საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით…
სურსათის ეროვნული სააგენტო ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობისა და უსაფრთხო ვაჭრობის უზრუნველყოფის მიზნით, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან ფიტოსანიტარიული კონტროლისა და სერტიფიცირების საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს – საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, წლის ბოლომდე დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებების განხილვა აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთისა და ბულგარეთის შესაბამის უწყებებთან, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, თანამშრომლობა მოიცავს ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემების, ლაბორატორიული შესაძლებლობებისა და საექსპორტო პროდუქციაში პესტიციდების ნარჩენების კონტროლის მექანიზმების გაცნობას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებას.
საქართველო 2015 წლიდან ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) წევრია, რაც საერთაშორისო ფიტოსანიტარიული სტანდარტების დანერგვას, მცენარეთა დაცვის სფეროში ინფორმაციის გაცვლასა და უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ბოლო პერიოდში, კლიმატურმა ცვლილებებმა და მავნე ორგანიზმების გააქტიურებამ ამ საკითხების აქტუალობა კიდევ უფრო გაზარდა.
„სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისას ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პესტიციდების ნარჩენების კონტროლს. სახელმწიფო მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად სხვადასხვა სახეობის სურსათის 200-მდე ნიმუში მოწმდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში დარღვევები არ გამოვლენილა“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ.
საქართველოს კონტროლის სისტემის ეფექტიანობის მაგალითია ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებული საექსპორტო თხილის კონტროლის სისტემის აუდიტი, რომლის დადებითმა შეფასებამ ევროკავშირის საზღვარზე ტვირთების შემოწმების სიხშირის შემცირებას შეუწყო ხელი.
საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, წლის ბოლომდე დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებების განხილვა აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთისა და ბულგარეთის შესაბამის უწყებებთან.
„საერთაშორისო სტანდარტების დაცვა და გამჭვირვალე ფიტოსანიტარიული კონტროლი ჩვენი უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ქართული პროდუქციის მიმართ ნდობის განმტკიცებას, ექსპორტის ზრდასა და ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნას“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა.
მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტისთვის 8730 ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გასცა.
ცნობისთვის, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა („როსსელხოზნადზორი“) გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის სპეციალისტები ეწვევიან.
„საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, 2026 წლის 2 ნოემბრიდან „როსსელხოზნადზორის“ დელეგაცია საქართველოდან რუსეთში გასაგზავნი თესლოვანი და კურკოვანი კულტურების ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა“, – ნათქვამია რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის („როსსელხოზნადზორის“) განცხადებაში.