უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი – აჭარაში
By

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი – აჭარაში

 

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი  შიო III ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ეწვია. ამ რანგში აჭარაში ეს მისი პირველი ვიზიტი გახლდათ და არ იყო გასაკვირი, რომ იმ დღეს გამორჩეულად მრავალმრიცხოვანი მრევლი შეიკრიბა  როგორც ტაძარში, ისე ტაძრის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. ვინც ტაძარში შესვლა ვერ მოახერხა, ისინი მთელი წირვის მიმდინარეობას ეზოში სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე უყურებდნენ და წირვაში თანამონაწილეობდნენ.

ორი დღით ადრე, 19 სექტემბერს,  მის უწმინდესობას ბობოყვათის რეზიდენციაში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი სამღვდელოებასთან და აჭარის მთავრობის თავმჯომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად დახვდა.

საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა, სადაც პატრიარქთან ერთად სხვადასახვა ეპარქიიის მღვდელმთავრები, სხვა სასულიერო პირები თანამსახურებდნენ.

სადღესასწაულო წირვას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ასევე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა შეკრებილთ დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა:

„საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით აღვნიშნავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, შობასაც, რადგან ჩვენი ერი არის წილხვედრი დედა ღვთისმშობლისა, ვადიდებთ, ვმადლობთ და თაყვანს ვცემთ მას ამისთვის, რომ ინება, მისი წილხვდომილი ყოფილიყო ჩვენი სამშობლო, ჩვენი ერი.

დიდება და მადლობა უფალს, რომ მთელი ისტორიის განმავლობაში, დედა ღვთისმშობელი გვმფარველობს ჩვენ, ჩვენს ქვეყანას. ამის მრავალი მაგალითია ჩვენს ისტორიაში და მისი მფარველობა დღესაც გრძელდება. ის მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს…..

. . . დღეს ჩვენთვის არის დიდი სიხარული, ძვირფასო მეუფენო, ძვირფასო მეუფე დიმიტრი, აჭარის კურთხეულ მიწაზე ყოფნა და მსახურება.

მის უწმინდესობას და უნეტარესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს უთქვამს, რომ აჭარა არის განმანათლებელი საქართველოსი, კარიბჭე ჩვენი სულიერი ცხოვრებისა, რადგან პირველად სწორედ აქედან დაიწყო სახარების ქადაგება, აქ გაისმა პირველად საქართველოში სახარების სიტყვები. აქ იქადაგეს წმინდა მოციქულებმა: ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა, მატათამ, რომლის საფლავიც, გადმოცემის მიხედვით, აქ, სულ ახლოს, გონიოს ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამიტომ აჭარა ჩვენთვის, მთელი საქართველოსთვის განსაკუთრებით წმინდა მხარეა.

მრავალი ტკივილი, განსაცდელი და წამება გამოიარეს აჭარლებმა. მტერი მუდამ ცდილობდა, ჩამოეშორებინა აჭარა საქართველოსთვის, მოეწყვიტა ქრისტიანობისგან, მაგრამ     აჭარელმა ხალხმა თავისი სისხლის და სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა ქართული სულიც და სარწმუნოებაც. ჩვენ ვხედავთ, როგორი შემობრუნებაა უფლისკენ, ქრისტესკენ, ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ აჭარელ ხალხში ამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ საქმეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომელიც დაახლოებით 7 წლის განმავლობაში იყო ამ ეპარქიის მღვდელმთავარი, მაშინ ბათუმ-შემოქმედის ეპარქია ეწოდებოდა. მან ფეხით შემოიარა თითქმის მთელი აჭარა, ხვდებოდა ხალხს, უქადაგებდა სარწმუნოებას და, შედეგად, დაიწყო ასობით და ათასობით ადამიანის შემობრუნება და მონათვლა, აჭარლები უბრუნდებოდნენ თავიანთი წინაპრების სარწმუნოებას, მართლმადიდებლობას.

ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი დღესაც გრძელდება, რა დიდი აღმშენებლობაა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აქ მოღვაწეობის შემდეგ, როგორ გრძელდება ეს აღმშენებლობა, რამდენი ტაძარი და მონასტერი აშენდა, რამდენი ადამიანი მოინათლა კიდევ და კიდევ, როგორი საგანმანათლებლო და სოციალური მუშაობა მიმდინარეობს! ამ ყველაფერს სათავეში უდგას მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი.

ძვირფასო მეუფე, თქვენ უკვე 30 წელია მოღვაწეობთ ასეთი დიდი რუდუნებით, დიდი ენერგიით და აგრძელებთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის დაწყებულ საქმეს აჭარაში. მინდა, პირადად ჩემი და ჩვენი სინოდის სახელით დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი ერთგული ღვაწლისათვის.

მინდა, განსაკუთრებით გამოვყო თქვენი საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობა. იმ მოწყალების სავანეებში, სასწავლებლებში ჩვენი ახალგაზრდობა ეუფლება ძალიან ღირსეულ განათლებას, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, მოხუცები იღებენ ნუგეშსა და დახმარებას. ეს არის თქვენი დიდი გული, ენერგიისა და მზრუნველობის შედეგი. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისთვის დიდი სიყვარულით. დიდი მადლობა ყველას! თქვენ იცით, რომ წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ დღეს შევიკრიბეთ აჭარაში, აჭარის გულში, საქართველოს განმანათლებელ აჭარაში, საიდანაც დაიწყო ქრისტიანობა ჩვენთან, აქ მსახურებისა და წირვა-ლოცვის ჩასატარებლად.

ძვირფასო მეუფე, ნიშნად ჩემი სიყვარულისა, ჩვენი დიდი ძმური ურთიერთობებისა და პატივისცემისა, მინდა, გისახსოვროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეს პანაღია, დედა ღვთისმშობელი ყოფილიყოს თქვენი მფარველი და მეოხი!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს. ღვთისმშობლის მეოხებით, მისი ლოცვით უფალმა დალოცოს აჭარა, უფალმა დალოცოს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, უფალმა დალოცოს მეუფე დიმიტრი, ამ ეპარქიის სამღვდელოება, სამონაზვნო დასი, მრევლი, ყოველი თქვენგანი!

დედა ღვთისმშობლის მეოხებით და ლოცვით ღმერთმა  გადაარჩინოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ!“, -აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა.

შეკრებილებს ქადაგებით მიმართა მეუფე დიმიტრიმ, რომელმაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საჩუქრად პანაღია გადასცა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, რომელიც წირვას  ოჯახთან ერთად დაესწრო.  შეკრებილ მრევლსა და  მოსახლეობას ღვთისმშობლობა მიულოცა:

„დღეს ყველანი ერთად ვზეიმობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბათუმში იმყოფება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მისი უწმინდესობა შიო III. მისი ლოცვა-კურთხევით, მრევლი, მომლოცველები და ჩვენი თანამოქალაქეები ერთად აღვნიშნავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს. მინდა, ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მივულოცო აჭარის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს. ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებული სულიერი სიმდიდრით გამოირჩევა და დღევანდელი დღეც ამის ნათელი დასტურია“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ტაძარში  შეკრებილებმა პატრიარქის ჩამობრძანების სიხარული გაგვიზიარეს.

ვახტანგ ღლონტი, პოეტი:

– ჩვენთან არათუ უბრალო ჩამოსვლა, ამხელა დღესასწაულზე ჩამოსვლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, გამომდინარე იქიდან, რაც გადაიტანა ჩვენმა კუთხემ. სამასწლოვანი ტკივილი კი გადაიფარა, მაგრამ გარკვეული ძალები ჩვენი სამშობლოს გარედან მაინც მოძრაობენ და ეს ალბათ, პოეტმა უნდა თქვას, არც არასოდეს დამიმალია. ამიტომ ყველაფერ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მახსოვს უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ჩამობრძანება აჭარაში, კერძოდ ამ ეზოში, როდესაც ეს ტაძარი გაიხსნა და ბოლოს იმდენი ხალხი იყო, რომ  პატრიარქი ტაძარში ვერ შედიოდა,  ავტოინსპექციის უფროსმა მთხოვა, ბატონო ვახტანგ, მანქანაში ჩაგვიჯექიო და…  მიკროფონი მომცეს.  გამოატარეთ უწმინდესი-მეთქი, ხალხს მოვუწოდე.   მისი უწმინდესობის ჩამობრძანება ძალიან მნიშვნელოვანია, ღვთისმშობლობა ეს არ არის რიგითი დღესასწაული. ამას განსაკუთრებული მაგალითის ძალა აქვს. მინდა ვისურვო, რომ ათასნაირად დაწეწილ ჩემს ქვეყანას შეასრულებინოს  მისია – მთავარი ღერძის ირგვლივ  ახლოს იყოს, მის ირგვლივ გაერთიანებულიყოს, თორემ ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობს რელიგიური განსხვავებულობა, როდესაც პედალს ბოროტად აჭერენ, უკვე გადამძღარი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და მე, თქვენთან ერთად, ჩემი პატარა სამშობლო მადარდებს. ამიტომ ეს  არის კიდევ ერთი  განსაკუთრებული დღე ჩვენთვის, ყველასთვის, და მთელი საქართველოსთვის.

თემო ტარიელაძე, ახალგაზრდა მრევლი:

– ჩვენ გვახსოვს პატრიარქის დაკრძალვა თბილისში, როცა ყველა ერთად ვიყავით, მაშინ ყველა გაერთიანდა რელიგიური  კუთვნილების მიუხედავად და ერთად იდგა. დღეს აქაც ვხედავთ ამას. ისევე,  როგორც ილია მეორე აერთიანებდა ამ ერს, დღესაც ბათუმში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩამობრძანებას ახლავს ერთიანობა. მიხარია, რომ  საკათედრო ტაძრის ეზოში  სხვა კონფესიის წარმომადგენლებს ვხედავ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთიანები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ  დღეს ჩვენ აქ ერთად ვდგავართ და პატრიარქთან ერთად აღვავლენთ ლოცვას საქართველოს გამთლიანებისთვის, გაძლიერებისთვის. მინდა ასეთი ერთიანები ვიყოთ, როგორც დღეს ვართ.

ბელა ქებურია, პოეტი, ჩოხოსანი:

– დღევანდელი დღე, როგორც საეკლესიო დღესასწაული, ძვირფასია, მაგრამ პატრიარქი პირველად გვესტუმრა და ამით ჩვენი ეპარქიის ისტორიაში  ახალი ფურცელი იწერება. იწყება ის, რამაც, ღმერთით,  საქართველო უნდა გაიყვანოს იმ ნათელ გზაზე, რა ნათელ გზაზეც ამდენი წელია ვლოცულობთ და  ამდენი ხანია  მივილტვით. ჩვენი ერთადერთი ხსნა ისევ ეკლესიისკენ მიბრუნება და  ერთმანეთის სიყვარულშია.

თენგიზ თავდგირიძე, ჩოხოსანი:

– დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა აჭარის ისტორიაში, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება – ახლად არჩეული საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი აჭარაში პირველად ჩამობრძანდა. ხალხის რაოდენობასაც ხედავთ. ვფიქრობ, რომ სულ მოკლე დროში მისმა უწმინდესობამ  ძალიან დიდი წრე შემოიკრიბა თავის ირგვლივ, რაც ძალიან სასიხარულოა. მინდა ქართველ ერს მივულოცო ეს დიდი დღესასწაული და პატრიარქის ჩამობრძანება.
ჯონი ბარამიძე, აჭარის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე:

– დღევანდელ უდიდეს დღესასწაულს დაემატა კიდევ ერთი ბედნიერება – პატრიარქის ჩამობრძანება. ჩოხოსნების სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო მას, რომ საშუალება მოგვეცა დავსწრებოდით ამ სადღესასწაულო  წირვას და მის გვერდით ვყოფილიყავით.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • სექტემბერი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *