„როცა ყველასთვის ვცხოვრობთ და საკუთარი თავი გვავიწყდება“ – როგორ დავიბრუნოთ შინაგანი წონასწორობა
By

„როცა ყველასთვის ვცხოვრობთ და საკუთარი თავი გვავიწყდება“ – როგორ დავიბრუნოთ შინაგანი წონასწორობა

ყოველდღიურად არაერთ როლს ვირგებთ – ვართ მშობლები, შვილები, პარტნიორები, მეგობრები, თანამშრომლები. ვცდილობთ, გავუმკლავდეთ პასუხისმგებლობებს, გავამართლოთ მოლოდინი, არ გავანაწყენოთ სხვები და ზოგჯერ „კი“ ვთქვათ მაშინაც, როცა სინამდვილეში – „არა“ გვინდა. ამ დროს შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი დაგვავიწყდეს – მოვუსმინოთ საკუთარ თავს. როდის ვიწყებთ საკუთარი სურვილების ნაცვლად სხვისი მოლოდინით ცხოვრებას? რატომ გვიჭირს „არას“ თქმა და პირადი საზღვრების დაცვა? სად გადის ზღვარი ჩვეულებრივ დაღლილობასა და ემოციურ გადაწვას შორის და როგორ დავიბრუნოთ შინაგანი წონასწორობა? ამ საკითხებზე გაზეთი „აჭარა“ კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრანტ თამარ ბოლქვაძეს ესაუბრა. იგი თითქმის 11 წელია ფსიქოლოგიის სფეროშია. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია პიროვნული ავტონომია და პირადი საზღვრები, თვითშეფასების გაძლიერება და შინაგანი საყრდენის პოვნა. თამარ ბოლქვაძე ასევე ქმნის საგანმანათლებლო მასალებს და ცდილობს, ფსიქოლოგიური ცოდნა ადამიანებისთვის უფრო გასაგები, პრაქტიკული და ხელმისაწვდომი გახადოს.

ქალბატონო თამარ, რატომ შეიძლება ადამიანი დილიდანვე დაღლილი იღვიძებდეს ან დღის ბოლოს სრულიად გამოფიტული იყოს მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად მძიმე სამუშაო არ შეუსრულებია? სად იხარჯება ჩვენი ფსიქიკური და ემოციური ენერგია ყოველდღიურობაში?

– ყოველდღიურად საკმაოდ დიდ ენერგიას ისე ვხარჯავთ, რომ ამას ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ. განსაკუთრებით დამღლელია ფიქრები, რომლებიც ერთსა და იმავე მოვლენასთან გამუდმებით გვაბრუნებს, შეიძლება ვიღაცისთვის პასუხი დაგვრჩეს გაუცემელი, ნათქვამი ვერ დავივიწყოთ ან საკუთარ თავს კვლავ და კვლავ ვეკითხებოდეთ: „როგორ გამიბედა ეს?“ ენერგიას გვართმევს მუდმივი ფორიაქიც, განცდა, რომ რაღაცას ვერ ვასწრებთ, რაღაც გამოგვრჩება ან ყველაფერი ჩვენი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. სწორედ ყველაფრის გაკონტროლების მცდელობა შეიძლება იქცეს შინაგანი გამოფიტვის ერთ-ერთ წყაროდ. ამიტომ, პირველი ნაბიჯი საკუთარ თავზე დაკვირვებაა: რაზე ვფიქრობ ახლა? შემიძლია ამ სიტუაციის შეცვლა ან გაკონტროლება? სად ვარ ემოციურად, წარსულში, მომავალში თუ აწმყოში? ხშირად ფიზიკურად აწმყოში ვიმყოფებით, ჩვენი ფიქრები და ემოციები კი წარსულში რჩება ან ჯერ არდამდგარ მომავალში გადადის.

ადამიანები ხშირად ამბობენ: „ვგრძნობ, რომ საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი“. რა მიგვანიშნებს, რომ საკუთარი სურვილებით აღარ ვცხოვრობთ?

– როდესაც ადამიანს უჩნდება განცდა, რომ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის, ეს მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ დადგა დრო, საკუთარ სურვილებს უფრო ყურადღებით მოუსმინოს. ერთ-ერთი ნიშანია, როდესაც საკუთარი სურვილის გამოხატვამდე, პირველ რიგში, სხვების შესაძლო რეაქციაზე ვფიქრობთ: რას იტყვის დედა, მეუღლე, მეგობარი, კოლეგა ან საზოგადოება? ასეთ დროს გადაწყვეტილებას ხშირად იმის მიხედვით ვიღებთ, რას ელიან ჩვენგან სხვები და არა იმის მიხედვით, რა გვსურს თავად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია, როდესაც ზუსტად ვიცით, რა გვინდა, მაგრამ „არას“ თქმა მაინც გვიჭირს. გვეშინია, რომ უარის შემთხვევაში გაგვრიყავენ, აღარ მიგვიღებენ ან ჩვენზე ცუდად იფიქრებენ. გარედან შეიძლება ყველაფერი მოწესრიგებულად ჩანდეს, შინაგანად კი ადამიანი სიცარიელესა და გაღიზიანებას გრძნობდეს, რადგან თანდათან შორდება იმ ცხოვრებას, რომელიც თავად სურს ჰქონდეს. ზოგჯერ საკუთარ შიშებს სიკეთისა და მზრუნველობის მიღმაც ვმალავთ. ამიტომ ცვლილება საკუთარ თავთან გულწრფელი დიალოგით იწყება: „სხვისი აზრი რომ არ მაკავებდეს, რას ავირჩევდი? სად ვიქნებოდი ახლა? რა გამაბედნიერებდა?“

ბევრი დედა საკუთარ თავს ეკითხება: „ვარ თუ არა საკმარისად კარგი დედა?“ საიდან ჩნდება დანაშაულისა და არასაკმარისობის განცდა და როგორ შეიძლება ქალმა შვილებზე ზრუნვასა და პირად რეალიზებას შორის ჯანსაღი წონასწორობა იპოვოს?

– შეიძლება დედამ მთელი დღე შვილთან გაატაროს და საღამოს მაინც ჰქონდეს განცდა, რომ საკმარისად კარგი დედა ვერ იყო. სინამდვილეში, ყოველთვის დროის რაოდენობა არ არის გადამწყვეტი, ზოგჯერ ერთი საათიც კი საკმარისია, თუ ამ დროს ნამდვილად ბავშვთან ვართ: ვთამაშობთ, ვუსმენთ, ვესაუბრებით და მას სრულ ყურადღებას ვუთმობთ. დედობა არ უნდა ნიშნავდეს საკუთარი იდენტობის დაკარგვასა და მუდმივ თავგანწირვას. შვილებს ბედნიერი დედები სჭირდებათ, რადგან ბავშვები მხოლოდ ჩვენი სიტყვებით კი არა, ჩვენი ცხოვრების წესითა და ქცევითაც სწავლობენ. დედობა ქალის ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ის არ უნდა იქცეს ერთადერთ როლად, რომელიც მის პირად სურვილებს, ინტერესებსა და თვითრეალიზების შესაძლებლობას მთლიანად შთანთქავს.

საზოგადოება კაცისგან მოითხოვს, ძლიერი, შეუვალი, ფინანსურად მყარი დაუპრობლემოიყოს. რა ფსიქოლოგიური ფასი აქვს ამ მოლოდინს და როგორ შეუძლია კაცს საკუთარი ემოციებისა და მოწყვლადობის ჯანსაღად გამოხატვა?

– ჩვენს რეალობაში, კაცები თანდათან უფრო ღიად იწყებენ საკუთარ ემოციებზე საუბარს და, ვფიქრობ, ეს ცვლილება მომავალი თაობის აღზრდაზეც დადებითად აისახება. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს დამოკიდებულება, თითქოს კაცისთვის ემოციის გამოხატვა სისუსტის ნიშანია. ბევრს ბავშვობიდან ესმოდა ფრაზა – „კაცები არ ტირიან“, რაც ადამიანს საკუთარი განცდების დამალვასა და ჩახშობას ასწავლის. საკუთარ ემოციებზე საუბარი სისუსტე არ არის. პირიქით, იმის გაცნობიერება, რას ვგრძნობთ და ამ გრძნობების ჯანსაღად გამოხატვის უნარი ემოციური სიმწიფის მნიშვნელოვანი ნაწილია.

რატომ გვიჭირსარასთქმა და რატომ ვაყენებთ ხშირად სხვის სურვილებს საკუთარ ინტერესებზე წინ?

– „არას“ თქმა ხშირად იმიტომ გვიჭირს, რომ მის უკან გაცილებით ღრმა შიში დგას. ეს შეიძლება იყოს ბავშვობიდან ჩამოყალიბებული მიტოვების შიში, სხვებისგან აღიარების ძლიერი მოთხოვნილება ან განცდა, რომ ჩვენი ღირებულება მათ შეხედულებებზეა დამოკიდებული. ასეთ დროს ადამიანი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ფიქრობს: „თუ უარს ვიტყვი, აღარ მიმიღებენ“, „მიმატოვებენ“ ან „ჩემზე ცუდად იფიქრებენ“. შედეგად, სხვის სურვილებს საკუთარ საჭიროებებსა და ინტერესებზე წინ აყენებს. ამიტომ „არას“ თქმა მხოლოდ უარის თქმა არ არის, ზოგჯერ ეს საკუთარი სურვილისა და პირადი საზღვრის აღიარებაცაა.

როდესაც ადამიანი პირადი საზღვრების დაცვას იწყებს, შესაძლოა, გარშემომყოფებმა ის ეგოისტად მიიჩნიონ. რატომ იწვევს სხვებში წინააღმდეგობას პირადი საზღვრების დაწესება და როგორ გავუმკლავდეთ ამის გამო გაჩენილ დანაშაულის განცდას?

– ვფიქრობ, ჯანსაღი ეგოიზმი აუცილებელია. საკუთარ საჭიროებებზე ზრუნვა არ ნიშნავს, რომ სხვების ინტერესები აღარ გვაინტერესებს ან მათ მიმართ გულგრილები ვხდებით. თუ გარშემომყოფები ჩვენს მუდმივ თანხმობას არიან მიჩვეულნი, პირადი საზღვრების დაწესება მათთვის შესაძლოა, თავდაპირველად, მიუღებელი აღმოჩნდეს. სწორედ მათი უკმაყოფილება გვიჩენს ხოლმე დანაშაულის განცდას და გვაფიქრებინებს, რომ საკუთარ თავზე ზრუნვით თითქოს სხვას ვაზიანებთ. სინამდვილეში, პირადი საზღვარი ურთიერთობის უარყოფა არ არის. ეს არის სივრცე, სადაც საკუთარ საჭიროებებსაც ვაღიარებთ და ამავე დროს, სხვის უფლებებსაც პატივს ვცემთ.

როდის არის დუმილი საკუთარი თავის დაცვის საშუალება და როდის იქცევა იგი საკუთარი პოზიციის დათმობად, შიშის გამოხატულებად ან შინაგანი პროტესტის ჩახშობად?

– ამის გასაგებად საკუთარ შინაგან მდგომარეობას უნდა დავაკვირდეთ. თუ დუმილის შემდეგ სიმშვიდის ნაცვლად შინაგანი პროტესტი, წყენა ან განცდა გვრჩება, რომ საკუთარი პოზიცია დავთმეთ, შესაძლოა, ეს დუმილი თვითდაცვის ნაცვლად, საკუთარი სურვილის ჩახშობა იყოს. თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც დუმილი გაცნობიერებული არჩევანია, უბრალოდ, არ გვსურს კონკრეტულ საკითხზე დროისა და ენერგიის დახარჯვა. ასეთ დროს დუმილი შეიძლება სწორედ საკუთარი სიმშვიდის დაცვის საშუალება გახდეს. ჩვენი ემოციები ხშირად მნიშვნელოვან მინიშნებებს გვაძლევს. ამიტომ საჭიროა არა მხოლოდ იმას მოვუსმინოთ, რასაც სხვებს ვეუბნებით, არამედ იმასაც, რასაც საკუთარ თავში ვგრძნობთ.

ბევრი ადამიანი საკუთარი თავის ყველაზე მკაცრი მსაჯულია და მცირე შეცდომასაც კი დიდხანს ვერ პატიობს. საიდან ჩნდება შინაგანი კრიტიკოსი“ და როგორ ვისწავლოთ საკუთარ თავთან მეტი თანაგრძნობით საუბარი?

– შინაგანი „კრიტიკოსი“ ხშირად იქიდან მოდის, თუ როგორ გვესაუბრებოდნენ ბავშვობაში, რამდენად ხშირად გვაკრიტიკებდნენ, გვადარებდნენ სხვებს ან გვიქმნიდნენ განცდას, რომ რაღაცას მუდმივად არასწორად ვაკეთებდით. დროთა განმავლობაში გარედან მოსმენილი ეს შეფასებები შეიძლება ჩვენს შინაგან ხმად იქცეს და ერთ დღეს აღმოვაჩინოთ, რომ უკვე თავად ვესაუბრებით საკუთარ თავს იმავე სიმკაცრით. მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ: შეცდომა ჩვენი პიროვნების შეფასება არ არის. შეგვიძლია დავინახოთ, სად შევცდით, გავაანალიზოთ და გამოცდილებად ვაქციოთ, მაგრამ ამისთვის საკუთარი თავის დამცირება საჭირო არ არის. საკუთარ თავთან თანაგრძნობა შეცდომის უგულებელყოფას კი არა, მის მიღებასა და მისგან სწავლას ნიშნავს.

რატომ ვაიგივებთ დაშვებულ შეცდომასა და განცდილ მარცხს საკუთარ პიროვნულ ღირებულებასთან და როგორ ვისწავლოთ წარუმატებლობის გამოცდილებად აღქმა?

– შეცდომისა და მარცხის საკუთარ ღირებულებასთან გაიგივების უკან ხშირად ბავშვობის გამოცდილება დგას. თუ ბავშვს შეცდომის გამო აკრიტიკებდნენ, არცხვენდნენ, სხვებს ადარებდნენ ან აგრძნობინებდნენ, რომ მხოლოდ მაშინ იყო „კარგი“, როცა ყველაფერს სწორად აკეთებდა, შეიძლება ჩამოუყალიბდეს რწმენა: „თუ შევცდი, საკმარისად კარგი აღარ ვარ“. სწორედ ამიტომ, მარცხი ზოგჯერ მხოლოდ კონკრეტულ წარუმატებლობად აღარ აღიქმება, ადამიანს უჩნდება განცდა, თითქოს ამით მისი პიროვნული ღირებულებაც მცირდება. მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ეს ორი რამ: შეიძლება რაღაც ვერ გამოგვივიდეს, არასწორი გადაწყვეტილება მივიღოთ ან შეცდომა დავუშვათ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ განსაზღვრავს ჩვენს პიროვნულ ღირებულებას.

სოციალური ქსელები ყოველდღიურად გვაჩვენებს სხვების ცხოვრების საგანგებოდ შერჩეულ, წარმატებულ და ბედნიერ ნაწილს. როგორ მოქმედებს ამ იდეალიზებულ სურათთან საკუთარი ყოველდღიურობის შედარება ჩვენს თვითშეფასებაზე?

– ფსიქოლოგიაში ამას სოციალური შედარება ეწოდება. ლეონ ფესტინგერის მიხედვით, ადამიანს საკუთარი თავის სხვებთან შედარების ბუნებრივი ტენდენცია აქვს. სოციალური ქსელები კი ამისთვის ყოველდღიურად უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს. პრობლემა ის არის, რომ ხშირად სხვის საგანგებოდ შერჩეულ „საუკეთესო ვერსიას“ საკუთარ ყოველდღიურ რეალობას ვადარებთ. ერთ მხარეს ვხედავთ წარმატებულ მომენტს, ლამაზ ფოტოს, მიღწევას ან ბედნიერ ეპიზოდს, მეორე მხარეს კი საკუთარ ცხოვრებას მთელი თავისი სირთულეებით. ეს თავიდანვე არათანაბარი შედარებაა. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ეკრანზე დანახული ერთი მომენტი ადამიანის მთელი ცხოვრების სურათი არ არის.

რას ნიშნავს ემოციური ავტონომია?

– ემოციური ავტონომია, გარკვეულწილად, საკუთარი შინაგანი საყრდენის ქონას ნიშნავს. აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გემოვნებასა თუ შეხედულებებში ვერ ჩავჯდებით და ეს ბუნებრივია. სხვისმა შეფასებამ შეიძლება გვატკინოს, დაგვაფიქროს ან ზოგჯერ საკუთარ ქცევაზე გადახედვაც გვაიძულოს, მაგრამ მან მთლიანად არ უნდა განსაზღვროს ჩვენი თვითშეფასება. მაგალითად, თუ ვინმე ჩემს პროფესიულ საქმიანობას გააკრიტიკებს, შეიძლება ეს მეწყინოს და მის ნათქვამზეც დავფიქრდე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთი ადამიანის შეფასების გამო საკუთარ პროფესიულ ღირებულებას ეჭვქვეშ დავაყენებ.

გავრცელებულია მოსაზრება, რომყველაფერი, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“...

– ყველა ტკივილი თავისთავად, არ გვაძლიერებს. თუ მძიმე გამოცდილებამ პოსტტრავმული სტრესული სიმპტომები გამოიწვია, მნიშვნელოვანია სპეციალისტის ჩარევა და შესაბამისი დახმარების მიღება. ტრავმის გაცნობიერება და გადამუშავება სათანადო მეთოდებით უნდა ხდებოდეს, რადგან დიდი ტკივილის დროს ადამიანის ფსიქიკა განსაკუთრებით ფაქიზია და მას მხარდაჭერა სჭირდება. კრიზისულ გამოცდილებას ნამდვილად შეუძლია ადამიანში მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოწვევა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტკივილი აუცილებელი იყო ჩვენი გაძლიერებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველაფერი, რაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება, მისი ბრალი არ არის.

როგორ განვასხვაოთ ჩვეულებრივი დაღლილობა ემოციური ან პროფესიული გადაწვისგან?

– ჩვეულებრივ დაღლილობასა და ემოციურ გადაწვას შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ის არის, რომ დაღლილობა დასვენების შემდეგ, როგორც წესი, მცირდება. ემოციური ან პროფესიული გადაწვის დროს კი გამოფიტვის განცდა შეიძლება ხანგრძლივად გაგრძელდეს და მხოლოდ ერთი ან ორი დღის დასვენება საკმარისი აღარ იყოს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია საკუთარ მდგომარეობაზე დაკვირვება და იმის გააზრება, თუ რა გვფიტავს. ზოგჯერ საჭიროა ყოველდღიური რუტინის შეცვლა, პრიორიტეტების გადახედვა, გარემოს დროებით შეცვლა და ჯანსაღ ჩვევებზე ზრუნვა, სრულფასოვანი ძილი, საკმარისი სითხის მიღება, სეირნობა და დასვენება. თუმცა ენერგიის აღდგენის წყარო ყველასთვის ერთნაირი არ არის. ამიტომ მნიშვნელოვანია, ადამიანმა თავად აღმოაჩინოს, რა ავსებს მას ენერგიით და რა ეხმარება შინაგანი რესურსის აღდგენაში.

სამი მარტივი და პრაქტიკული ნაბიჯი, რომელთა გადადგმაც შინაგანი წონასწორობის აღსადგენად დღესვე შეგვიძლია.

– ხშირად გვინდა, ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ერთბაშად შეიცვალოს, თუმცა, ზოგჯერ ცვლილება ძალიან მცირე ნაბიჯით იწყება, გაჩერებით და საკუთარ თავთან დაბრუნებით.

პირველი – გაჩერდით და მოუსმინეთ საკუთარ თავს. ჰკითხეთ: „რას ვგრძნობ ახლა? რა მჭირდება? რაზე ვხარჯავ ჩემს ენერგიას?“

მეორე – დაიცავით საკუთარი სიმშვიდე. შეუძლებელია, ყველას მოლოდინი გავამართლოთ და ყველა ადამიანის სურვილი დავაკმაყოფილოთ. ეს არც არის საჭირო.

მესამე – ყოველდღიურად დატოვეთ მცირე სივრცე საკუთარი თავისთვის. ეს შეიძლება იყოს სეირნობა, საყვარელი საქმიანობა, რამდენიმე წუთი სიჩუმეში ან უბრალოდ, დასვენება.

ზოგჯერ საკუთარ თავთან დასაბრუნებლად დიდი ცვლილებები არ გვჭირდება, უბრალოდ – დავიწყოთ საკუთარი თავის მოსმენა.
დადუ გაბაიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *