გივი მიქანაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ 2023-2025 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მთავარი თემები ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ინიციატივებსა და იმ სიახლეებს შეეხო, რომლებსაც სკოლები 2026-2027 სასწავლო წელს შეხვდებიან.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების ჩართულობით საკონსულტაციო საბჭოს ჩამოყალიბება იყო. „მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების მონაწილეობით, ჩამოვაყალიბებთ სამინისტროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც პერიოდულად შეიკრიბება და ზოგადი განათლების რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებსა და რეკომენდაციებს გაგვიზიარებს. ეს ფორმატი სამინისტროს შესაძლებლობას მისცემს, რეგულარულად გაეცნოს ყოველდღიურ საჭიროებებს და შესაბამისი რეაგირება დროულად მოახდინოს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრმა და პედაგოგებმა ასევე ისაუბრეს ახალ სახელმძღვანელოებზე, სასკოლო ფორმებზე, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე.
გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა PISA 2025-ის კვლევის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც და ქვეყნის შედეგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების პროცესში მასწავლებლების განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი.