ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებული მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს,
ისაუბრეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ხანგრძლივი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების მთავარ თემად მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების განსაზღვრა ამ საკითხების განსაკუთრებულ აქტუალობაზე მიუთითებს.
ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და უსაფრთხოების გამოწვევებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ ასევე, ხაზი გაუსვა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის – „აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მნიშვნელობას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ გაეროს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.