ახალი სასწავლო წელი აჭარაში – 5 658 პირველკლასელის პირველი ნაბიჯი ცოდნის სამყაროში
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე – ახალი მიზნებით, მოლოდინითა და ოცნებებით სავსე. სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი არ არის, ეს არის სივრცე, სადაც ბავშვები საკუთარ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ, მეგობრობას სწავლობენ, პიროვნულად ყალიბდებიან და ნაბიჯ-ნაბიჯ, მომავლისკენ მიდიან. განათლება კი ის გზაა, რომელიც ადამიანს ცოდნასთან ერთად, საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში ეხმარება.
დღეს ეს გზა განსაკუთრებული ემოციით დაიწყო პირველკლასელებისთვის, რომლებიც პირველად შეაღეს სკოლის კარები. მათთვის პირველი ზარი ახალი თავგადასავლის დასაწყისია – ახალი საკლასო ოთახი, პირველი მასწავლებელი, პირველი მეგობრები და უამრავი აღმოჩენა… ამავდროულად, სკოლას უკვე ნაცნობი ემოციებით უბრუნდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც სწავლის მომდევნო საფეხურზე გადავიდნენ და საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების კიდევ უფრო გაღრმავებას აგრძელებენ.
ახალ სასწავლო წელს აჭარაში 72 907 მოსწავლე ისწავლის, მათ შორის 5 658 პირველკლასელია. პირველკლასელთა ყველაზე დიდი რაოდენობა ბათუმშია – 3 770 მოსწავლე, ქობულეთში – 927, ხელვაჩაურში – 662, ქედაში – 121, ხულოში – 110, ხოლო შუახევში – 68.
აჭარის რეგიონში ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეები 230 საჯარო და 25 კერძო სკოლაში ხვდებიან.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, განათლების მნიშვნელობაზე, ახალი სასწავლო წლის მიზნებსა და მოსწავლეებისთვის შექმნილ შესაძლებლობებზე ისაუბრეს ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლაში მისულმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს მიულოცა და ყურადღება რეგიონის სკოლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა.
– პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ბათუმში, მეორე საჯარო სკოლაში, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძალიან ისტორიული შენობა. არაერთი თაობა აღზარდა ამ უმნიშვნელოვანესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ. დღეს ამაყები ვართ, რომ ბავშვებთან ერთად, პედაგოგებთან ერთად ვიმყოფებით ამ სკოლაში, ამ ახალ სივრცეში, განახლებულ ბიბლიოთეკაში, ასევე, შეემატა ახალი ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი არამარტო ერთი სკოლისთვის. სიახლეები გვაქვს მთელი რეგიონის მასშტაბით. 4 ახალი სკოლით ხვდება დღეს აჭარა სასწავლო წელს. ასევე გვაქვს 25 რეაბილიტირებული სკოლა, რაც ასევე, მნიშვნელოვანია, 2027 წლისთვის 7 ახალი სკოლა შევა ექსპლუატაციაში და იგეგმება 10 ახალი სკოლის მშენებლობა.
ასევე მნიშვნელოვანია პირველი ზარი, რომლის ფონზე პირველკლასელებმა პირველი ნაბიჯები გადადგეს სკოლის მიმართულებით. პირველი კლასი არის პირველი განცდა, პირველი ემოციები. რა თქმა უნდა, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია პედაგოგები, აღმზრდელები – თუ ვინ ხვდება, მათი როლი და ჩართულობა. მათზე არის დამოკიდებული ბავშვების სწორად აღზრდა, დედაენის სწავლა, სამშობლოს სიყვარულის სწავლა, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული. დღეს ჩვენ ვხედავთ გულანთებულ პედაგოგებს, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ იმისათვის, რომ მეტი წარმატება იყოს სკოლებში.
საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, დღეს ჩვენ ვხედავთ ახალ ფორმებში ბავშვებს, რაც ძალიან გვახარებს. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, აჭარის მასშტაბით 90 პროცენტზე მეტ ბავშვს უკვე აცვია ახალი ფორმა, რაც კარგი მაგალითია მთელი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ყველას ახალი სასწავლო წელი, პირველ რიგში, მშობლებს, ახალგაზრდებს, პედაგოგებს და ვუსურვო ნაყოფიერი სასწავლო წელი, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ. მისი თქმით, ქვეყნისთვის განათლება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
– მოვინახულეთ რამდენიმე სკოლა, ბავშვებს მივულოცეთ სასწავლო წლის დაწყება. ცხადია, ქვეყნისთვის ყოველთვის რჩება განათლება პრიორიტეტი. ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს მთელი რიგი გამოწვევები, მომავალი თაობა არის სწორედ ის იმედი, რომელიც ყველა ამ გამოწვევას სწორედ იმ იარაღით დაძლევს, რასაც განათლება ჰქვია. განათლებაზე არის დღეს სახელმწიფო ორიენტირებული, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც დამატებით საკმაოდ მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს. დღეს საქართველოში არსებობს ყველა პირობა და განსაკუთრებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომ მომავალ თაობას ჰქონდეს სრული შესაძლებლობა, მიიღოს კვალიფიციური, ხარისხიანი განათლება. კომპლექსურად, საქართველოს ხელისუფლება, სახელმწიფო ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს სთავაზობს სკოლებს იმისთვის, რომ მომავალი თაობა იყოს ძლიერი, განათლებული, პატრიოტი და შეძლოს ქვეყნის განვითარება, – აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, ყურადღება არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე გამახვილდა – ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაზე, მოსწავლეების მხარდაჭერასა და მასწავლებლების როლზე. სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა, თანამედროვე მოთხოვნებს ყველა საჯარო სკოლა აკმაყოფილებდეს.
– ის განცდა, რომელიც დღეს მთელი რეგიონის მასშტაბით თითოეულ ოჯახში სუფევს, ნამდვილად არის სასიხარულო. ეს ნიშნავს ახალი სასწავლო წლისთვის აქტიურად მზადების პროცესის დასასრულს და უკვე სასწავლო პროცესში ჩვენი პატარების ჩართულობას.
მინდა აღვნიშნო, რომ სასკოლო რეფორმის ფარგლებში, თითოეული მიმართულება, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, ასევე, აქტიურად არის წარმოდგენილი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ჩვენს რეგიონში. ყველა იმ მიმართულებას, რომელიც გულისხმობს რეფორმის ფარგლებში ჩვენი პატარებისთვის უკეთესი ინფრასტრუქტურის შეთავაზებას, უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოების, სასკოლო ფორმების შემოღებას, ასევე, იმ მიმართულებას, რომელიც გულისხმობს მასწავლებლების მხარდაჭერას – ამ ყველა მიმართულებით ჩვენი პროგრამები არის ნამდვილად თანხვედრაში კონცეფციასთან, რეფორმასთან. მინდა აღვნიშნო, რომ ის წარმატებები, რომლითაც ეროვნული გამოცდების დროს ჩვენი რეგიონი იქნა გამორჩეულად წარმოჩენილი, არის ჩვენი ერთად ყოფნის, ჩვენს სასკოლო საზოგადოებასთან, დირექციებთან, მშობლებთან და ჩვენს პატარებთან ერთობლივი მუშაობის შედეგი. ჩვენი მიზანია, 2028 წლისთვის რეგიონში არცერთი საჯარო სკოლა არ იყოს, რომელიც არ დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანია თანამედროვე სასწავლო პროცესისთვის.
მინდა კიდევ ერთხელ წარმატებული, მშვიდობიანი წელი ვუსურვო თითოეულ ჩვენს მოსწავლეს, ჩვენს მასწავლებლებს და მთლიანად ქვეყანას, – განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს სოციალური ქსელით მიულოცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ცინცაძემაც. მის მილოცვაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო როგორც სკოლის პირველ ნაბიჯებს, ისე სკოლამდელი აღზრდის მნიშვნელობას და იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ბავშვების განვითარებაზე.
– თითოეულ მოსწავლეს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. საინტერესო და ცოდნით სავსე წელს გისურვებთ. წარმატებები მასწავლებლებს, რომლებიც ბავშვებს, განათლებასთან ერთად, მნიშვნელოვან ღირებულებებსა და გამოცდილებას უზიარებენ. გუშინ სააღმზრდელო პროცესი განახლდა ბათუმის საბავშვო ბაღებშიც. ჩვენი პატარები პირველად გაეცნენ საბავშვო ბაღის სამყაროს. ვუსურვებ მათ ბევრ ბედნიერ და ფერად დღეს. მადლობა აღმზრდელებსა და საბავშვო ბაღების ყველა თანამშრომელს იმ სიყვარულისა და პასუხისმგებლობისთვის, რომლითაც ყოველდღიურად ზრუნავთ ბავშვების განვითარებასა და კეთილდღეობაზე. მადლობა მშობლებს ნდობისათვის. ჩვენი გუნდისთვის განათლება, დაწყებული სკოლამდელი ასაკიდან, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და მომავალშიც არაერთი პროექტითა და ინიციატივით განვაგრძობთ ამ სფეროს მხარდაჭერას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეულ ბავშვს ჰქონდეს სწავლისა და განვითარების ღირსეული და თანაბარი შესაძლებლობები, – წერს გიორგი ცინცაძე.
მილოცვებს სოციალურ ქსელში შეუერთდა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე. მან ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, სტუდენტებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებს, მშობლებსა და პედაგოგებს მიულოცა და განსაკუთრებული ყურადღება მათზე გაამახვილა, ვინც წელს პირველად შეაღო ბაღის, სკოლის ან უმაღლესი სასწავლებლის კარი.
„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ მოსწავლეებს, სტუდენტებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებს, მშობლებსა და პედაგოგებს.
განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც წელს პირველად შეაღო ბაღის, სკოლისა თუ უმაღლესი სასწავლებლის კარი. თითოეული მათგანისთვის ეს ახალი ეტაპის დასაწყისია – ახალი ცოდნით, გამოცდილებით, მიზნებითა და შესაძლებლობებით.
განათლებაში ჩადებული ყოველი ძალისხმევა მომავალში ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის განვითარებას ემსახურება. სწორედ, ამიტომ სახელმწიფო განსაკუთრებულად ზრუნავს როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ღირსეული საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე, ისე პედაგოგების პროფესიული განვითარების მხარდაჭერაზე.
ვუსურვებ ჩვენს ბავშვებსა და ახალგაზრდებს საინტერესო აღმოჩენებით, წარმატებებითა და ახალი შესაძლებლობებით სავსე წელს, პედაგოგებსა და მშობლებს კი – ენერგიასა და შემართებას ამ მნიშვნელოვანი გზის გასავლელად. წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!“ – წერს საკრებულოს თავმჯდომარე.
სკოლის პირველი დღე განსაკუთრებული ემოციებით არის სავსე არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შვილი პირველად დგას სკოლის ზღურბლზე და ოჯახისთვისაც იწყება ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი. პირველკლასელის დედა ნინო ბოლქვაძე თავის ემოციებს გვიზიარებს.
– „დღეს ჩემთვის და ჩემი შვილისთვის განსაკუთრებული დღეა. ის სრულიად ახალ ეტაპზე დგას და ვგრძნობ, რამდენად დიდი ცვლილება იწყება მის ცხოვრებაში. პირველი ზარი, სკოლის კარი, პირველი მასწავლებელი და ახალი მეგობრები – ეს ყველაფერი მისთვის სრულიად ახალი სამყაროა და, ჩემთვისაც ძალიან ამაღელვებელია.
მინდა, სკოლა მისთვის მხოლოდ გაკვეთილებთან და ნიშნებთან არ ასოცირდებოდეს. მინდა, იქ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა, მეგობრობა, ერთმანეთის პატივისცემა და პასუხისმგებლობა ისწავლოს. მინდა, სკოლიდან ყოველდღე ახალი ცოდნით, კარგი ემოციებითა და ახალი აღმოჩენებით დაბრუნდეს.
როგორც მშობელს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემა ბავშვების ინტერესებსა და შესაძლებლობებზე იყოს მორგებული, მათ მისცეს განვითარების, თავისუფლად აზროვნებისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა. იმედი მაქვს, ჩვენი შვილებისთვის სკოლა იქნება ადგილი, სადაც ისინი არა მხოლოდ განათლებულ, არამედ თავდაჯერებულ, დამოუკიდებელ და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან.
დღეს ჩემი შვილის ცხოვრებაში ახალი თავი იწყება და მინდა, ეს გზა მისთვის საინტერესო, ბედნიერი და წარმატებული იყოს. ვულოცავ ყველა პირველკლასელს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ჩემს შვილს კი ვუსურვებ, რომ სკოლაში უამრავი ლამაზი მოგონება, კარგი მეგობარი და ცოდნის სიყვარული შეიძინოს, – გვითხრა პირველკლასელის მშობელმა.
გაზეთი „აჭარა“ უერთდება მილოცვებს და ყველა მოსწავლეს, პირველკლასელს, მშობელსა და პედაგოგს წარმატებულ, ბედნიერ და საინტერესო სასწავლო წელს უსურვებს.
ნანა აბულაძე