სტუმრად ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, განათლების და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განვითარებასა და სოციალიზაციას.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ცენტრის ბენეფიციარების ნამუშევრები აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ცეცხლაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჟღენტმა დაათვალიერეს.
ცენტრის ბენეფიციარების საჭიროებებს და მათი მშობლების მოსაზრებებს გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, რომელმაც სკოლის დირექციასთან ერთად, სამომავლოდ, ცენტრის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მიზნით, სხვადასხვა აქტივობისა და თემატური ღონისძიებების დაგეგმვაზე გაამახვილა ყურადღება.
ცენტრის მიზანია მოსწავლეთა პრაქტიკული, აკადემიური და კოგნიტური უნარების განვითარება. ამისათვის სივრცეში შექმნილია სრულად ადაპტირებული გარემო, მოსასვენებელი კუთხეები და საგანმანათლებლო სექციები. მოსწავლეები ჩართულნი არიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, თიხისა და თექის სექციებში, სადაც ეუფლებიან სხვადასხვა ტექნიკას და ქმნიან ხელნაკეთ ნამუშევრებს.
ცენტრის შესაბამისი მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა სასკოლო ასაკის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს.