გადაწყვეტილება, შესაძლოა, კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მომავალ სხდომაზე მიიღონ
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა სომხეთის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება, შესაძლოა, 11 ნოემბერს, კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მომავალ სხდომაზე მიიღონ. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტაალატბეკ მასადიკოვმა განაცხადა.
„თუ ამ საკითხს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე წარადგენენ, ეს შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა ორგანიზაციიდან ერევნის შესაძლო გასვლასთნ დაკავშირებით საუბრისას.
ОДКБ-ის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მორიგი სხდომა 11 ნოემბერს მოსკოვში გაიმართება.
ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აგვისტოში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთი არ გეგმავს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში და მოხარული იქნება, თუ ორგანიზაციიდან გარიცხავენ.