მუნიციპალიტეტში 13 პროექტი განხორციელდება
ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან, მერიის მშენებლობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს გენო ანანიძესთან, დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ ქემალ სალაძესთან და საკრებულოს წევრ ნაზიმ ჩხეიძესთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაციის ფარგლებში, სოფელ აქუცაში, ოთარ ლომინაძის სახლის მიმდებარედ, საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის მილის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყო მონოლითური ბეტონის კედელი, პარაპეტი და გაბიონი, რომელზეც ბიუჯეტიდან 23 798 ლარი დაიხარჯა.
წელს შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 10 ღონისძიება განხორციელდება. მოეწყობა სანიაღვრე და სადრენაჟე არხები, ფერდსამაგრი და საყრდენი კედლები.
მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, დაბა ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ნაპირსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 949 900 ლარია.
მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში 1 946 600 ლარია გამოყოფილი და ჯამში 13 პროექტი განხორციელდება.
ცოტნე ცაბაძე