„უკრაინის ომის შედეგი, უდავოდ, განსაზღვრავს ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს“
ძველი საერთაშორისო წესრიგი იშლება და მის ნაცვლად ახალი ფორმირდება. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ამის თვალსაჩინო მაგალითია. აშშ, ჩინეთი და ევროკავშირი ცდილობენ, თავიანთი როლი შეინარჩუნონ და გაძლიერდნენ, ხოლო მცირე სახელმწიფოები იძულებული არიან, ამ კონკურენციაში საკუთარი ადგილი იპოვონ. სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი განსაზღვრავს, როგორი იქნება ახალი მსოფლიო წესრიგი… ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება პოლიტოლოგი გელა ირემაძე.
– დღევანდელ მსოფლიოში რომელი სახელმწიფოები დომინირებენ, ვინ არიან მსოფლიო პოლიტიკის მთავარი აქტორები და ამ მხრივ ევროპა რა გამოწვევების წინაშეა?
– უპირველეს ყოვლისა – ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი, რომელებსაც სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები, პოზიციები აქვთ. ჰეგემონიურ ბრძოლაში ჩინეთი აქტიურია, მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს. თუ დავაკვირდებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაშიც მსხვილ ეკონომიკურ პოტენციალს ფლობს – ლოგისტიკა, საზღვაო ინფრასტრუქტურა მის ხელშია. ევროკავშირში შემავალი ქვეყნები კარგად ხედავენ, რომ კაპიტალი სწორედ ჩინეთიდან და აზიიდან მოედინება, ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს რისკ-ფაქტორებს. დღეს ევროპული კომპანიების გაყიდვების მაჩვენებელი მსოფლიოში უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩინურის. რაც შეეხება გამოწვევებს: დღეს ევროპის უსაფრთხოება რუსეთ-უკრაინის ომთან, ენერგოუსაფრთხოებასთან და მიგრანტების ნაკადების მომძლავრებასთანაა დაკავშირებული.
– ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთი ევროკავშირსაც მოწინააღმდეგე ძალად თვლის, ეს რა ფაქტორებითაა განპირობებული?
– უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ ევროკავშირი დემოკრატიული და ეკონომიკური კეთილდღეობის გაერთიანებაა, რომელიც, რუსეთისგან განსხვავებით, ერებს და სახელმწიფოებს არ ებრძვის, თუმცა ბოლო დროს ევროკავშირში მიმდინარე პროცესები ნეგატიურად მოქმედებს პოლიტიკურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ამ მხრივ, ბოლო ორი წელია, თვალსაჩინოა არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა, მაღალი გადასახადები, რაც მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევს. ამის ნათელი დადასტურება იყო გერმანიასა და საფრანგეთში განვითარებული მოვლენები, მთავრობების ცვლილება, საპროტესტო აქციები. ამ მიმართებით რუსეთი მანიპულირებს თავისი საშუალებებით, ძირითადად, საუბარია ნავთობზე, ამას ემატება რუსეთ-უკრაინის ომი, ასევე სპარსეთის ყურეში არსებული სიტუაცია, ეს ყველაფერი ჯაჭვურადაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რაც, ცხადია, ქმნის ეკონომიკურ კრიზისს, მოსახლეობას უჭირს აღქმა, თუ რატომ ძვირდება კონკრეტული პროდუქცია. . .
– ევროკავშირი რამდენად ადეკვატურია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციების უკან ექსპერტები რუსულ კვალს ხედავენ…
– ევროკავშირის რიგი სახელმწიფოები მეტ-ნაკლებად ადეკვატურები არიან რუსულ პროპაგანდასთან მიმართებით, მაგრამ ცალკეული სახელმწიფოები, მიუხედავად დაწესებული სანქციებისა, რუსეთთან ეკონომიკურად მაინც თანამშრომლობენ. სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო პირდაპირ თუ ირიბად ვაჭრობს რუსეთთან. ასევე, აღსანიშნავია რუსული პროპაგანდა, რომელსაც ევროპელი ჩინოვნიკები სათანადოდ ვერ აღიქვამენ.
– რას გულისხმობთ?
– მოგეხსენებათ, ამას წინათ საფრანგეთსა და ესპანეთში მიგრანტებმა მაღაზიები და ღირსშესანიშნავი შენობები დაარბიეს, რაც უპრეცედენტო იყო ამ ქვეყნების უახლეს ისტორიაში. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მასობრივ არეულობებში რუსული სპეცსამსახურების კვალი იკვეთება.
– სხვათა შორის, ანალიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ აშშ ფარულად მოქმედებს ევროკავშირის წინააღმდეგ, რას ფიქრობთ?
– როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ძირითადად, მოკავშირეების მიმართ ძალიან უხეში რიტორიკა ახასიათებს. მისთვის ამოსავალი წერტილია საკუთარი სახელმწიფო ინტერესები! საკუთარი ჰეგემონობის დამტკიცება! ტრამპი, გარკვეულწილად, ევროპელ ბიუროკრატებთან მიმართებით სხვადასხვა რიტორიკით გამოირჩევა, ამის მრავალი მიზეზი არსებობს, განსაკუთრებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. მაგალითად, ამერიკელი სენატორები აცხადებენ, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით დახმარებები არათანაბარია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ომი მიმდინარეობს ევროპის კონტინენტზე და აშშ გაცილებით მეტს ხარჯავს უკრაინისთვის, ვიდრე ევროპა. მოკლედ, შეუთანხმებლობა აშშ-სა და ევროკავშირს შორის თვალსაჩინოა. აღსანიშნავია, ასევე, ამერიკის მკაცრი ტონი ნატოს მიმართაც, კერძოდ, დონალდ ტრამპი გაღიზიანებულია იმის გამო, რომ ევროპული სახელმწიფოები სათანადოდ არ აფინანსებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.
– როგორ შეიძლება შეფასდეს ევროკავშირის ურთიერთობები პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, კერძოდ, რა ინტერესი აქვს სამხრეთ კავკასიაში?
– ევროკავშირი სხვადასხვა ფორმით ურთიერთობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, დაინტერესების სფერო კი, ძირითადად, ენერგორესურსებია. მოგეხსენებათ, კასპიის ნავთობი, მილსადენები სწორედ ევროპული კომპანიების მიერ არის დაფინანსებული და განხორციელებული. ერთ-ერთია კომპანია „ბიპი“, რომელსაც გაზსადენების მშენებლობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. მათი ინტერესია, რომ ახალი ალტერნატიული ნედლეულის წყარო – ნავთობი, გაზი ჰქონდეს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია უსაფრთხოება. ამ მიმართებით სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, გარკვეულწილად, დალაგდა, მხარეები შეხვედრებს მართავენ, თუმცა რუსეთი ყოველმხრივ ცდილობს სიტუაციის არევას, ავრცელებს ყალბ ინფორმაციებს, რათა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში ბზარი შეიტანოს.
– ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით უკრაინას, ეს ომი რუსეთ–დასავლეთის დაპირისპირების გამოხატულებაა?
– მსოფლიოსთვის ეს ომი არის პრობლემა, ბოლო დროს რიტორიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით შეიცვალა. . . იმართება მოლაპარაკებები, არაერთი შეხვედრა იყო ოსლოში, სანქტ-პეტერბურგში… გაცხადდა, რომ უახლოეს მომავალში საუდის არაბეთში სამმხრივი (აშშ, რუსეთი, უკრაინა) შეხვედრა გაიმართება და ბევრი რამ გაირკვევა. აშშ ცდილობს, ომი შეჩერდეს, მეტ-ნაკლებად დაცული იყოს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. რამდენად შეძლებს ამას, რთული სათქმელია, მაგრამ მზაობა არსებობს. . . სხვათა შორის, უკრაინასთან მიმართებით დაისვა კითხვები, რომ უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები. ვფიქრობ, რომ ამ ომის დასასრულისკენ ნაბიჯები იკვეთება. მიმაჩნია, რომ უკრაინამ უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიები უნდა მიიღოს. სამწუხაროდ, რუსეთი შეინარჩუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. მიუხედავად იმისა, რომ არმია სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს რუსეთს, უკრაინას აქვს რიგი ხარვეზები, ეს გამოჩნდა ომის მსვლელობისას. მოგეხსენებათ, ბოლო დროს ინტენსიურად იბომბება კიევი და კიევის ოლქი, არის მსხვერპლი. ცალსახად, უკრაინაში ცივილიზაციური ომი მიმდინარეობს რუსეთსა და დასავლეთს შორის. ამიტომ ეხმარება ევროკავშირი უკრაინას სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში – თუ უკრაინა დამარცხდება, ეს, გარკვეულწილად, ევროპის დამარცხებაც იქმება.
– უკრიანის ომის შედეგი განსაზღვრავს თუ არა ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს?
– რა თქმა უნდა, განსაზღვრავს. სამწუხაროდ, საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა ჩამოშლილია, ვერ პასუხობს პრინციპებს, როგორიც არის სუვერენიტეტი, სახელმწიფოს მთლიანობა. ამ მხრივ, გაერო არაქმედუნარიანია, ეს აისახება კიდევაც ამ ომში. ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, მივიღებთ ახალ საერთაშორისო წესრიგს.
– რა როლი აქვს ჩინეთს ამ პროცესში, რამდენად შეძლებს ლიდერობას ახალ მსოფლიო წესრიგში?
– ჩინეთი ძალიან ფრთხილად მოქმედებს, ცდილობს, დაასუსტოს როგორც რუსეთი, ისე დასავლეთი და ეს, გარკვეულწილად, გამოსდის. მისი მონაწილეობა ამ ომში არის მზაკვრული, ერთი მხრივ, ფარულად ეხმარება რუსეთს, მეორე მხრივ კი აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩინეთი ცდილობს, ურთიერთობები არ გააფუჭოს დასავლეთთან, ასევე, შეინარჩუნოს აქტიური ურთიერთობა რუსეთთან. ჩინეთის ძირითადი ამბიცია არის ის, რომ მსოფლიო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი სიტყვა თქვას, ის ნელ-ნელა ჩრდილიდან გამოდის, ესწრაფვის, ამერიკის პირადაპირი კონკურენტი გახდეს. ეს ძალიან კარგად იცის დასავლეთმა, მის ინტერესებში არ შედის ჩინეთის, ინდოეთის და რუსეთის აქტიური დაახლოება ანუ სიღრმისეული ურთიერთობები.
– თუ, ერთი მხრივ, რუსეთს შერჩა ოკუპირებული ტერიტორიები და, მეორე მხრივ, უკრაინას არ მიეცა უსაფრთხოების რეალური გარანტიები, ვგულისხმობ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს რისი მანიშნებელი იქნება?
– სამწუხაროდ, აშშ-ის სენატის რამდენიმე წევრი პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინა არ უნდა გაერთიანდეს ნატოში, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები (პოლონეთი) და ბალტიისპირეთის რესპუბლიკები აქტიურად ლობირებენ უკრაინის გაწევრიანებას ნატოში. თავის მხრივ, ევროკავშირს უკრაინასთან მიმართებით დაწყებული აქვს მოლაპარაკებები გაწევრიანების თაობაზე, მაგრამ ჯერჯერობით უკრაინა ამ მოცემულობით ევროკავშირში ვერ გაერთიანდება იქიდან გამომდინარე, რომ თვით ევროპას დღეს არ შესწევს ძალა, ომში მყოფი ან ომის შემდგომ რეაბილიტირებული სახელმწიფო მიიღოს თავის რიგებში, მით უფრო, რომ უკრაინას აქვს შიდა პოლიტიკური პრობლემები – დემოკრატიის, კორუფციის კუთხით. ჩვენ ვნახეთ მაღალი დონის უკრაინელი ჩინოვნიკები, რომლებიც კორუფციაში იყვნენ მხილებულნი. ეს ცუდად აისახება უკრაინის სახელმწიფოს სამომავლო ინტეგრაციაზე ევროკავშირში.
– არის მოსაზრება, რომ ევროკავშირის წევრი მანამდე ვერ გახდები, სანამ ნატოში არ გაერთიანდები, რამდენად სწორია საკითხის ასე დასმა?
– არა, საკითხი ასე არ დგას, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ბალტიისპირეთის რესპუბლიკები ჯერ ნატოში გაერთიანდნენ, შემდეგ კი ევროკავშირში. ნატო არის სამხედრო- პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ითხოვს იმ სტანდარტების დანერგვას პოლიტიკურ ქმედებებში, რაც ასევე არის ევროკავშირის მოთხოვნებში. კერძოდ, ესენია: ადამიანის უფლებების დაცვა, საარჩევნო სისტემის რეგულირება, მრავალპარტიული ხელისუფლების არსებობა, გამოხატვის თავისუფლება და ა. შ. ისიც უნდა ითქვას, რომ სამხედრო თვალსაზრისით უკრაინული არმია ახლა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანია, თუმცა ალიანსთან უკრაინის დაახლოებას აფერხებს ომი და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული, გადაუჭრელი პრობლემები, უფრო სწორად – პოლიტიკური ნება!
– დაბოლოს, წყდება თუ არა უკრაინაში პოსტსაბჭოთა ქვეყნების და, მათ შორის, საქართველოს მომავალი?
– ვფიქრობ, რომ საქართველოს მომავალი და ოკუპირებული ტერიტორიების (ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთი) დაბრუნების საკითხი ნამდვილად არ დევს არც კიევში და არც ბრიუსელში, ამ კუთხით ჩვენ ბევრი რამის გაკეთება გვმართებს, მაგრამ ომი როცა დასრულდება, ცხადია, ეს, გარკვეულწილად, ჩვენს ქვეყანაზეც იმოქმედებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, სწორედ, პრაგმატული პოლიტიკა უნდა გავატაროთ, ასევე, უფრო მეტი მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება გვჭირდება, რომ ქვეყანამ მეტი მხარდამჭერის მოპოვება შეძლოს დასავლეთში, ამასთან, ეკონომიკურად უნდა გაძლიერდეს, მიგრაცია შენელდეს, გაჯანსაღდეს ქვეყნის შიგნით არსებული დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელთა მიმართ გარკვეული კითხვები გაგვაჩნია. ეს, რა თქმა უნდა, თანმიმდევრულ და გააზრებულ, მომავალზე ორიენტირებულ რეფორმებსა და დიდ შრომას მოითხოვს, რასაც ხელისუფლებისგან მოველით.
ლაშა ხომერიკი