მიხეილ ყაველაშვილი – ყოველი ახალი მეცნიერული აღმოჩენა ადამიანს კიდევ უფრო აახლოებს შემოქმედთან
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მეცნიერებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების ოთხმოცდამეხუთე წლისთავი მიულოცა. პრეზიდენტის განცხადებით, მეცნიერება თავისი არსით არის ადამიანის მიერ იმ ღვთიური კანონზომიერებების ამოკითხვისა და წვდომის მცდელობა, რომლებიც სამყაროს უდევს საფუძვლად.
,,პატივცემულო მეცნიერებო, გილოცავთ უმნიშვნელოვანეს თარიღს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების ოთხმოცდამეხუთე წლისთავს, ეს იუბილე ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური მემკვიდრეობის, მისი გონებრივი პოტენციალისა და პროგრესისკენ სწრაფვის სიმბოლოა, შესაბამისად, ყოველი ახალი მეცნიერული აღმოჩენა ადამიანს კიდევ უფრო აახლოებს შემოქმედთან. მეცნიერების განვითარებამ ფუნდამენტური როლი შეასრულა კაცობრიობის ევოლუციაში, რადგან ნათლად დაგვანახა, რომ სამყაროს შეცნობა და ჩვენი ყოფიერების უკეთესობისკენ გარდაქმნა ადამიანის ხელთ არსებული რეალური შესაძლებლობაა. მეცნიერება არ არის მხოლოდ აკადემიურ წრეებსა თუ ლაბორატორიებში მიმდინარე დახურული პროცესი, ის უშუალოდ ქმნის იმ რეალობას, რომელშიც ყოველდღიურად ვარსებობთ. მეცნიერება ერთდროულად ორი ფუნდამენტური მიმართულებით ცვლის ჩვენს სამყაროს: ერთი მხრივ, ტექნოლოგიური პროგრესის სახით, ის უწყვეტად გარდაქმნის და აუმჯობესებს ჩვენს ყოფით გარემოს, ხოლო მეორე მხრივ, მუდმივად ავსებს და აფართოებს ადამიანთა წარმოდგენას სამყაროზე. მცირე ერებში სამეცნიერო საქმიანობა დაკავშირებულია სპეციფიკურ, ხშირად რთულ გამოწვევებთან. ეს შეიძლება იყოს შეზღუდული ფინანსური რესურსები, მასშტაბური კვლევითი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა და ე.წ. ტვინების გადინების მუდმივი საფრთხე. შესაბამისად, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მეცნიერებაში წარმატების მიღწევა ნიშნავს უწყვეტ ბრძოლას გლობალურ, უთანასწორო კონკურენციაში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.