პარლამენტმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა
By

პარლამენტმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიში პლენარულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თამაზ ბორაშვილმა წარადგინა.

მომხსენებელმა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია.
„2025 წლის განმავლობაში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით გამოვლინდა უკანონო დაკავების 34, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 40 შემთხვევა. რაც შეეხება უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, 2025 წელს, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 3, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით – 55 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა აღნიშნულ ინციდენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები განიხილავდნენ ჟენევის ფორმატსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე. შედეგად, საანგარიშო პერიოდში, ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი 75 პირი გათავისუფლდა, მათ შორის, წინა წლებში დაკავებული პირებიც“, – განაცხადა თამაზ ბორაშვილმა.
მისი ინფორმაციით, 2025 წელს, გასული წლების მსგავსად, საქართველოში ისევ მაღალი იყო გარე და შიდა ძალებისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები. გასულ წელს საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებოდა საინფორმაციო ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდები. მიზანმიმართულად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვას და საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას.
როგორც თამაზ ბორაშვილმა აღნიშნა, არსებული გამოწვევების გასანეიტრალებლად, სამსახურმა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები გაატარა.
მისივე განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტი იყო უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილი ფარული ოპერაციების დროული გამოვლენა და მათგან მომდინარე უარყოფითი შედეგების შემცირება.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, ტერორიზმთან და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ასევე, მიგრაციული ნაკადების კონტროლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.
თამაზ ბორაშვილმა ასევე, ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წელს განხორციელებულ რეფორმებზე.
„გასულ წელს შემუშავდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აკადემიის სწავლების განვითარების გეგმა, სამაგისტრო პროგრამისა და სპეციალური პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსების განხორციელების კონცეფცია. შედეგად, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ახორციელებს სამაგისტრო პროგრამას. აკადემიამ წელს უკვე მიიღო სტუდენტების პირველი ნაკადი“, – განაცხადა თამაზ ბორაშვილმა.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *