კურორტ გოდერძის განვითარებაზე იმსჯელეს
By

კურორტ გოდერძის განვითარებაზე იმსჯელეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძის განვითარების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრები, შესაბამისი უწყებების, კურორტ გოდერძის ადმინისტრაციისა და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ითქვა, რომ კურორტ გოდერძის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების დროული და ხარისხიანი განხორციელება, რათა კურორტი ზამთრის სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გენერალური გეგმით გათვალისწინებული პროექტების თანმიმდევრულ განხორციელებაზე. აღინიშნა, რომ აჭარის მთავრობის მიზანია კურორტზე ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა, ახალი სასტუმრო კომპლექსებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერასა და რეგიონში ეკონომიკური აქტივობის ზრდას.

მთავრობის თავმჯდომარე და შეხვედრის სხვა მონაწილენი კურორტზე მიმდინარე და დაგეგმილ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნენ. კურორტზე თანამედროვე სტანდარტების ავტოსადგურის, მრავალფუნქციური ბაზრობა-გამოფენის კომპლექსისა და თოვლსატკეპნი ტექნიკის ანგარის მშენებლობა მიმდინარეობს.

,,კურორტ გოდერძიზე სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს, უახლოეს დღეებში დაიწყება გზის მშენებლობა შესასვლელიდან ცენტრალურ ნაწილამდე. ასევე, განთავსდება მნიშვნელოვანი ობიექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს სერვისების გაუმჯობესებას. შესაბამისმა სამსახურებმა კონკრეტული დავალებები მიიღეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს როგორც სამუშაოების ხარისხს, ისე ვადების დაცვას. კურორტს დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი მიზანია, ეს შესაძლებლობები სრულად გამოვიყენოთ და კიდევ უფრო მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ჩამოვაყალიბოთ“, – თქვა ბატონმა ზურაბ პატარაძემ.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *