„მე ანგელოზებთან ვურთიერთობ ჩემი მოსწავლეების სახით“
სალომე ანანიძე ახალგაზრდა მწერალი და პედაგოგია, რომელიც განსწავლულობითა და კეთილგონიერებით გამოირჩევა. იგი ქედის რაიონის სოფელ დანდალოს №1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. თავის ცოდნას სიყვარულით უზიარებს ახალგაზრდებს. დღეს სალომე გაზეთ ,,აჭარის“ სტუმარია.
– რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი, როგორ დაიწყო და გრძელდება ეს გზა?
– მასწავლებლობა ყველაზე წმინდა პროფესიად მიმაჩნდა დაწყებით კლასებშივე და მაშინ საკუთარ თავს შევპირდი, რომ ვიქნებოდი მომავალი თაობისთვის მისაბაძი და საყვარელი მასწავლებელი, ვინც უბრალოდ საგაკვეთილო საკითხებს კი არა, მომავალი ცხოვრების გზას გაუმარტივებდა მათ, ასწავლიდა სიტყვის თავისუფლებასა და ადამიანური ურთიერთობების აუცილებლობას. ჩემთვის მთავარია, ყველა ბავშვში არსებული ვარსკვლავი გავაღვივო და მათ გვერდით ვედგე, როგორც მეგობარი. საკმაოდ რთულ გზას გავდივარ ჩემს კარიერაში – ჯერ იყო, ქედის რაიონის სოფელ მერისის საჯარო სკოლა და იქაური ბავშვები, რომლებმაც სული განმიკურნეს, მე კიდევ თავიანთი უნიკალურობა დავანახე მათ. ამ ეტაპზე სოფელ დანდალოს ნომერ პირველ სკოლაში ვმუშაობ და ყოველ დღე თავიდან ვიბადები, ჩემი მოსწავლეების სიყვარულით სავსე თვალებს რომ ვუცქერ. ჩემი პროფესიული გზა კი რთული იმიტომაა, რომ დროებით მიწევს აღნიშნულ სკოლებში მუშაობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ მაძლევს მოდუნების უფლებას. მასწავლებლობა ჩემთვის უფლის მიერ მომადლებული სასწაულია. მე ანგელოზებთან ვურთიერთობ ჩემი მოსწავლეების სახით.
– თქვენი პედაგოგობის წლებში რა შეიცვალა უკეთესობისაკენ?
– ჩემი მასწავლებლობის ეტაპმა სულიერად ყველაზე მეტად აღმზარდა, ბავშვებთან ურთიერთობის სამოთხე შევიგრძენი და ბევრი ცხოვრებისეული რამ გადავაფასე. მოსწავლეები ჩემი ყოველდღიურობის მზის სხივები არიან, გაუსაძლის წვიმის თქეშშიც რომ შეუძლიათ გული და გონება დამიმშვიდონ. შემოგთავაზებთ ჩემს ლექსსაც, რომელიც პატარა ანგელოზებს მივუძღვენი:
სულზე დამაჩნდი
ფრთასმიავ, თოთოვ,
წმინდა თვალებით
გამაზაფხულე.
ჩემო მოსწავლევ,
შვილის ტოლფასო,
შენი ღიმილი
მაჩნია ღმერთად.
ნუ დაიზარებ,
იყო გულწრფელი,
ბავშვურ თვალებით
შეხედე ზეცას,
ანდა სიკეთის
დამბადებელი,
იყავ ანკარა,
მშობლის სიწმინდე.
მზედ გამოძერწეთ
ჩემი დარდები,
გადამარჩინეთ
უფსკრულთან მდგარი.
ერთი ათასად
მადლად წარმოგთქვამთ,
უფალთან ვყვები
სასწაულებზე.
სულზე დამაჩნდი,
ფრთასმიავ, თოთოვ,
წმინდა თვალებით
გამაზაფხულე.
ერთს გთხოვ, გამიგე –
ნუ დამივიწყებ
მატარე შენში
ავადმყოფურად –
თუ დაგჭირდები
ისევ მოვიდე
დედის ტოლფასად
გიმღერო ნანა!..
– როგორც ამბობენ, ცუდი მოსწავლე არ არსებობს, მაგრამ როცა არ ან ვერ სწავლობს, რა არის ამ დროს პრობლემა, სწავლების რა ხარვეზი იკვეთება?
– გულწრფელად თუ გავიაზრებთ არსებულ პრობლემას, დავინახავთ, რამდენად ნაკლებად აინტერესებთ ის, რასაც სწავლობენ. სწავლება უამრავ პრობლემასთან ასოცირდება, მათ შორის უინტერესო პროცესთან, ან უბრალოდ, მასწავლებელი არ მოსწონთ. მოსწავლეები პედაგოგის თვალებში ლმობიერებასა და სიყვარულს ეძებენ, რაც მათი მონდომების პირდაპირპროპორციული ხდება. ცუდი მოსწავლე არ არსებობს, უბრალოდ, მათთან, გაცილებით მეტი მუშაობაა საჭირო, ვიდრე დანარჩენებთან. რაც ყველაზე მთავარია, მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ზოგჯერ ერთი კეთილი სიტყვა, თუნდაც „ცუდი“, მოსწავლის მიმართ, მთელ მის მომავალს ცვლის!

– კითხვები, რომლებსაც ბავშვები ხშირად სვამენ. . .
– ყველაზე ხშირად მოსწავლეებს აინტერესებთ, რაში გამოადგებათ ის საკითხი, რასაც ვუხსნი და რაშიც მთელ სულსა და გულს ვდებ ხოლმე. ამ დროს ვცდილობ, ხაზი გავუსვა და დავანახო, რომ ლიტერატურა მათთვის სულიერი საზრდოა, რომ ყოველი ახალი ნაწარმოების გაცნობისას მათში უკეთეს ადამიანად ქცევის შანსს ვხედავ და რომ ესაა უშრეტი წყარო საზოგადოებასთან ურთიერთობის გასამყარებლად.
– ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლებისას რა ნიუანსებს გამოყოფდით, რამაც თქვენს პრაქტიკაში თავი იჩინა და ახლა როგორ აპირებთ ამ დიდი ქრისტიანული ძეგლების მოსწავლეებისთვის შეყვარებას?
– მოგეხსენებათ, ჰაგიოგრაფიული ტექსტები ძველი ქართული ენითაა დაწერილი, რაც უმთავრეს პრობლემად იქცევა კითხვისას, მაგრამ მე, როგორც მასწავლებელი, ვცდილობ, არცერთი ფრაზა არ დავტოვო ბუნდოვანი და მაქსიმალურად გავაგებინო მოსწავლეებს. დიდი ქრისტიანული ძეგლების სწავლებისას მე მათ ვასწავლი, რამდენად აუცილებელია ხასიათის სიმტკიცე და რწმენის სიმყარე, რომ ვერცერთი მათგანი ცხოვრების ეკლიან გზას ვერ გაიკვლევს, თუ ძლიერი სულიერი სამყარო არ ექნებათ. ვეცადე, მათთვის მეჩვენებინა, რომ რწმენა ერთადერთია, რაც ადამიანს მარადიულად აქცევს.
– მართლმეტყველებასა და მართლწერას სკოლაში სწავლობენ, მაგრამ საკითხავია, ქუჩებსა და ეზოებში რა სჭირთ ჩვენს ბავშვებს, ჟარგონით რატომ ლაპარაკობენ… თქვენ, რას აკეთებთ მოსწავლის მეტყველების დახვეწისათვის?
– ჩემთვის კატასტროფულად მძიმეა ჟარგონის მოსმენა, მით უმეტეს ახალგაზრდისგან. ხშირად ამას გარემო განაპირობებს, ამიტომაც ჩემს მოსწავლეებს ვასწავლი, როგორი ტიპის ადამიანებთან ჯობს მეგობრობა. ვცდილობ, დავანახო, რომ ჟარგონი ენის გამძარცველია და მეტყველებას ამახინჯებს. ვცდილობ, მათთან გამართული სალიტერატურო ენით ვისაუბრო და ვაჩვენო, რამდენად ცუდად ხვდება ყურს ჟარგონი.
– როგორია თანამედროვე მასწავლებელი, რით განსხვავდება იგი მე-20 საუკუნის მასწავლებლისაგან და როგორი წარმოგიდგენიათ მომავალში?
– თანამედროვე მასწავლებელი? ვფიქრობ, დღევანდელმა მასწავლებლებმა ურთიერთობების სიწმინდე უნდა ასწავლონ მოსწავლეებს უპირველესად და შემდეგ პროგრამული საგანი, რაც მოზარდს თავისუფლების განცდას სძენს, იგი აღარაა შეშინებული და მეგობრად აღიქვამს თავის მასწავლებელს. თანამედროვე მასწავლებლები ყველაზე ძლიერს, სიყვარულს ნერგავენ ბავშვებში, რისი უნარიც ყველაზე დიდი იარაღია ადამიანად ფორმირებისთვის. მე მჯერა, რომ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის არსებული უხილავი კავშირი კიდევ უფრო გამყარდება, ჩვენს სამშობლოს ერთადერთ იმედად ისღა დარჩენია, საამაყო თაობების მაჯისცემა ისმოდეს სკოლის კედლებიდან.
– ახლა თქვენს შემოქმედებაზეც ვისაუბროთ. როგორც გავიგე, ახლახან გამოცემული თანამედროვე ქართული პოეზიისა და პროზის ანთოლოგიაში ხართ წარმოდგენილი. გილოცავთ, ეს დიდი წარმატებაა. . .
– უპირველეს ყოვლისა, ვსარგებლობ შემთხვევით და უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ღირსად ჩათვალა ჩემი სულის ამონაგლეჯი ამდენად დიდ და ღირებულ, ისტორიულ კრებულში შეეტანათ. ვაღიარებ, მოულოდნელი იყო ეს ამბავი და დიდი პასუხისმგებლობით შევხვდი. ეს არის ისტორიული მოვლენა ყველა ავტორისთვის და განსაკუთრებით ჩემთვის, რადგანაც ამ კრებულში შესულია უაღრესად ცნობილ და საოცარ შემოქმედთა ნაწარმოებები. მათ გვერდით საკუთარი სახელისა და გვარის ამოკითხვა მეორედ დაბადებაა ჩემთვის!..

-ადამიანი და შემოქმედი – თქვენთვის ეს ორი ცნება ერთ მთლიანობად იქცა?
– შემოქმედება ადამიანს თავის სახესა და ფორმას სძენს, ადამიანი კი შემოქმედებას ასხივოსნებს, ამიტომაც ჩემთვის ეს ორი ცნება ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. ამოსავალი წერტილი მათი საერთო გზა და გადაჯაჭვული ნიშაა, რაც მთლიანობად აღიქმება.
– ახლა ყველაზე მეტად რა გაღელვებთ, რაზე წერთ?
– სწორად მოაზროვნე ადამიანის თანმდევია დარდი და უამრავ საკითხზე ღელვა – ჩემი შემოქმედება კიდევ სევდითაა სამარადისოდ სავსე, თუმცა მკითხველი აუცილებლად იხილავს იმედით სავსე სტროფებს, უბრალოდ, უნდა დაელოდოთ. ვფიქრობ მომავალში ჩემი შემოქმედება კიდევ უფრო გაზრდილი და გამდიდრებული გამომზეურდება მკითხველის წინაშე.
– ჩემი სამაგიდო წიგნია. . . დიახ, ჩემი კომპასი!
– წლების განმავლობაში რისი წაკითხვაც მსიამოვნებს და რაშიც ამოუწურავია ამოსაკითხი, ეს არის „ვეფხისტყაოსანი” – ადამიანური ურთიერთობების ჯაჭვი, რომელიც ასე აკლია ჩვენს ყოველდღიურობას.
– რა შეკითხვა გსურთ დაუსვათ საკუთარ თავს და რას უპასუხებთ?
– საკუთარ თავთან ერთადერთი შეკითხვა მექნება – რამდენად კარგ და მისაბაძ მასწავლებლად, მეგობრად და საერთოდ, ადამიანად ვიქეცი მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში – ამ შეკითხვაზე პასუხს საკუთარი თავი კი არა, ყველა ის ადამიანი გამცემს, ვინც გზად დამემგზავრება, თუნდაც ჩემი პატარა მერცხლები.
ლაშა ხომერიკი