მაია მინდელი: სიყვარული არსად წასულა, რაც უნდა მაღალი მთის მწვერვალზე მოექცე, იქაც დაგხვდება
By

მაია მინდელი: სიყვარული არსად წასულა, რაც უნდა მაღალი მთის მწვერვალზე მოექცე, იქაც დაგხვდება

პოეტ მაია მინდელის ცხოვრებისა და შემოქმედებითი საქმიანობის გზაზე მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა – პირველად გამოიცა მისი ლექსების კრებული და პირველად იმყოფებოდა აჭარის მთიანეთში. იგი ჩვენი სტუმარია.
– სიყვარულით და მონატრებით მივესალმები აჭარას, მის მთიანეთს, აჭარლებს. ეს ის შემთხვევაა, როცა კიდევ მჭირდება დრო ემოციების დასაღვინებლად, რადგან, ჩემდა სასიხარულოდ, დროის ძალიან მოკლე პერიოდში აჭარის ორ ლიტერატურულ ფესტივალში ვმონაწილეობდი – „ზე-კართან“ და „შემოდგომის სერენადა“. აჭარა ისედაც ძალიან მიყვარდა და ახლა უკვე სულითა და გულით ვარ გადაჯაჭვული ამ მხარესთან. ფესტივალში „ზე-კართან“ მონაწილეობა მართლაც დაუვიწყარ ემოციებს უკავშირდება. პირველად ვიყავი აჭარის მთიანეთში და ვფიქრობ, ეს საოცარი ადგილები უკლებლივ ყველა ქართველმა უნდა ნახოს. უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო თავად ფესტივალზე – ამ, უკვე მკვიდრ ტრადიციად ქცეულ ლიტერატურულ მოვლენაზე, მის მნიშვნელობასა და კვალზე, – გვითხრა მან დიალოგის დასაწყისშივებ.

– თუ გაიხსენებთ იმ ლექსის რამდენიმე სტრიქონს, რომელიც ცხრა წლისამ დაწერეთ?

– უშუალოდ ცხრა წლის ასაკში, მეტწილად, პატარა ჩანახატებს ვწერდი, ცოტას – ლექსებსაც. სწორედ იმ ასაკის ტექსტებს განეკუთვნება ეს პატარა ლექსი:

„ამ ჭადარში ჩემი სუნთქვა სუნთქავს

და მის ფეხთით ზეცა დაიხარა.

მეჩვენება, რომ ნელ-ნელა ხმება –

დაიღალა“.
ახლაც არ ვიცი, ცხრა წლის ბავშვთან საიდან მოვიდა ასეთი ემოცია, ის ჭადარი კი დღემდე მახსოვს.

– 40 წლის წინათ პირველი ლექსი დაბეჭდეთ ახალგაზრდულ გაზეთში….

– დიახ, იყო ასეთი გაზეთი – „ახალგაზრდა კომუნისტი“, რომლის რედაქტორიც ბევრისთვის ცნობილი, უნიჭიერესი შემოქმედი – სამწუხაროდ, აწ გარდაცვლილი ბატონი პაატა ნაცვლიშვილი გახლდათ. დედამ მიმიყვანა მასთან რედაქციაში, ლექსებით სავსე რვეულით. მაშინ 15 წლის გოგონა ვიყავი. ბატონ პაატასთან შეხვედრას და საუბარს, ჩემი ბავშვური ლექსების მისეულ შეფასებას იმხელა ემოცია ახლდა, დიდხანს ვიყავი ეიფორიაში. განსაკუთრებით განვიცადე, როცა გამომიცხადა – ახლა ჩვენს ფოტოგრაფთან ერთად ფოტოს გადასაღებად გახვალ სკვერშიო. დაუჯერებელი ამბავი იყო ფოტოთი და ლექსებით იმ გაზეთის გვერდებზე მოხვედრა, რომელსაც მთელი საქართველო კითხულობდა.

– ყველაზე მეტად სოფელი ჩაო მოგეწონათ. რატომ?

– ისეთ პერიოდში მოგვიწია მთიან აჭარაში ყოფნა, რომ სოფელი ჩაო ჩემს მეხსიერებაში ჩაიბეჭდა, როგორც ნისლების სამფლობელო. მე კი ნისლი და წვიმა ძალიან მიყვარს. ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის ფუფუნებაა მთების და ნისლების გარინდებული ატმოსფერო, ის სიჩუმე, რომელიც გაბმულად გუგუნებს და „გაიძულებს“, შენს თავში ჩაიხედო, დაუბრუნდე რაღაც ძალიან მთავარს. და, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი – ადამიანები! უმნიშვნელოვანესია, ვისთან ერთად იზიარებ პირველ შთაბეჭდილებებს მანამდე უცნობ ადგილებში. დღისით, საკმაოდ დატვირთული გრაფიკის შემდეგ, შესანიშნავი სასტუმროს – „ჩაოს“ (სადაც დავბინავდით) ბოლო სართულზე, ღია სივრცეში ვიკრიბებოდით და გვიან ღამემდე ვსაუბრობდით, ვკითხულობდით ლექსებს, ვმღეროდით… მერე რა, რომ წვიმდა და ცოტა ციოდა? ჩაო ფესტივალის საოცარმა ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა დამამახსოვრეს, ჩვენი მასპინძლების – თომა და ხათუნა მახარაძეების სიყვარულით სავსე ზრუნვამ და მასპინძლობამ დამამახსოვრა, იქაური მცხოვრებლების სითბომ და ყურადღებამ დამამახსოვრა და შემაყვარა სამუდამოდ. ყოველთვის რომ მომინდება იქ დაბრუნება, ისეთია სოფელი ჩაო და ზოგადად, მთიანი აჭარა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის იქაურ მთებს და ცოცხალ მთებს – ადამიანებს!

– რუსთავი თქვენი მშობლიური ქალაქია. პროფესიით ჟურნალისტი, ამ ეტაპზე იქ საქმიანობთ?

– რუსთავში დავიბადე და გავიზარდე, სხვაგან არასდროს მიცხოვრია. ჩემი საქმიანობაც, ცხოვრების ყველა ეტაპზე, მშობლიურ ქალაქს უკავშირდება. ამჟამად რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „კულტურული პროექტების მართვის ცენტრში“ ვმუშაობ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერად. ზოგადად, ათ წელზე მეტია, ამ სფეროში ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უშუალო საქმიანობა, ერთი შეხედვით, საკმაოდ პროზაული შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს, მიყვარს ჩემი სამსახური. იყო მეგობრული და შეკრული კოლექტივის წევრი, გამართლებად მიმაჩნია.

– პროფესიის შესაბამისად თუ გიმუშავიათ?

– უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, სადიპლომო თემაზე მუშაობისას, მოვხვდი ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ში, რომელმაც თავიდან ჩემს ქალაქში დაიწყო არსებობა. საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ წამყვანად ვიმუშავე რამდენიმე თვე. შემდეგ იყო ქვემო ქართლის ტელეკომპანია „ზეკარი“, სადაც საინფორმაციო პროგრამების ხელმძღვანელი ვიყავი თითქმის სამი წელი. ეს იყო ყველაზე ინტენსიური და დატვირთული, ამავე დროს, ძალიან საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც ბევრი რამ შემძინა და პროფესიული თვალსაზრისით ძალიან გამზარდა. შემდეგ კათედრაზე დაბრუნება გადავწყვიტე, ასპირანტურაში ჩავაბარე და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მაშინდელი დეკანის – ბატონი ნოდარ ტაბიძის ხელმძღვანელობით დავამუშავე სადისერტაციო თემა – „ფსიქოლოგიური ასპექტები ჟურნალისტურ საქმიანობაში“. სამწუხაროდ, დისერტაციის დაცვა არ დამცალდა – ოჯახის წევრი გამიხდა მძიმედ ავად და რამდენიმე წელიწადი მოვწყდი კათედრას. შემდეგ უკვე შეუძლებელი გახდა მიბრუნება, არაერთი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო.

– მისასალმებელია, რომ თქვენი ლექსები თარგმნილია იტალიურ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ ენებზე, მაგრამ სერბულ ენაზე თარგმნა ერთობ საინტერესოა. რა იყო ამის წინაპირობა?

– არ ვიცი, როგორ… ასე, თავისთავად მოხდა, რომ ჩემი ლექსები ითარგმნა რამდენიმე ენაზე. ცხადია, ერთეულ ლექსებს ვგულისხმობ და არა კრებულს. რაც შეეხება სერბულ თარგმანს, დაახლოებით ორი წლის წინ ქალბატონმა ქეთევან დუმბაძემ საქართველოს ექვსი ქართველი ქალი ავტორი დაექვსი სერბი ქალი ავტორი მონაწილეობდნენ პროექტის ფორმატის შესაბამისად. სერბეთიდან გვესტუმრნენ მონაწილე ავტორები და ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო ერთობლივი მუშაობის შედეგად, ერთმანეთის ლექსები ვთარგმნეთ. დაუვიწყარი გამოცდილება იყო, ძალიან ცოცხალი, შემოქმედებითად მღელვარე და ემოციური გაცვლა მოხდა ენერგიების, ცოდნის, შთაბეჭდილებების. ვემადლიერები მწერალთა სახლს იმ პროექტისთვის და ძალიან საჭირო გამოცდილებისთვის. ჩვენი და სერბი ავტორების მუშაობის საბოლოო ნაყოფი კი ორ ენაზე გამოცემული ერთობლივი კრებულია.

– ბათუმსა და ბათუმელ მეგობრებზე ხშირად საუბრობთ. ეს ურთიერთობები სათავეს საიდან იღებს?

– პირველ რიგში, ბათუმში მცხოვრები პოეტებისგან, რომლებთანაც თავიდან სოციალური ქსელით დავმეგობრდი და მოგვიანებით შევხვდით კიდეც ერთმანეთს. შემდეგ იყო არაჩვეულებრივი „ლექსების გამოფენა“, რომელიც, ურთიერთობების მხრივაც, დღესასწაულის ტოლფასი გახდა, იმდენი სითბო და სიყვარული გავცვალეთ. წელს, მაისში კი, ჩემი ახლად გამოცემული სადებიუტო კრებულის ბათუმის მწერალთა სახლში წარდგენა რომ მოინდომეს და ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანეს ჩემმა ძვირფასმა ბათუმელმა მეგობრებმა, შეუფასებელი საჩუქარი და სიხარული იყო ჩემთვის. შეუძლებელია, გამორჩეული ადგილი არ ეკავოთ ჩემს გულში ადამიანებს, რომლებიც ყველას აჩვენებენ საოცარი მეგობრობის, თანამოაზრეობის ძალის, ლიტერატურის სიყვარულისა და ერთიანი, დიდი შრომის მაგალითს მწერლობისთვის გაღებულ ენერგიაში.

– „ოჯახი, ტრადიცია, მომავალი“ – ეს სამი მცნება რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც დედისა და ბებიისთვის?

– ჩემი აზრით, ეს სამი მცნება იმ გარდაუვალ მთლიანობას ქმნის, რისთვისაც ცოცხლობს და ცხოვრობს ადამიანი. ამ მცნებების ერთიანობის მუხტი და აუცილებლობა მეტად და მეტად უნდა გაიაზრონ თაობებმა, რადგან, სიყვარულთან ერთად, პასუხისმგებლობის გრძნობა აყალიბებს ადამიანში მეუღლესაც და მშობელსაც, რომლებმაც მომავალ თაობაში ღირსეული მშობელი უნდა „დაბადონ“, რომელიც, თავის მხრივ, ამ სამების მთავარ საზრისს ცნობიერად გაუფრთხილდება შეუბღალავად აცოცხლებს და გააძლიერებს. დედაც ვარ და ბებიაც და ეს დიდი მადლია, რომელიც დამსახურების მიუხედავად ეძლევა ადამიანს. როცა უფლისგან ასეთი საჩუქარი გერგო, შვილში – ადამიანის, პიროვნების გამოზრდით თუ შეძლებ მხოლოდ, გადაიხადო ამ მადლის საფასურიც და პიროვნული ვალიც.
– რა ადგილს იჭერს ეს მცნებები თქვენს შემოქმედებაში?

– უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამ მცნებებში ეძებს ადგილს ჩემი ლექსი, მათში დამკვიდრებას სულ ცდილობს. თუნდაც, ერთეულ ტექსტებში მაინც თუ ვახერხებ ამას, მაშინ ბედნიერი ვყოფილვარ. რა თემაზეც უნდა წერო, ქალური, დედობრივი საწყისიდან ერთი პატარა რტო მაინცაა იქ ამოზრდილი. უფრო დამნდობი ხარ, ადამიანში ადამიანობის გამზიარებელ-დამნახავი. ეს დედობის, დედობრივი ინსტინქტის დამსახურებაა, რადგან ისეთი სიყვარული გაქვს გამოცდილი, ისეთი ძლიერი, რომ სამუდამოდ გადევს მისი ხუნდები და დედობანაგემი „არადედა“ ვეღარასოდეს იქნები. ეს ყველაფერი ეგზისტენციალური სიმაღლით ჟღენთს შემოქმედებასაც, შენს არსსაც და საერთოდ, დანიშნულებასაც.

– პროზაულ ნაწარმოებებს თუ წერთ?

– ცოტას, მაგრამ მცირეტანიან პროზასაც ვწერ. გავბედე და რამდენიმე კონკურსში მივიღე მონაწილეობა. შარშან გოდერძი ჩოხელის სახელობის კონკურსში ჩემი „სავარცხელი“ საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. წელს, გაზაფხულზე, მერგო პატივი და პასუხისმგებლობაც – შესანიშნავ პროექტში – პროზის მარათონში „არა-კი“, რომელიც შილდაში ჩატარდა, მენტორების მიერ შემოთავაზებულ სათაურზე, 48 საათში დამეწერა მოთხრობა, რომელსაც წარმატება ხვდა წილად – „ირაკლის უჯრამ” მეორე საპრიზო ადგილი დაიმსახურა. როცა პროზას ვწერ, შეგრძნება მაქვს, რომ სხვა ადამიანი ვარ და არა ის, ვინც ლექსს წერს. ჩემს შემთხვევაში, პროზაში ხედვის კუთხეს სხვა დახრა აქვს, სხვა აქცენტები, თუმცა პოეზია იქაცაა, პოეზია ხომ ყველგანაა?! ხშირად მიჩნდება პროზის წერის ძლიერი სურვილი, მაგრამ, სამწუხაროდ, თითქმის არასდროს მაქვს საკმარისი დრო. პროზას სხვანაირი მზაობა და დროც გაცილებით მეტი სჭირდება. იმედი მაქვს, ჩემს ცხოვრებაში ოდესმე დადგება ისეთი პერიოდი, როდესაც შევძლებ მეტი დრო დავუთმო პროზას, უკეთ გამოვცადო თავი.

– საყვარელი პოეტი?

– არაერთს ვეთაყვანები, მაგრამ თუ გაღმერთებაზე ვსაუბრობთ, სამს დავასახელებ – ვაჟას, გალაკტიონის და ტერენტის ბადალი ჩემთვის არავინაა.

– კლასიკოსებიდან ვის გამოარჩევთ?

– არ ვიცი, რამდენად კარგად ვწერ, ეს არცაა ჩემი შესაფასებელი, მაგრამ კარგ მკითხველობაზე ნამდვილად მაქვს პრეტენზია და მიუხედავად იმისა, რომ უსაზღვრო და უსასრულოა შესანიშნავ ავტორთა ოკეანე, ამ შეკითხვის პასუხად არასდროს ვფორხილობ – ოთარ ჭილაძე! ის არის ჩემი გულის და ცნობიერების უკონკურენტო დამპყრობელი, რომლის პოეზიაშიც, სიტყვებს შორის არსებული სიცარიელის პაუზებიც კი პოეზიის სულითაა ამოვსებული.

– ლექსებს მსახიობებზე უკეთესად ავტორები კითხულობენ. თქვენც გამორჩეული ოსტატობით კითხულობთ როგორც საკუთარ, ისე სხვა ავტორების ლექსებს. თუ გაიხსენებთ იმ საღამოს, რომელიც თქვენს შემოქმედებას დაეთმო…

– დიდი მადლობა ქათინაურისთვის. მხატვრული კითხვა ცალკე მიმართულება და სიხარულია ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში. არადა, საკმაოდ სევდიან ამბავს უკავშირდება: რამდენიმე წლის წინ სულიერი ტრავმა მქონდა – ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა გული მატკინა და საერთოდ ვეღარ ვწერდი, გავშეშდი. ეს იყო საშინელი მდგომარეობა, როცა ჭურჭელივით ივსები და სადინარი არ გაქვს. გაუცნობიერებლად მოძებნა ჩემმა გონებამ გამოსავალი გადარჩენისთვის – უკვე არსებული ჩემი და სხვათა ლექსების წაკითხვა და ჩაწერა დავიწყე. ამით ვმკურნალობდი წერის შეუძლებლობით გამოწვეულ სასოწარკვეთას. მოეწონათ ავტორებს ჩემ მიერ წაკითხული მათი ლექსები და ეს სტიმულად მექცა – ალბათ, 120-ზე მეტი ავტორის ლექსი მაქვს ჩაწერილი. ამ ჩემთვის ძვირფას საბადოს განსაკუთრებით ვუფრთხილდები. ერთ ადამიანსაც თუ გამოადგა მისი ლექსის ჩემეული წაკითხვა სასიკეთო ბიძგად, ძალიან გამიხარდება.

– დაბოლოს, რა განცდით დატოვეთ აჭარის მთიანეთი?

– დიდი მადლიერების გრძნობით, უხინჯო სიხარულით, რადგან საოცარი ადამიანები გავიცანი. გამომყვა ბედნიერების განცდა, რომ ამ გულგრილ საუკუნეში ადამიანებს ჯერ კიდევ უნდათ და შეუძლიათ ერთმანეთის გახარება, რომ მთაში ვცხოვრობთ თუ ბარში, შეხვედრისას ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, არა მარტო ქართულ, არამედ, ადამიანურ ენაზე და ეს ყველაზე ძვირფასი რამაა; რომ პოეზია ძალიან ცოცხალი და ფრთამალია ყველაზე მიუდგომელ ადგილებშიც კი, რომ არსებობს იდეები და მიზნები, რომლებიც გვაბედნიერებს და გვაძლებინებს, რომ სიყვარული არსად წასულა, რაც უნდა მაღალი მთის მწვერვალზე მოექცე, იქაც დაგხვდება, იმიტომ, რომ ეს საქართველოა და სხვანაირი ვერ იქნება და არც უნდა იყოს. აჭარის მთიანეთი დავტოვე განცდით და დიდი სურვილით – რაც შეიძლება დიდხანს იარსებოს ფესტივალმა, კიდევ ბევრ ავტორს ციმციმ აეზიდოს პოეზიის ტვირთი იქ, მთაში და საპასუხო, მთიელი აჭარლების ლამაზი სიყვარული წამოეღოთ საგზლად.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *