„კულტურის ბანაკი“ – ახალგაზრდების შემოქმედებით პროცესში ჩართულობისთვის
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე გონიოში „კულტურის ბანაკს“ ეწვია და მონაწილეებთან ინტერაქციული შეხვედრა გამართა.
მინისტრმა ახალგაზრდებთან ისაუბრა ,,კულტურის ბანაკის” მნიშვნელოვან როლზე და აღნიშნა, რომ წელს პროექტი იუნესკოს პატრონაჟით ხორციელდება. ელისო ბოლქვაძემ ყურადღება გაამახვილა კულტურულ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის შესაძლებლობებსა და ახალი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობაზე, ბანაკის მონაწილეებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა, ასევე, ისაუბრა კლასიკური მუსიკის როლზე ადამიანის პიროვნული განვითარების პროცესში.
შეხვედრაში მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტების ექსპერტი, ბიზნესადმინისტრირების დოქტორი სოფიო ბაკურიძე. მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდებში კულტურული ცნობიერების ამაღლების, ტრადიციების პატივისცემისა და თანამედროვე კულტურული სიახლეების გაცნობის, ასევე, კულტურის სფეროში ეფექტიანი მენეჯმენტისა და განვითარებაზე ორიენტირებული კულტურული გარემოს შექმნის მნიშვნელობას.
აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტებზე და ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრა კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძემ.
შეხვედრა კითხვა-პასუხით გაგრძელდა.
„კულტურის ბანაკი“ აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მეორე წელია ხორციელდება. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ხელოვნების სხვადასხვა სფეროს მიმართ ცნობიერების ამაღლება და მათი შემოქმედებით პროცესებში ჩართულობის ზრდა. ბანაკის მონაწილეები ეცნობიან ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ისტორიასა და თანამედროვე ტენდენციებს. პროგრამა, ასევე, მოიცავს შემოქმედებითი და ლიდერული უნარების, სტრატეგიული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის განვითარებას, ახალგაზრდებს შორის გამოცდილებისა და იდეების გაზიარებას.