საქართველომ და უკრაინამ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი მხარდაჭერის მზაობა დაადასტურეს
By

საქართველომ და უკრაინამ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი მხარდაჭერის მზაობა დაადასტურეს

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული დმიტრო ბერეჟნი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
უკრაინულმა მხარემ გიორგი ზურაბაშვილს ინფორმაცია მიაწოდა უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, მათ შორის, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შედეგებზე, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მრავალი მსხვერპლი მოჰყვა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ეს მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში განაგრძონ.
ასევე, აღინიშნა ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა სხვადასხვა სფეროში და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში კოორდინირებული მოქმედებების გაგრძელების აუცილებლობა, მათ შორის, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამ-ის (GUAM) საქმიანობის ფარგლებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების პერსპექტივებს უკრაინისთვის, განსაკუთრებით, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.
თავის მხრივ, დმიტრო ბერეჟნიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ასევე, ქვეყნისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების გაწევას მომავალშიც გააგრძელებს.

  • No Comments
  • ოქტომბერი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *