აშშ-ირანის დაპირისპირება მწვავდება
By

აშშ-ირანის დაპირისპირება მწვავდება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  ირანზე „თავდაცვითი დარტყმების“ ახალი ტალღა განახორციელა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით, ირანის ტერიტორიაზე რამდენიმე სამიზნეზე დამატებითი სამხედრო ოპერაცია ჩატარდა.
„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა დღეს, უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით, ირანში რამდენიმე სამიზნეზე დამატებითი თავდაცვითი დარტყმები დაიწყეს. დარტყმები ირანის დაუსაბუთებელი და განგრძობითი აგრესიის საპასუხოდ განხორციელდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცენტრალური სარდლობის ცნობით, დარტყმების უახლესი ტალღის სამიზნე ირანის სამხედრო სათვალთვალო შესაძლებლობები, საკომუნიკაციო სისტემები და საჰაერო თავდაცვის ობიექტები იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მომხდარს ირანი მკაცრი განცხადებით გამოეხმაურა. ირანულმა სააგენტომ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანა ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში, „ძლიერ პასუხს“ გასცემს.
ამ ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ოფიციალური პირები მას პირადად დაუკავშირდნენ და შეტევების შეწყვეტა სთხოვეს. „ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, ტრამპის თქმით, სამხედრო ოპერაციები შესაძლოა მალე შეჩერდეს, თუმცა თუ ვაშინგტონი და თეირანი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, თავდასხმები კვლავ გაგრძელდება.
ტრამპის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ირანის მიმართულებით „ტომაჰავკის“ ტიპის 49 რაკეტა გაუშვეს. მისივე შეფასებით, ირანთან დაკავშირებული მოვლენები „ისტორიაში ყველაზე მეტად დარღვეული ცეცხლის შეწყვეტაა“.
დაძაბულობა განსაკუთრებით გაიზარდა ჰორმუზის სრუტის გარშემო. „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ სრუტე ყველა გემისთვის, მათ შორის, ნავთობტანკერებისა და კომერციული გემებისთვის, დახურულია.
„სრუტეში შესვლის მცდელობისას, ნებისმიერი გემი თავდასხმის სამიზნე გახდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა უარყოფს და აცხადებს, რომ კომერციული გემები ჰორმუზის სრუტეში მოძრაობას კვლავ განაგრძობენ.
ჰორმუზის სრუტის საკითხზე კიდევ უფრო მკაცრი განცხადება გააკეთა „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო ძალების მეთაურმა სეიედ მაჯიდ მუსავიმ.
„ჰორმუზის წმინდა სრუტეს დაუცველს ხდით? ირანის მხრიდან რეგიონს ჯოჯოხეთად გიქცევთ“, – განაცხადა მუსავიმ.
ამავდროულად, ირანმა ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე საპასუხო იერიშები მიიტანა. „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ცნობით, თავდასხმის სამიზნე 18 მნიშვნელოვანი ობიექტი გახდა, მათ შორის, საავიაციო ბაზები ბაჰრეინში, ქუვეითსა და იორდანიაში.
ირანული მხარე ამტკიცებს, რომ იორდანიაში მდებარე სამხედრო ბაზაზე „ობიექტები და საბრძოლო თვითმფრინავები განადგურდა“.
უსაფრთხოების ზომები მიიღეს რეგიონის ქვეყნებმაც. ბაჰრეინში გამაფრთხილებელი სირენები ორჯერ ჩაირთო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. დროებით დაიხურა ქუვეითის საჰაერო სივრცეც.
პარალელურად, ირანული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის დარტყმების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
ვითარება რეგიონში კვლავ უკიდურესად დაძაბულია. ვაშინგტონი აცხადებს, რომ მოქმედებს თავდაცვითი მიზნებით, ხოლო თეირანი საპასუხო ნაბიჯების გაგრძელებით იმუქრება, რაც ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ესკალაციის საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.

  • No Comments
  • ივნისი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *