საერთაშორისო პლენერი „მშვიდობისთვის 2026“ – შემაჯამებელი გამოფენა ბათუმში
აჭარის ხელოვნების მუზეუმში პროექტის „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026“ შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნა. საერთაშორისო პროექტი მეექვსედ ჩატარდა ქალაქ ფოთსა და ბათუმში. წელს პლენერში მონაწილეობდა 25 ხელოვანი 11 ქვეყნიდან, მათ შორის – 13 ქართველი მხატვარი.
შემაჯამებელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 70-მდე ფერწერული ნამუშევარი, რომლებიც მხატვრებმა სამი დღის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ შექმნეს.

ექსპოზიცია აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძემ და აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა თეონა ზოიძემ პროექტის ორგანიზატორებთან ერთად გახსნეს.
ელისო ბოლქვაძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა საერთაშორისო პროექტის მნიშვნელობას ერებს შორის კულტურული დიალოგის გაძლიერებისა და პროფესიული კავშირების განვითარების პროცესში.
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, საქართველოსა და აფხაზეთის მხატვართა კავშირების მხარდაჭერით და შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაცია „პლენერი-20“-ის ინიციატივით ხორციელდება.