ანდრეი სიბიგა: Coca-Cola-ს ობიექტზე რუსეთის დარტყმა იზოლირებული შემთხვევა არ ყოფილა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ კიევში „კოკა-კოლას“ ობიექტზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმა შემთხვევითი ან იზოლირებული ინციდენტი არ ყოფილა. მისი შეფასებით, თავდასხმა ამერიკული ბიზნესინტერესების წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ ქმედებას წარმოადგენს და რუსეთის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია.
„ეს კიდევ ერთი განზრახ თავდასხმაა ამერიკულ ბიზნესინტერესებზე და რუსეთის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის ეკონომიკის დაზიანებას და ამერიკული კომპანიების საერთაშორისო ბაზრებიდან განდევნას“, – აცხადებს სიბიგა.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაა საჭირო და ამ მიზნით აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას შესაბამისი კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდებს.
„მხოლოდ ძალა დააყენებს მოსკოვს თავის ადგილზე. ამ თვალსაზრისით, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, მიიღოს კანონი რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ“, – აცხადებს სიბიგა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა დრონებმა ხუთშაბათს, უკრაინის დედაქალაქ კიევის მახლობლად, „კოკა-კოლას“ ახალი ქარხანა დააზიანეს. „Coca-Cola“-მ დაადასტურა, რომ ობიექტი დრონით თავდასხმის შედეგად დაზიანდა და აღნიშნა, რომ თანამშრომლები არ დაშავებულან.