ამირან ხიმშიაშვილი: პატარა სკოლიდანაც შესაძლებელია დიდი იდეების დაწყება
შუახევის მუნიციპალიტეტის დაბაძველის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ამირან ხიმშიაშვილი ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს პირველი გამარჯვებულია. ვულოცავთ ახალგაზრდა მასწავლებელს ამ წარმატებას. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
– ბატონო ამირან, პირველ რიგში ამ ჯილდოს არსსა და დანიშნულებაზე გვიამბეთ?
– ეს ჯილდო შარშან, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ ინიციატივითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით დაარსდა. მისი მიზანია სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერება, სწავლების ხარისხის ამაღლება ინოვაციური მიდგომების გამოყენებით და იმ მასწავლებლების გამოვლენა და აღიარება, რომლებიც მოსწავლეებსა და სასკოლო საზოგადოებაში ფინანსური განათლების პოპულარიზაციაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ. ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო ჩემთვის მხოლოდ კონკურსში გამარჯვება და ფულადი პრიზი არ არის. ეს არის იმ შრომის აღიარება, რომელსაც მასწავლებლები ყოველდღიურად ეწევიან იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ფინანსურ სამყაროში სწორად ორიენტირება შეძლონ. ფინანსური განათლება დღეს აღარ არის მხოლოდ იმის ცოდნა, როგორ დავზოგოთ ფული. ეს არის პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღება, რისკების შეფასება, საკუთარი უფლებებისა და შესაძლებლობების ცოდნა და მომავალზე ფიქრი. ამ ჯილდოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩემთვის იმითაც აქვს, რომ წარმოვადგენ მთიან აჭარას, ვასწავლი მცირეკონტინგენტიან სკოლაში და მინდა, ამ წარმატებამ აჩვენოს მოსწავლეებს, რომ შესაძლებლობების შექმნა ყველგან შეიძლება, მთავარია იდეა, შრომა და საქმის სიყვარული.
– გზა, რომელიც ჯილდოს მოპოვებამდე გამოიარეთ?
– ეს აღიარება ერთ დღეში არ მოსულა. პროექტზე მუშაობისას ბევრი ვიფიქრეთ, როგორ შეიძლებოდა ფინანსური განათლება მოსწავლეებისთვის საინტერესო და ცოცხალი გაგვეხადა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ბავშვებს მარტო თეორიული ინფორმაცია არ მიეღოთ. მათ უნდა ემსჯელათ, ეთამაშათ, გამოეკვლიათ, ემუშავათ რეალურ სიტუაციებზე და თავად მიეღოთ გადაწყვეტილებები. საბოლოოდ, კონკურსზე წარდგენილი გამოცდილება სწორედ ამ მრავალფეროვანმა მიდგომამ და, რაც მთავარია, მოსწავლეების ჩართულობამ გააერთიანა.
– ეროვნული ჯილდო – 5 ათასი ლარი, პირველ რიგში, რას მოხმარდება?
– ამაზე არ მიფიქრია ჯერ, ვეცდები პროფესიული განვითარებისთვის გამოვიყენო.

– რა მეთოდებსა და ხერხებს იყენებთ გაკვეთილებზე ფინანსური განათლების სწავლებისას?
– სწავლებისას ვიყენებ სხვადასხვა მეთოდს, როლურ თამაშებს, სიტუაციებს, ფინანსურ ონლაინ მისიებს. თუმცა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ფინანსური განათლების საკითხების შესწავლა ქართული კინემატოგრაფიის ჩართულობით, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ჩართულობასა და სწავლის ეფექტიანობას. ფილმების ფინანსური განათლების ჭრილში განხილვამ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, თეორიული ცოდნა რეალურ თუ მხატვრულ სიტუაციებთან დაეკავშირებინათ და ფინანსური ცნებები მათთვის უფრო გასაგები და პრაქტიკულად მნიშვნელოვანი გამხდარიყო. მოვიშველიებ ყველასათვის საყვარელ ფილმს „შერეკილები“, სადაც რიზანა ბრეგვაძის უეცარი გარდაცვალების ეპიზოდი სიცოცხლის დაზღვევის გააზრების კარგი მაგალითია, თუ როგორ დაეხმარებოდა დაზღვევის დოკუმენტის ქონა ერთაოზს, გაესტუმრებინა ვალები. მეზობელი ისიდორეს ფინანსური რჩევების მაგალითზე, მოსწავლეები სწავლობენ მცირე რესურსების ეტაპობრივი ზრდის შესაძლებლობებს. ხუტა ოდიშელიძისა და ნოშრევან კუჭუხიძის ეპიზოდის განხილვა, კონკურენციისა და კონკურენტული უპირატესობის მაგალითია – როგორ ცდილობდნენ მარგარიტას გულის მოგებას. აღსანიშნავია მარგარიტას მიერ რისკებისგან დაცვის სტრატეგიები, ბუხრისა და „ფიცის“ ეპიზოდების საფუძველზე (წმინდა პორფირეს ხატზე დაფიცება-მარგარიტას სტრატეგია მოსალოდნელი რისკისგან დასაცავად). ქრისტეფორესა და ერთაოზის ციხიდან გაქცევის გეგმა, როგორც რისკიანი გადაწყვეტილების მაგალითი, ხოლო ცათამფრენის აგების ეპიზოდი, როგორც ინოვაციისა და ინვესტიციასთან დაკავშირებული რისკები. ასევე, მოვიშველიებ რეჟისორ ირაკლი კვირიკაძის ფილმს „ქვევრი“. ფილმის ნახვის შემდეგ გავმართე დისკუსია, რომლის დროსაც მოსწავლეებმა ფინანსური და სამართლებრივი პერსპექტივიდან გააანალიზეს ფილმში წარმოდგენილი მოვლენები. განიხილეს პროფესიული შეცდომის შედეგები, მომხმარებლისთვის მიყენებული მატერიალური ზარალი, ზარალის შეფასების საკითხები, გაუთვალისწინებელი ხარჯები და პასუხისმგებლობის განაწილება კითხვაზე – „ვინ აანაზღაურებს ზარალს“? დისკუსიის შემდეგ მოსწავლეებმა ჯგუფურად შეიმუშავეს სადაზღვევო პაკეტი ფილმის გმირ-გოგიასთვის. აღნიშნული აქტივობის საშუალებით, ისინი გაეცნენ და შეისწავლეს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის არსი და მნიშვნელობა, როგორც მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის ერთ-ერთი ფორმა. მოსწავლეებმა იმსჯელეს იმაზე, თუ რა რისკებისგან დაიცავდა დაზღვეულ პირს მსგავსი ტიპის სადაზღვევო პაკეტი, რა პირობები შეიძლებოდა ყოფილიყო გათვალისწინებული და როგორ შეუწყობდა ხელს დაზღვევა ფინანსური ზარალის შემცირებასა და დაზარალებული მხარის ინტერესების დაცვას.
– ფინანსურ განათლებას საქართველოს ისტორიას როგორ უთავსებთ?
– ეს ერთ- ერთი მიმართულებაა, რომელიც განსაკუთრებით მომწონს. ჩემი აზრით, ფინანსური განათლების სწავლა ეროვნულ კონტექსტშიც შეიძლება. ქართული კინოსა და ლიტერატურის პერსონაჟებში ხშირად ვხვდებით ისეთ საკითხებს, რომლებიც დღეს ფინანსური განათლების თემებად შეიძლება ვაქციოთ-დაზოგვას, ვალს, ქონებას, ვაჭრობას, შრომის ფასს, რისკს, პასუხისმგებლობასა და ფინანსურ არჩევანს. ამიტომაც შევეცადე, მოსწავლეებისთვის ქართული კინო ერთგვარ ფინანსურ ლაბორატორიად მექცია. როცა მოსწავლე ნაცნობ ქართულ პერსონაჟში ფინანსურ პრობლემას ამოიცნობს, თემა მისთვის უფრო ახლობელი და დასამახსოვრებელი ხდება.
– მალე პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრებით. . .
– ეს ჩემთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროფესიული შესაძლებლობაა საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად. განსაკუთრებით საინტერესოა სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო გარემოს გაცნობა, კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება და იმ იდეების წამოღება, რომელიც შემდგომში ჩემს მოსწავლეებთან და ადგილობრივ საგანმანათლებლო სივრცეში შეიძლება გამოვიყენო. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთით მადლობას გადავუხდი აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის მასწავლებელთა სახლს, რომლებიც მასწავლებლებს გვთავაზობენ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს.

– საზოგადოება წარმატებულ ახალგაზრდად და შუახეველი ახალგაზრდების დიდ ქომაგად გიცნობთ.
– ახალგაზრდებთან მუშაობა ჩემთვის მხოლოდ პროფესიული საქმიანობა არ არის. როდესაც ხედავ, რომ ახალგაზრდას აქვს იდეა, მაგრამ არ აქვს საკმარისი შესაძლებლობა ან მხარდაჭერა, ბუნებრივად გიჩნდება სურვილი, დაეხმარო. შუახევში ახალგაზრდებს მრავალი შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება. ჩემი სურვილია, ახალგაზრდებმა საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაში თავი არა უბრალოდ მონაწილეებად, არამედ ცვლილებების ინიციატორებად იგრძნონ.
– რამდენად ხართ ტრადიციების ერთგული?
– თითოეული წარმატების უკან დგას ჩემი ოჯახი და ბუნებრივია, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ტრადიციების შენარჩუნებას, გადაცემას და ზრუნვას უკეთესი მომავლის შესაქმნელად.
– ქართველი მწერლებიდან ვის გამოყოფდით?
– აღვნიშნავ, რომ ილია ჭავჭავაძის როლი ფინანსური განათლების კუთხითაც ძალიან დიდია. ის თბილისის სათავადაზნაურო – საადგილმამულო ბანკის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი მმართველი იყო. როგორც ილია ამბობს: „ვისაც ჩვენი ქვეყანა გულწრფელად უყვარს და ჩვენთვის კეთილი არ შურს, ის დიდის სიფრთხილით, დიდის მოსაზრებით უნდა ეკიდებოდეს ყოველს საგანს, ყოველს აზრს ბანკის შესახებ“. საქართველოს ისტორიაში მრავალი პიროვნებაა, რომლისგანაც მნიშვნელოვანის სწავლა შეიძლება. თუმცა ჩემთვის განსაკუთრებულია იაკობ გოგებაშვილი. მისი დამოკიდებულება განათლებისადმი ჩემთვის განსაკუთრებით ახლობელია. მან ძალიან კარგად დაინახა, რომ ქვეყნის მომავალი განათლებასთან იყო დაკავშირებული. დღესაც იგივე რეალობის წინაშე ვდგავართ, თუ გვინდა ძლიერი საზოგადოება, უნდა გვყავდეს განათლებული, პასუხისმგებლიანი და აქტიური მოქალაქეები.
– დგება დრო, რომ წიგნიც გამოსცეთ.
– ამაზე ვფიქრობ. თუ წიგნამდე მივალ, მინდა, ის მხოლოდ ჩემი ისტორია არ იყოს – მსურს პრაქტიკული გამოცდილება გავუზიარო სხვა მასწავლებლებს როგორ შეიძლება ფინანსური განათლების სწავლა გახდეს საინტერესო, სახალისო და თანამედროვე, როგორ შეიძლება ქართული კინო, ტექნოლოგიები, თამაშები და პროექტული სწავლება ერთ საგანმანათლებლო პროცესში გაერთიანდეს. თუ ეს წიგნი ერთ მასწავლებელს – მაინც დაეხმარება, რომ ბავშვს ფინანსური გადაწყვეტილებების სწორად მიღება ასწავლოს, ვფიქრობ, მისი გამოცემის არსიც ეს იქნება.
– ქართულ ენაში ბარბარიზმების დამკვიდრებაზე რას ვფიქრობთ?
– ენა უნდა ვითარდებოდეს, თუმცა როცა ქართულ ენაში უკვე გვაქვს კარგი და მორგებული სიტყვა, მისი ჩანაცვლება უცხოური სიტყვით მხოლოდ იმიტომ, რომ ის „თანამედროვეა“, არ მიმაჩნია სწორად. ჩვენი ვალია, ვიყოთ თანამედროვე, ტექნოლოგიური და გლობალური სამყაროს ნაწილი და ამავე დროს, ძალიან კარგად ვიცოდეთ და დავიცვათ ქართული ენა.
– დაბოლოს, როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?
– ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, გამარჯვების შემდეგ ტემპი არ დავაგდო. მინდა, გავაგრძელო ფინანსური განათლების მიმართულებით მუშაობა, შევქმნა ახალი საგანმანათლებლო რესურსები და მიღებული გამოცდილება სხვა მასწავლებლებსაც გავუზიარო. პოლონეთში მიღებული გამოცდილებაც მინდა ჩემს საქმიანობაში გადმოვიტანო. და, ალბათ, ყველაზე მთავარი, მინდა, ჩემმა მოსწავლეებმა იგრძნონ, რომ პატარა სკოლიდანაც შესაძლებელია დიდი იდეების დაწყება.
ოთარ ცინარიძე