თენგიზ შარმანაშვილი: USAID-ის დოკუმენტები ადასტურებს, რომ სააგენტოს სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტად იყენებდნენ
თეთრი სახლის მიერ გასაჯაროებული USAID-ის 2019–2024 წლების შიდა დოკუმენტების მიხედვით, საქართველოში სააგენტო აქტიურად აფინანსებდა მედიისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით სხვადასხვა პროგრამას. დოკუმენტებში საუბარია 17.5 მილიონი დოლარის ჯამური ბიუჯეტის მქონე ორ მსხვილ პროექტზე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, სოციალური ქსელების მონიტორინგზე, საინფორმაციო კამპანიებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებთან პარტნიორობაზე. ანგარიშებში ასევე აღწერილია USAID-სა და საქართველოს ხელისუფლებას შორის 2023–2024 წლებში გამწვავებული ურთიერთობები.
გასაჯაროებულ დოკუმენტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, დოკუმენტებში ახალი ინფორმაცია არ არის და ისინი მხოლოდ იმ ბრალდებების დამადასტურებელ მტკიცებულებებს შეიცავს, რომლებზეც ხელისუფლება აქამდეც საუბრობდა.
„გახსოვთ, რა თქვა ამერიკის ადმინისტრაციამ, როდესაც USAID-ი გააუქმა? განაცხადეს, რომ ეს ორგანიზაცია იყო იარაღი, რომლის საშუალებითაც „დიფ სთეითი“ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ერეოდა, პროცესებს აფინანსებდა და ხელისუფლების შეცვლას ცდილობდა.
ამ ყველაფერს გაცილებით ადრე ვამბობდით და ამას მაშინ ქილიკით ხვდებოდნენ. ზოგიერთი ამბობდა, როგორ შეიძლებოდა, USAID-ი ასეთი საქმიანობისთვის გამოყენებულიყო, მაგრამ ეს ორგანიზაცია შემდეგ გააუქმეს. ამერიკის ადმინისტრაცია განმარტავდა, რომ ეს ორგანიზაცია იარაღი იყო, რათა სხვა ქვეყნებში თავისი მოსაწონი ხელისუფლება მოეყვანათ და მაშინ, ბევრ შემთხვევაში, ეს ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო იყო. ანუ, ასეთი ტიპის ცვლილებები „დიფ სთეითს“ კი აწყობდა, მაგრამ როგორც ამერიკის ადმინისტრაცია ამბობს, ამერიკას არ აწყობდა და ეს მავნე პრაქტიკა იყო.
ამერიკის შიდა მოვლენებს თუ დაუკვირდებით, ნახავთ, რომ ყველა ის მიმართულება, რომელიც ახალ ადმინისტრაციას უნდოდა, ვერ განახორციელა. რატომ? – იმიტომ, რომ ის ძალები არსად წასულან, მათი პოლიტიკური მფარველებიც არსად წასულან, საკმაოდ ძლიერები არიან და „დიფ სთეითის“ პრობლემების დაძლევა ბოლომდე თავადაც ვერ მოახერხეს. რამდენი წამოწყება ჰქონდა დონალდ ტრამპს, თუნდაც საშინაო საქმეებში, რომელიც არ განახორციელებინეს. ამიტომ ასეთ ვითარებაში არ მიკვირს, რომ საქართველოსთან მიმართებით რაღაც ნაბიჯები ჯერ ასე აქტიურად ვერ გადადგეს, რადგან ეს ბრძოლა შიგნითაც მიმდინარეობს და ეს არ იმალება, ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობს ტრამპიც“, – განაცხადა შარმანაშვილმა.