აჭარაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების გამოსავლენად ხმის მიცემა მიმდინარეობს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტი „მაგნოლია 2026“-ის გამარჯვებულების გამოსავლენად კვლევებს ოთხი კუთხით ატარებს: უცხოელი და შიდა ტურისტების კმაყოფილების კვლევა, ონლაინ-გამოკითხვა, ტურისტული სექტორის გამოკითხვა და ობიექტების რეიტინგული ქულები ონლაინ-პლატფორმებზე. უცხოელი და შიდა ტურისტების კმაყოფილების კვლევისას, აჭარის ტერიტორიაზე მყოფი ტურისტები, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით კვლევისას, მათთვის საუკეთესო ტურისტულ ობიექტს ასახელებენ. ონლაინგამოკითხვის შემთხვევაში კი, ვიზიტიორებს ობიექტების შეფასება ტურისტულ ობიექტებზე არსებული სპეციალური QR კოდის საშუალებით, ელექტრონულად შეუძლიათ. ობიექტების შეფასების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ტურისტული სექტორის გამოკითხვაა, რომლის დროსაც სპეციალური კითხვარებით გიდების, ტურისტული სააგენტოების, კვების და განთავსების ობიექტების გამოკითხვა მიმდინარეობს. საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების გამოვლენისას ასევე, გათვალისწინებულია მათი რეიტინგული ქულები Facebook-ზე, Booking.com-ზე, Tripedvisor-სა და Google-ში.
„მაგნოლია 2026-ის დაჯილდოების ღონისძიება აჭარაში დეკემბრის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. ღონისძიებაზე გაირკვევა, აჭარაში განთავსებისა და კვების რომელ ობიექტს, გიდსა თუ ტურისტულ სააგენტოს აქვს ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება. გამარჯვებულები შემდეგ 10 ნომინაციაში გამოვლინდებიან:
- საუკეთესო ბრენდული სასტუმრო;
•საუკეთესო სასტუმრო;
•საუკეთესო ჰოსტელი;
•საუკეთესო განთავსების ობიექტი სოფლად;
•ყველაზე პოპულარული რესტორანი;
•საუკეთესო ტურისტული სააგენტო;
•წლის საუკეთესო გიდი;
•ყველაზე პოპულარული ღვინის მარანი;
•წლის საუკეთესო ტურისტული მძღოლი;
•წლის პოპულარული ტურისტული ადგილი მთიან აჭარაში.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლიის“ დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა.