„ტრამპთაუერის“ საერთაშორისო წარდგენა – ახალი მასშტაბის პროექტი დედაქალაქში
By

„ტრამპთაუერის“ საერთაშორისო წარდგენა – ახალი მასშტაბის პროექტი დედაქალაქში

თბილისში „ტრამპთაუერ თბილისის“ ოფიციალური საერთაშორისო წარდგენის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. რეგიონში პირველი Trump-ის ბრენდის პროექტი დედაქალაქის ცენტრში, მასშტაბური Downtown Tbilisi-ს განვითარების ფარგლებში განხორციელდება და პროექტის ავტორების განცხადებით, თბილისში ლუქს-უძრავი ქონების ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს.

პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ლორენს ჯეი გლიკმა აღნიშნა, რომ საქართველოში პროექტს განსაკუთრებული დახვედრა და მხარდაჭერა ხვდა წილად.

„ჩვენ მსოფლიოში გვაქვს 30 პროექტი და არასდროს მინახავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ასეთი კეთილგანწყობით დაგვხვდნენ, ასე გულითადად მოგვესალმნენ. როდესაც ჩვენ შემოვდივართ ასეთი ფუფუნების ბრენდით და გვექნება ასეთი „თაუერი“ საქართველოში, ბევრი სხვა ორგანიზაცია და სხვა ბრენდიც შემოვა. უპირველეს ყოვლისა, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, ასევე, გუნდის წევრებს მხარდაჭერისთვის. ყველა ეს ადამიანი მართლაც აღუწერელ მხარდაჭერას გვიწევდა. ჩვენ ფუფუნების ბრენდის წარმომადგენლები ვიქნებით და სწორედ იმას გავაკეთებთ აქ, რაც ადრე არ ყოფილა“, – განაცხადა ლორენს გლიკმა.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელება თბილისს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოაქცევს.

„ტრამპ ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა, რომელიც ღონისძიებას ვიდეოჩართვით შეუერთდა, აღნიშნა, რომ „ტრამპთაუერი“ მხოლოდ უძრავი ქონების პროექტი არ იქნება და მისი მიზანი ქალაქის ახალი სტანდარტით განვითარებაა.

„საქართველოსთვის „ტრამპთაუერი“ მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს მზერა მიპყრობილი იქნება საქართველოსკენ. ახლა მოხდება განვითარების და დეველოპმენტის ახალი სტანდარტის განსაზღვრა. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს და ადგილმდებარეობას. გვინდა, საქართველო მართლაც მოექცეს მსოფლიო რუკაზე და დიდი ყურადღება იქნეს გამოჩენილი საქართველოს მიმართ“, – განაცხადა ერიკ ტრამპმა.

მისივე თქმით, პროექტისთვის თბილისის მდებარეობა და ქვეყნის კულტურული და ბუნებრივი გარემო მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

„საქართველო არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და მინდა, რომ ეს შენობა იყოს საუკეთესო ევროპაში, აზიაში და ახალი იერი შეიძინოს თბილისის სახემ. პროექტზე მომუშავე მთელი ჩვენი გუნდი მზად არის, მთელი გული და სული ჩადონ ამ პროექტში, რომ ეს მართლაც გახდეს საუკეთესო შენობა საქართველოში და არამარტო საქართველოში“, – აღნიშნა ერიკ ტრამპმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ „ტრამპთაუერის“ მასშტაბი მხოლოდ ურბანული განვითარების ფარგლებს სცდება.

„დღევანდელი დღე, თამამად შეიძლება ითქვას, არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის. ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 600 ათასი კვადრატული მეტრი თანამედროვე სივრცე დედაქალაქის ცენტრში, ქვეყნისთვის ახალ რეალობას, გამორჩეულ ეკონომიკურ და ტურისტულ მიზიდულობას შექმნის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, დაგეგმილია 280 მეტრის სიმაღლის, 62-სართულიანი „ტრამპთაუერის“ მშენებლობა, რომელიც განახლებულ ცენტრალურ პარკთან ჰარმონიულად იქნება ინტეგრირებული.

„ეს პროექტი ნიშნავს ათასობით სამუშაო ადგილს ჩვენს ქვეყანაში, მრავალწლიან დაკვეთებს ქართული სამშენებლო სექტორისთვის და, ამდენად, უდიდეს სტიმულს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. 2031 წელს, როდესაც „ტრამპ თაუერი“ აშენდება და 2033 წელს, როდესაც მთლიანი უბანი დასრულდება, თბილისი მიიღებს სრულიად გამორჩეულ სივრცეს, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმება განახლებულ ცენტრალურ პარკს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ტრამპის ორგანიზაციისა“ და მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული ფირმის, Gensler-ის ჩართულობა, პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მისივე თქმით, პროექტი ქართული ბიზნესის შესაძლებლობებსაც წარმოაჩენს.

„მსოფლიო გიგანტების ღირსეული და სრულფასოვანი პარტნიორია ქართული ბიზნესი. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართულ კომპანიებს და კაპიტალს გლობალური მასშტაბის იდეების განხორციელების რესურსი და შესაძლებლობა აქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პროექტის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი განცხადებით, მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო პროექტები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის მიმართ ნდობას აძლიერებს.

„მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო პროექტები კონკრეტული ინვესტიციის ფარგლებს სცდება, აძლიერებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და გრძელვადიანი პერსპექტივების მიმართ და საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებას უგზავნის მკაფიო სიგნალს, რომ საქართველოში მასშტაბური პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის თქმით, პროექტი უკვე განხორციელების ეტაპიდან შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

„დარწმუნებული ვარ, ქართულ და ამერიკულ კაპიტალზე დაფუძნებული ეს უმსხვილესი საერთაშორისო პროექტი თბილისის ახალ სავიზიტო ბარათად იქცევა და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მთელი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და საერთაშორისო ცნობადობის შემდგომ ზრდაში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე განცხადებით, 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ, წლიურად 9.3%-ით იზრდებოდა, 2026 წლის პირველ ნახევარში კი ეკონომიკურმა ზრდამ 7.9% შეადგინა. ამ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის მოცულობამ 2025 წელს 38 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო 2021 წლიდან დღემდე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, თითქმის 10 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„ტრამპთაუერ „თბილისი“ Downtown Tbilisi-ს მასშტაბური პროექტის პირველი თაუერი იქნება, რომლის დასრულებაც დაგეგმილია 2031 წელს, მთლიანად ახალი უბნის განვითარება კი 2033 წლისთვის არის გათვალისწინებული.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *