„მერი პოპინსი ბრუნდება!“ – საშობაო პრემიერა და ახალი გეგმები ბათუმის მარიონეტების თეატრში
By

„მერი პოპინსი ბრუნდება!“ – საშობაო პრემიერა და ახალი გეგმები ბათუმის მარიონეტების თეატრში

ბათუმის მარიონეტების თეატრი მაყურებელს საახალწლოდ ახალ მუსიკალურ სპექტაკლს „მერი პოპინსი ბრუნდება!“ წარუდგენს. პამელა ტრევერსის ცნობილი ნაწარმოების ახლებური სცენური ინტერპრეტაცია ჯადოსნურ თავგადასავალს, მუსიკას, უჩვეულო თოჯინებსა და მნიშვნელოვან სათქმელს გააერთიანებს. გაზეთ „აჭარის“ სტუმარია ბათუმის მარიონეტების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სპექტაკლის რეჟისორი გიორგი ჩხაიძე, რომელიც ახალ სპექტაკლზე, შემოქმედებითი გუნდის მუშაობაზე, თეატრის განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.

– რატომ შეაჩერეთ არჩევანი პამელა ტრევერსის ცნობილ ნაწარმოებზე და რა იყო თქვენი მთავარი შემოქმედებითი ჩანაფიქრი ამ ისტორიის სცენაზე გადმოტანისას?

– ბათუმის მარიონეტების თეატრი წელს პირველად ამზადებს საახალწლო სპექტაკლს. შემოქმედებით გუნდში ყველას ძალიან გვიყვარს პამელა ტრევერსის ნაწარმოები „მერი პოპინსი“. ეს არის ჯადოსნური, სათავგადასავლო, დახვეწილი და გემოვნებიანი ნაწარმოები, რომელზეც მუშაობა მე, როგორც რეჟისორს, მეორედ მიწევს, ასევე, გუნდის რამდენიმე მსახიობსაც. თუმცა, ამჯერად, გვინდოდა, თოჯინებით მოგვეყოლა რთული დრამატული ნაწარმოები მაყურებლისთვის, ბავშვისთვის. ვფიქრობ, სპექტაკლი საოცრად ლამაზი გამოვიდა და წინასაახალწლო ატმოსფეროსაც ქმნის როგორც პატარებისთვის, ასევე, დიდებისთვის. ჩემთვის კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, „მერი პოპინსი“ გამოწვევა და დიდი შესვენების შემდეგ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების დაბრუნებაა. მინდა ვუთხრა ყველას, რომ სჯეროდეთ თავიანთი ოცნებების და თუკი მეგობრები გვერდით არიან, აუცილებლად გაიმარჯვებენ. ეს არის სპექტაკლი, სადაც ყველას უწევს საკუთარი შემოქმედებითი უნარების გამოვლენა, იქნება ეს მუსიკალური მხარე, კოსტიუმები, მხატვრობა, სამსახიობო ოსტატობა, რეჟისურა თუ… ცოტა ჯადოქრობაც. ანსამბლურობაც სწორედ ეს. ჩვენ ბავშვებს, და არა მარტო მათ, ვჩუქნით დიდი შრომით დადგმულ საოცარ სპექტაკლს მეგობრობაზე.

– რა სიახლეს შესთავაზებს წარმოდგენა მაყურებელს მარიონეტების თეატრის ტრადიციული ფორმებისგან განსხვავებით?

– ჩვენ უკვე მეორედ ვდგამთ მარიონეტულ სპექტაკლს. წინა სპექტაკლი თეატრისთვის გამოწვევა იყო, რადგან მსახიობები სცენიდან სამი მეტრის სიმაღლეზე, ასევე, სამი მეტრის თოკებიანი თოჯინებით აცოცხლებდნენ გმირებს. ეს იყო ძალიან შრომატევადი. ახლა ყველაფერი ნელ-ნელა დაიხვეწა და უფრო სანახაობრივი გახდა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენთან მოსული მაყურებელი საერთოდ ვერ ხედავს მსახიობს და ბოლომდე იძირება ზღაპრულ სამყაროში. ამან მოგვცა საშუალება, რომ სპექტაკლი ერთდროულად ჰგავდეს ანიმაციურ ფილმს და მოჯადოებულ სივრცეს, სადაც თოჯინები თავისით გადაადგილდებიან. ეს ძალიან მოქმედებს მაყურებელზე. ხშირად პატარებს სცენაზე შევარდნის სურვილი უჩნდებათ, რათა იხილონ, თუ როგორ გადაადგილდებიან თოჯინები. დიდი თუ პატარა მიჯაჭვული უყურებს სანახაობას. ამან შემოქმედებით ჯგუფს მეტი სტიმული მისცა, რომ უფრო რთული ნაწარმოები გადმოგვეტანა ჩვენს სპეციფიკაში. განახლდა თოჯინების მექანიზმები, ისინი კიდევ უფრო პლასტიკურები გახდნენ. სცენაზე ძალიან დიდი დეკორაციები განთავსდა, რომლებიც ასევე, მექანიზებულია და მსახიობებს თოჯინის მართვის პარალელურად მათი მართვაც უწევთ. ჩემი აზრით, ეს მართლაც განსაკუთრებულია, რადგან მხოლოდ გუნდურობას შეუძლია, ანთებული იდეით განახორციელოს მსგავსი შემოქმედებითი სიგიჟე. საახალწლო სპექტაკლში ძალიან ბევრი მუსიკალური ნომერია, რაც, ფაქტობრივად, გვაძლევს საშუალებას, სპექტაკლს მუსიკალური ნაწარმოები ვუწოდოთ. გამოყენებული გვაქვს 3D ვიდეოგრაფიკა. დეკემბერში პატარებს სიურპრიზი და საჩუქრები დახვდებათ.

– რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საშობაო ზღაპრის მიღმა ბავშვებმა და უფროსებმაც გარკვეული სათქმელი დაინახონ?

– „მერი პოპინსი“ არ არის პიესა, რომელიც მხოლოდ სანახაობას, გართობასა და მუსიკას გულისხმობს. ეს ძალიან ღრმა და სერიოზული ლიტერატურული ნაწარმოებია, თავად ავტორიც კი ძალიან მისტიკური პიროვნება გახლდათ. ჩვენ გვინდა, პატარებსა და დიდებს შევუქმნათ თბილი, საახალწლო, ცოტა სენსიტიური, ცოტა მელოდრამატული, ზღაპრული წინასაახალწლო განწყობა. რა არის ახალი წელი ჩვენთვის? ეს არის ოჯახის წევრებით სავსე დღეები თბილ ბუხართან და ნაძვის ხესთან, ფერად შუქებთან ერთად გაღვიძებული ბავშვობა და მეგობრების მონატრება, რომლებიც ზოგჯერ ათასი კილომეტრით შორს არიან ჩვენგან, მაგრამ ამ დღეს გამორჩეულად გრძნობ მათთან სიახლოვეს. წინასაშობაოდ განსაკუთრებული თავგადასავლები ხდება ხოლმე ცხოვრებაში. ჩვენ სწორედ ეს გვსურს: ბედნიერი წუთები და წამები შევაგროვოთ მაყურებლისთვის, გავაცოცხლოთ მათთვის ძვირფასი მოგონებები, ფრთები შევასხათ მათ წარმოსახვას, რათა ამ 40 წუთის განმავლობაში შეძლონ ფრენა, ჯადოსნურ, არარეალურ სამყაროში მოგზაურობა და განიცადონ სულიერი კათარზისი. სპექტაკლი მეგობრობაზე, სიყვარულსა და ოჯახზეა. „მერი პოპინსი ბრუნდება!“ – აქ სიუჟეტი ტრადიციული ნაწარმოებისგან სრულიად განსხვავებულად ვითარდება:

მას შემდეგ, რაც მერი პოპინსმა ბენქსების სახლი დატოვა, ყველაფერი თავდაყირა დადგა. მისტერ ბენქსი ხანგრძლივ მივლინებაში გაემგზავრა, მისის ბენქსი კი საზოგადოებრივ საქმეებსა და საშობაო სამზადისში ჩაიძირა. მაიკლი და ჯეინი კვლავ ძიძის გარეშე დარჩნენ და ამაოდ ცდილობდნენ მერი პოპინსის კვალისთვის მიეგნოთ.

საბოლოოდ, მისტერ ბენქსი მუხლმოდრეკილი შეევედრა გადია ქეითს, ბენქსების სახლში დაბრუნებულიყო და ბავშვებისთვის მიეხედა. წესიერმა ბრიტანელმა ლედიმ თხოვნა მიიღო, თუმცა გულში ჯერ კიდევ არ განელებოდა წყენა. ის ოჯახში უფრო შურის საძიებლად დაბრუნდა, ვიდრე სიყვარულის და მზრუნველობისთვის.

შობა ახლოვდებოდა, მაგრამ ბავშვები გრძნობდნენ, რომ გადია ქეითთან ერთად დღესასწაული მოსაწყენი და უღიმღამო იქნებოდა. მაშინ ჯეინმა მაიკლს მზაკვრული გეგმა გაუზიარა. მათ გადაწყვიტეს, გადია ქეითისთვის შეელოცათ, რათა გარეგნულად დიდი დარჩენილიყო, თუმცა გულითა და ქცევით პატარა, ჭირვეული და ცელქი ბავშვი გამხდარიყო. სურვილი ფურცელზე დაწერეს და ტრადიციულად ბუხარში შეაგდეს.

მეორე დილით ნამდვილი სასწაული მოხდა. მერი პოპინსი დაბრუნდა!

ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ შელოცვაც აღსრულდა. გადია ქეითი ჭირვეულ პატარა ბავშვად გადაიქცა და პირველივე წუთებში მერი პოპინსის ჩანთიდან ჯადოსნური საშობაო ვარსკვლავი მოიპარა. დაკარგული ვარსკვლავის დასაბრუნებლად მერი პოპინსი, მაიკლი და ჯეინი ლონდონის ჯადოსნურ ქუჩებში საინტერესო მოგზაურობას იწყებენ. გზად ისინი კვლავ ესტუმრებიან მერი პოპინსის ექსცენტრიკულ ბიძას, შეხვდებიან მისის ლარკსა და მის ერთგულ ედმუნდს, ხოლო ყველაზე რთულ მომენტში, მათ დახმარების ხელს ძველი მეგობარი, მხიარული მებუხრე ბერტი გაუწვდის.

მეგობრობის, პატიების, ოჯახის სიყვარულისა და ნამდვილი საშობაო სასწაულების წყალობით, გმირები დაკარგული ვარსკვლავის დაბრუნებას შეძლებენ, ხოლო როდესაც შობის დილა გათენდება, მაიკლისა და ჯეინის პირველი საახალწლო სურვილი გადია ქეითის კვლავ ზრდასრულ ადამიანად გადაქცევა იქნება. სურვილი ახდება, ოჯახს სიმშვიდე დაუბრუნდება, მერი პოპინსი კი, როგორც ყოველთვის, გამოჩნდება, ყველაზე საჭირო დროს და წავა მაშინ, როცა მისია დასრულდება. თუმცა ყველას გულში დატოვებს რწმენას, რომ შობის ჯადოქრობა არასოდეს ქრება, თუ სასწაულების ჯერ კიდევ გვჯერა.

– თეატრის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გუნდს. როგორ შეაფასებთ მის საქმიანობას და რა იყო თქვენთვის 2026 წლის მთავარი შემოქმედებითი მიღწევა?

– 2026 წელს ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი მიღწევა ის არის, რომ 7 აპრილს, დიდი შრომითა და ენთუზიაზმით, ასევე, საკუთარი ფინანსური დანახარჯით ბათუმის მარიონეტების თეატრი გაიხსნა. ჩვენ ამ მოკლე დროში შევქმენით სამი განსაკუთრებული, მარიონეტული სპეციფიკის სპექტაკლი. სივრცე აღვჭურვეთ პროფესიონალური სასცენო ტექნიკით. თებერვალში, მეორე თეატრალურ სეზონზე, ვამზადებთ წარმოდგენას. თეატრს უკვე ოთხი მოქმედი სპექტაკლი ექნება – ორი საბავშვო და ორი დიდებისთვის. ამ მოკლე დროში ერთგული მაყურებელი გაგვიჩნდა და ჩვენი სპექტაკლების ბილეთები კვირიდან კვირამდე სულ უფრო ძნელად საშოვნელი ხდება. ახლა ვცდილობთ, შენობა და თეატრი შევინარჩუნოთ. არავინ გვაფინანსებს, მხოლოდ საკუთარი შრომით ვსაზრდოობთ მე და ჩემი გუნდის წევრები. მხედველობაში მყავს როგორც თეატრის დირექტორი, ასევე პროფესიონალი მსახიობები და მხატვრები. ყველას ერთი იდეა გვამოძრავებს: ქალაქს შევუქმნათ ისტორია, ბათუმს ჰქონდეს მარიონეტების თეატრი.

– რამდენად შეიცვალა წლის განმავლობაში თეატრის შემოქმედებითი რეპერტუარი, მაყურებლის ინტერესი და თავად თეატრის განვითარების შესაძლებლობები, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს მარიონეტული თეატრი?

– ჩვენი რეპერტუარი თავიდანვე გათვლილი იყო როგორც პატარებისთვის, ასევე, დიდებისთვის. გვსურს, დარბაზში ყველა ასაკის მაყურებელი ვიხილოთ. პირველი სპექტაკლი, რა თქმა უნდა, შეიქმნა იმისთვის, რომ თეატრი გაგვეხსნა და საერთაშორისო ფესტივალზე წავსულიყავით, მეორე სპექტაკლით კი პატარა მაყურებელზე დავიწყეთ ფიქრი. დღეს უკვე რეპერტუარში ორი საბავშვო სპექტაკლი გვაქვს, რომლებიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო ქართველებში, არამედ უცხოენოვან მაყურებელშიც. საბავშვო სპექტაკლებს ესწრებიან ქალაქში ტურისტულად ჩამოსული უცხოელები, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.

– რა ახალი შემოქმედებითი იდეები და პროექტები აქვს თეატრს მომავალი წლისთვის და რა არის თქვენი, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელის, მთავარი მიზანი?

– 2027 წელს დაიდგმება მხოლოდ ორი სპექტაკლი: ერთი დიდებისთვის და ერთი საბავშვო. ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან რთული და შრომატევადია ახალი სპექტაკლის შექმნა, თითოეული იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე ნებისმიერი ცოცხალ პლანში დადგმული ნაწარმოები. ინდივიდუალური საავტორო თოჯინების შექმნას დიდი დრო სჭირდება. ამრიგად, ჩვენი ამოცანა სამომავლოდ გახლავთ სტაბილურობის შენარჩუნება, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა და ჩვენსავე ქალაქში კულტურული ტურიზმის განვითარება.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ნოემბერი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *