საპენსიო ფონდი დამსაქმებლებს ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლების პირობებს განუმარტავს
By

საპენსიო ფონდი დამსაქმებლებს ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლების პირობებს განუმარტავს

დამსაქმებლებს, რომლებსაც საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული გადაუხდელი ჯარიმები აქვთ, კანონით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ. ამის შესახებ საქართველოს საპენსიო ფონდი კიდევ ერთხელ განმარტავს და „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებსა და ვადებზე ინფორმაციას ავრცელებს.
კანონის თანახმად, ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ შესაბამისი დამსაქმებელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სრულად შეასრულებს საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის ვალდებულებას.
„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია ერთჯერადი და განსაკუთრებული ღონისძიების ფარგლებში იმ დამსაქმებლების მხარდაჭერა, რომლებსაც საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული გადაუხდელი ჯარიმები გააჩნიათ.
„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება შეეხება 2026 წლის 18 სექტემბრამდე დაკისრებულ და გადაუხდელ ადმინისტრაციულ სახდელს, რომელიც 2025 წლის 1-ლი მაისის შემდეგ წარმოშობილი საპენსიო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარეობს.
ამასთან, 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმებიც, რომლებითაც საპენსიო შენატანის განუხორციელებლობისთვის ჯარიმის ოდენობა 300 ლარით განისაზღვრა. ამავე თარიღიდან, თუ დამსაქმებელს ჯარიმა დაეკისრება და მისი დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ მიუღებელ სარგებელს, ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება.
კანონი ასევე, ითვალისწინებს, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და აღსრულების პროცედურების დროებით შეჩერებას. ამ პერიოდში შესაბამისი საქმეების აღსრულებას შეაჩერებს აღსრულების ეროვნული ბიუროც, ხოლო საპენსიო ფონდი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აღსასრულებლად არ მიაქცევს.
მნიშვნელოვანია, რომ საქმის წარმოების შეჩერება არ იწვევს საპენსიო შენატანზე საურავის დარიცხვის შეჩერებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საპენსიო ფონდის განმარტებით, დამსაქმებლებს შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრულ ვადაში სრულად შეასრულონ ფინანსური ვალდებულებები და ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული შეღავათით.
ამასთან, კანონის მიხედვით, ჯარიმისგან გათავისუფლების პროცესისთვის დამსაქმებლის მხრიდან დამატებითი განცხადების ან მიმართვის წარდგენა საჭირო არ არის. შეღავათი ავტომატურად გავრცელდება იმ დამსაქმებლებზე, რომლებიც კანონით განსაზღვრულ პირობებს დააკმაყოფილებენ.
„2026 წლის 15 ოქტომბრიდან ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც საქართველოს საპენსიო ფონდის, ისე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემებში.
დამსაქმებელს შესასრულებელი ვალდებულების ოდენობის და საბალანსე თანხის შესახებ ინფორმაციის შემოწმება შეუძლია საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემაში www.pensions.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საპენსიო ფონდის ცხელ ხაზს 14 80-ზე“, – ნათქვამია საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • სექტემბერი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *