს, რაც მოსკოვს აძლევს დამატებითი მანევრის შესაძლებლობას სხვა მიმართულებებზე, განსაკუთრებით უკრაინის კონტექსტში. მეორე მხრივ, ენერგეტიკულ ბაზრებზე გაზრდილი დაძაბულობა ქმნის გარემოს, სადაც რუსეთი სარგებლობს ნავთობის ფასების ზრდით. შეგვიძლია, გავიხსენოთ ომის პირველი თვე, როცა რუსეთს ნავთობზე სანქციები მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდა, ოღონდ ამ ყველაფერს დროებითი ხასიათი ჰქონდა, ჩინეთის შემთხვევაში კი სურათი არაერთგვაროვანია: ერთის მხრივ, ენერგეტიკულ ბაზრებზე არასტაბილურობა აძლევს შესაძლებლობას, რომ გარკვეულ შემთხვევაში მიიღოს რესურსები უფრო მოქნილ პირობებში და პარალელურად ისარგებლოს იმით, რომ აშშ-ის ყურადღება ნაწილდება სხვა რეგიონებზე; თუმცა, ამასთანავე, ჩინეთი არის მთავარი იმპორტიორი და გლობალურ ვაჭრობაზე დამოკიდებული ეკონომიკა, ამიტომ ჰორმუზის სრუტეში ნებისმიერი დაძაბულობა პირდაპირ ზრდის მისთვის ხარჯებს და რისკებს. ამასთან, ორივე ქვეყანა იყენებს მსგავს კრიზისებს, რათა გააძლიეროს ნარატივი, რომ გლობალური წესრიგი უფრო მრავალპოლარული ხდება და დასავლეთის გავლენა აღარ არის ერთპიროვნული.

–  ეს კონფლიქტი უნდა დავინახოთ ამერიკულ-ჩინური დაპირისპირების ჭრილში?

– ჩემი აზრით, ეს კონფლიქტი პირდაპირ ამერიკულ-ჩინურ დაპირისპირებად არ უნდა განვიხილოთ, თუმცა იგი აშკარად ჯდება უფრო ფართო გეოპოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში. აშშ და ჩინეთი დღეს ერთმანეთის მთავარი სისტემური კონკურენტები არიან და მსგავსი რეგიონული კრიზისები, ხშირად, გავლენას ახდენს ამ კონკურენციის დინამიკაზე – განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ენერგეტიკულ მარშრუტებსა და გლობალურ ვაჭრობას, თუმცა მნიშვნელოვანია, გავმიჯნოთ: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობა არ არის ჩინეთის მიერ მართული ან მის მიერ ინიცირებული პროცესი. პეკინი უფრო სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს, რადგან რეგიონი კრიტიკულია მისი ეკონომიკური ინტერესებისთვის. ამიტომ, უფრო სწორი იქნება, ვთქვათ, რომ ეს კონფლიქტი რეგიონული კრიზისია გლობალური გავლენით, რომელიც ირიბად აისახება აშშ-ჩინეთის კონკურენციაზე, მაგრამ არ წარმოადგენს მის პირდაპირ ფრონტს, ვინაიდან პეკინი უფრო დაინტერესებულია მსოფლიო ეკონომიკური სტაბილურობით, ვიდრე ესკალაციით.

–  ირანის გარშემო განვითარებული მოვლენები ახალი საერთაშორისო წესრიგის ფორმირების პროცესის ნაწილად განიხილება?

– რეალურად, ახლო აღმოსავლეთი ყოველთვის იყო გლობალური გეოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი, განსაკუთრებით, აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის, როგორიც გახლდათ თავის დროზე ჯორჯ ბუშ უმცროსის ერაყის სპეცოპერაცია, ბარაკ ობამას მიერ რეგიონული პოლიტიკის გადახედვა და ა.შ. დასავლური ინტერესები რეგიონში ათწლეულებს ითვლის, იქნება ეს სამხედრო, ეკონომიკური თუ პოლიტიკური, თუმცა გარდამტეხი მომენტი სწორედ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდა –  საერთაშორისო ურთიერთობებში პოლიტიკური რეალიზმი დაბრუნდა და ამერიკის საგარეო პოლიტიკა ბევრად აქტიური გახდა. უკვე აშკარაა, რომ ვაშინგტონი უფრო პირდაპირ გადადის სამხედრო კამპანიებზე და ძალის დემონსტრაციაზე საგარეო პოლიტიკაში. პარალელურად იზრდება სამხედრო ბიუჯეტიც და აქცენტი გადადის არა მხოლოდ შეკავებაზე, არამედ აქტიურ ზეწოლასა და ოპერაციებზე.

– ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით რუსეთ-უკრაინის ომს, ამ მხრივ ომის რა ფაზაა და ინიციატივა ვის ეკუთვნის?

ამ ეტაპზე კონფლიქტი შევიდა გახანგრძლივებულ, გამოფიტვის ფაზაში, სადაც სწრაფი გარდატეხა არცერთ მხარეს არ ჩანს. რუსეთი, უახლოეს პერიოდში, განიხილავს მობილიზაციის მასშტაბის გაფართოებას, რაც მიუთითებს, რომ მოსკოვი ემზადება ომის კიდევ უფრო გაჭიანურებისთვის და ცოცხალი ძალის კომპონენტის გაძლიერებაზე აკეთებს აქცენტს.  პარალელურად, უკრაინა  გრძელვადიან სამხედრო პოტენციალზე დებს ფსონს. ევროკავშირის მხრიდან აწ უკვე დამტკიცებული 90 მილიარდის მასშტაბის მხარდაჭერა მომდევნო წლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება როგორც თავდაცვის, ისე სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ევროპაში ისეთი ფიგურების გავლენა, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერას აფერხებდნენ, ეტაპობრივად სუსტდება, რაც ზრდის დასავლური კონსენსუსის სიმყარეს. მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ფაქტორიც: ნეპტუნის ტიპის სისტემების განვითარება, რაც ზრდის მის შესაძლებლობას, დაარტყას უფრო ღრმა სტრატეგიულ სამიზნეებს, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ამავდროულად, რუსეთიც აგრძელებს საკუთარი სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებას და ინტენსიურად იყენებს შორსმსროლელ იარაღსა და დრონებს, რაც აძლევს საშუალებას, შეინარჩუნოს ზეწოლა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და უკანა ხაზებზე.

– დაბოლოს, რა გავლენა ექნება რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებს ევროპაზე და, კერძოდ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე?

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები ევროპისთვის, პირველ რიგში, უსაფრთხოების არქიტექტურის გადახედვაა – უკვე ვხედავთ, რომ ევროპა აქტიურად ზრდის სამხედრო შესაძლებლობებს და ნაკლებად არის დამოკიდებული მხოლოდ კოლექტიურ გარანტიებზე. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევა გერმანია, რომელიც აშკარა პროგრესს განიცდის სამხედრო ინდუსტრიის კუთხით.  პარალელურად, ევროპა აგრძელებს ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებას რუსეთზე და გადადის ალტერნატიულ წყაროებზე, რაც უკვე ცვლის ეკონომიკურ პრიორიტეტებს და ზრდის ხარჯებს მოკლევადიან პერიოდში. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს, აქ გავლენა კიდევ უფრო მკვეთრი იქნება. ეს ომი, ფაქტობრივად, გახდა სიგნალი, რომ რეგიონში ძალთა ბალანსი გადახედვის პროცესშია. განსაკუთრებით, ეს ეხება აღმოსავლეთ ევროპას, სადაც უსაფრთხოების საკითხი უკვე ცენტრალურ თემად იქცა და ქვეყნები სწრაფად აძლიერებენ როგორც სამხედრო შესაძლებლობებს, ისე დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციას.  სწორედ ამ კონტექსტში, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები დღეს უკვე აღიქმება, როგორც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. მაგალითად, ესტონეთში უკვე აქტიურად მუშავდება სხვადასხვა სცენარი რუსეთთან პოტენციური სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რეგიონი სერიოზულად აღიქვამს უსაფრთხოების რისკებს და პრაქტიკულადაც ემზადება.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • აპრილი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *