სუროგაცია საქართველოში – მოსალოდნელი ცვლილებები და შეფასებები
By

სუროგაცია საქართველოში – მოსალოდნელი ცვლილებები და შეფასებები

მმართველი პარტიის გეგმას საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ამცნო.
მისი განმარტებით, გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
ხელისუფლება გადაწყვეტილების ეკონომიკურ შედეგებსაც აღიარებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ფინანსური სარგებელი აღნიშნული რისკების საპირწონე ვერ იქნება.
„სუროგაცია სრულად იკრძალება. ბავშვები გაჰყავთ სხვადასხვა ქვეყანაში და არ არის შეზღუდული ქვეყნები, სად გადიან. მარტივად, ჩვენს სახელმწიფოში ხდება ეს ყველაფერი, ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა. ჩვენთან იბადება ბავშვი და არ ვაკონტროლებთ, იმ ბავშვის მომავალი როგორი იქნება, სადაც მიდის. ძალიან ბევრი ფაქტი ჩვენთვის ცნობილია. რაც შეეხება რისკებს, ზუსტ ციფრებზე აუცილებლად ვისაუბრებთ. ავიღოთ 100%-იან ჭრილში ის მოვლენები, რომელიც ვითარდება ამ სფეროში: 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით. დაახლოებით 2% არის საქართველოს მოქალაქე და სრულად ლეგიტიმურია თუნდაც იმ 2%-ის კითხვა, რომელმაც შეიძლება ვეღარ ისარგებლოს სუროგაციით. დამერწმუნეთ, ჩვენ, სახელმწიფო, ყველაფერს ვიზამთ, რომ დედობას და მშობლობის უფლებას როცა ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ყველანაირი გზით. მაგრამ როდესაც ასეთ რისკებზე გვაქვს საუბარი და მოგიყვანეთ ციფრები – 98 პროცენტის 2-თან შედარება, დამერწმუნეთ, ჩვენ ის საზოგადოება, იმ მენტალობის, რწმენის და შეხედულების ქვეყანა ვართ, რომ ის 2%-იც თუ პროცენტ-ნახევარიც ძალიან გაგებით მოეკიდება იმ ძალიან დიდ რისკებს, რომლებიც ჩამოვთვალეთ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან საუბარში.
აღსანიშნავია ისიც, რომ მმართველ გუნდს, 2023 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდშიც ჰქონდა მცდელობა სუროგაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით, თუმცა მაშინ სრული აკრძალვა არ იგეგმებოდა. მთავრობის ინიციატივით, სუროგაცია მხოლოდ უცხოეთის მოქალაქეებისთვის უნდა აკრძალულიყო და არ შეხებოდა საქართველოს მოქალაქეებს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებდა. პარლამენტში 2023 წლის 14 ივნისს წარდგენილ პროექტს თავდაპირველად დაჩქარებული წესით განიხილავდნენ, თუმცა პროცესი შეჩერდა.
სუროგაციის აკრძალვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი შიო მესამე მიესალმება. მისი თქმით, სუროგაციასთან არაერთი მძიმე ცოდვაა დაკავშირებული, გადაწყვეტილება კი ხელისუფლების ქრისტიანულ მსოფლმხედველობასა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის სურვილს უკავშირდება. პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ინიციატივას ბოლომდე მიიყვანს.
,,კმაყოფილებით მინდა გამოვეხმაურო იმ ახალ ინიციატივას, რომელიც მოვისმინეთ. ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მე ახლა არ ჩავუღრმავდები, უბრალოდ ვიტყვი, რომ სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით. დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, ღმერთმა, წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, რომ ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ. რა თქმა უნდა, ამას წინ უსწრებდა ჩვენი ურთიერთობა მმართველ გუნდთან, საუბარიც ამ პრობლემისა და მიმდინარე პრობლემების თაობაზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ გული შეგტკივათ ჩვენს ეკლესიაზე, ქვეყანაში ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერებასა და დანერგვაზე“ – აღნიშნა პატრიარქმა.
სუროგაცია, ზოგადად, საქართველოს ეკლესიისთვის მგრძნობიარე საკითხია. აღნიშნულ თემაზე 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში ილია მეორეც საუბრობდა.
„შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში“, – აღნიშნულია 2014 წლის ეპისტოლეში.
სუროგაციიის, სრულად აკრძალვას აპროტესტებს საზოგადოების ნაწილი.
,,სუროგაცია ხელმისაწვდომი უნდა დარჩეს ქართველებისთვის, რადგან უშვილობის პრობლემას წყვეტს, საქართველოში კი უშვილობა სერიოზული პრობლემაა. დანარჩენს სჭირდება მკაცრი რეგულირება, რადგან საქართველოში არიან სუროგატი დედები, რომლებიც მოტყუებით ჩამოიყვანეს აქ და ფულსაც კი არ უხდიან და არიან სუროგაციით დაბადებული ბავშვები, რომლებიც ვინ შეუკვეთა და სად მიჰყავთ, კაცმა არ იცის და ზოგჯერ აღარც მიჰყავთ და აქვე ტოვებენ“ , -წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია ,,საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.
აღნიშნულ საკითხს კრიტიკული შეფასება მოჰყვა ოპოზიციის მხრიდანაც. ოპოზიციაში გარკვეულწილად ეთანხმებიან სუროგაციის აკრძალვის საკითხს, თუმცა ფიქრობენ, რომ სრული აკრძალვა ძალიან ცუდი იქნება ქართველი წყვილებისთვის.
„ზოგადად ამ ბიზნესთან დაკავშირებით არსებობდა გონივრული ეჭვები და კითხვები, თუ ვინ მფარველობდა საქართველოში მასობრივი ხასიათის კომერციულ სუროგაციას, ამიტომაც საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ამ მიმართულებით იყო ლოგიკური, თუმცა დემოგრაფიული კატასტროფიდან და იმ ადამიანური მომენტიდან გამომდინარე, რომ უშვილო ოჯახებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ჰყავდეთ შვილები, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა, შევისწავლოთ ბერძნული მაგალითი, რომლის შემთხვევაშიც ხდება ალტრუისტული სუროგაცია, ანუ ოჯახებს, რომლებსაც არ უჩნდებათ შვილი, აქვთ საშუალება, ჰყავდეთ ალტრუისტული სუროგაციის მეშვეობით შვილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარდა ადამიანური მომენტისა, ეს არის ეროვნული და დემოგრაფიული საკითხიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პრაქტიკა დავხვეწოთ და ალტრუისტული სუროგაცია ქვეყანაში არსებობდეს, რათა უშვილო ოჯახებს შეეძლოთ შვილის ყოლა“, – განაცხადა მედიასთან საუბარში ,,ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილმა.
სუროგაციის სფეროში დაგეგმილი ცვლილებების საბოლოო შედეგები კანონმდებლობის კონკრეტულ შინაარსსა და მის აღსრულებაზე იქნება დამოკიდებული, ამ ეტაპზე კი ღიად რჩება მთავარი კითხვა: შეძლებს თუ არა სახელმწიფო ქალთა ექსპლუატაციის რისკების შემცირებას ისე, რომ უშვილო წყვილებს მშობლობის შესაძლებლობა არ შეუზღუდოს?

 თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • ნოემბერი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *