ვისაც მრავალფეროვანი ინფორმაცია, განსხვავებული ხედვა და გულწრფელი მოსაზრებები აინტერესებს
მსოფლიო დღეს ცვალებადი გეოპოლიტიკური რეალობის წინაშე დგას -ომები, ძალთა გადანაწილება, ახალი პოლიტიკური ალიანსები და ეკონომიკური ინტერესები საერთაშორისო წესრიგს განსაზღვრავს. რა პროცესები მიმდინარეობს რეალურად რუსეთ-უკრაინის ომის და ირანის გარშემო, რა სტრატეგიული მიზნები ამოძრავებს რუსეთს, რა გავლენას ახდენს მიმდინარე მოვლენებზე ჩინეთი? ამ და არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვესაუბრებით ანალიტიკური პლატფორმის („ცნობისთვის“) შემქმნელს, სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტს და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს ქეთევან ჭინჭარაძეს, რომელმაც ახლახან ახალი პროექტის „იდეების ლაბორატორიის“ დაწყება დააანონსა.
– თქვენ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ხართ, ეს არჩევანი რა ფაქტორმა განაპირობა?
– თითქოს ეს არჩევანი ჩემამდე თავისით მოვიდა. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც საქართველოს ბედი ყოველთვის განსაკუთრებულად ადარდებდათ. საშინაო და საგარეო პოლიტიკა მუდმივად განხილვისა და დისკუსიის საგანი იყო. მამა აფხაზეთის ომის ვეტერანია და მშობლები ბავშვობიდან ბევრს მიყვებოდნენ ულამაზეს აფხაზეთზე. ამასთან, 90-იანი წლების ბავშვი ვარ და თითქოს დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად ვიზრდებოდი. ჩემს მეხსიერებას უშუქობაც შემორჩა, ვარდების რევოლუციაც და 2008 წლის აგვისტოს ომიც. სამაჩაბლოს ჩვენს ოჯახში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან ბებია სწორედ იქიდან იყო. ამ მხარესთან ბავშვობის ძალიან თბილი მოგონებები მაკავშირებს. 2008 წელსაც, 7 აგვისტომდე, ბოლო წუთამდე იქ ვიყავი, სანამ საბოლოოდ არ გაქრა იმედი, რომ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა. საქართველო მუდმივად არის პოლიტიკური გამოწვევებისა და ცვლილებების ეპიცენტრში. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის რეალობაში ბუნებრივია, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც ყოველდღიურობის უკეთესობისკენ შეცვლა სურთ, სწორედ ამ გზას ირჩევენ.
– ცხადია, თვალს ადევნებთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ამ მხრივ, რა კონკრეტული მოვლენები იკვეთება?
– პირველი ყველაზე თვალსაჩინო ტენდენცია ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პაექრობაა. ეს ორი გიგანტის კონკურენციაა, რომელთა ეკონომიკებიც ერთმანეთზე მნიშვნელოვნად არის გადაჯაჭვული, თუმცა, ამავდროულად, ორივე ქვეყანა ერთმანეთის საპირწონედ ძლიერდება. დღეს ჩინეთი შეერთებული შტატების სტრატეგიული დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ეს როგორც ბოლო წლების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიებში, ისე ყოველდღიურ პოლიტიკაში ჩანს, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიურ სექტორში. მოგეხსენებათ, ტექნოლოგიურ კომპანიებს აშშ-ის ეკონომიკაში, გლობალურ გავლენასა და სამხედრო ინდუსტრიაში წამყვანი როლი აქვთ. ამავე დროს, თანამედროვე ტექნოლოგიური ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩინეთში გადამუშავებულ კრიტიკულ მინერალებზეა დამოკიდებული. ნახევარგამტარების წარმოებაში კი გადამწყვეტი როლი აქვს ტაივანს, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ტაივანში იწარმოება მსოფლიოს მაღალტექნოლოგიური ჩიპების 90%-ზე მეტი და მთლიანი ჩიპების მოთხოვნის 60%-ზე მეტი, როგორც კომპერციული, ასევე სამხედრო ინსდუსტრიისთვის. ამიტომ ტაივანის საკითხი ახალი, ფართომასშტაბიანი დაპირისპირების ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო კერად მიიჩნევა. მეორე მნიშვნელოვანი ტენდენცია ცივი ომის შემდგომი პერიოდის შეერთებული შტატების გარდაქმნაა. ცივი ომის დასრულების შემდეგ ამერიკაში გაძლიერდა მოსაზრება, რომ დემოკრატიამ საბოლოოდ გაიმარჯვა და მისი გავრცელება მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის საფუძველი გახდებოდა. ამ მიზნით შეიქმნა უამრავი საგრანტო პროგრამა თუ სახელმწიფო უწყება ახალი დემოკრატიული ქვეყნების მხარდასაჭერად. შედეგად, დემოკრატიის მხარდაჭერა და მისი გავრცელება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად იქცა. თუმცა ბოლო წლებში ამ მიდგომაში ცვლილებას ვხედავთ. მას შემდეგ, რაც ჩინეთი შეერთებული შტატებისთვის ძლიერ და გრძელვადიან მეტოქედ ჩამოყალიბდა, დემოკრატიის მშენებლობის საკითხი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში მეორე პლანზე გადავიდა. ამ ფონზე, მსოფლიოში უფრო მეტი სივრცე ჩნდება არადემოკრატიული თუ ჰიბრიდული მმართველობის მოდელებისთვის. მესამე მნიშვნელოვანი ტენდენცია რუსეთისა და სამხედრო ძალის დაბრუნებაა დიდი ძალების პოლიტიკაში. ცივი ომის დასრულების შემდეგ ვაშინგტონი მოსკოვს აღარ აღიქვამდა ძლიერ და თანასწორ მეტოქედ. ეს მიდგომა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზეც კი გარკვეულწილად ნარჩუნდება. შეერთებული შტატებისთვის რუსეთი უფრო მეტად წარსულთან ასოცირდება, ჩინეთი კი აწმყოსა და მომავალთან. ეს განსხვავება ამერიკის უსაფრთხოებისა და საგარეო-პოლიტიკურ სტრატეგიებშიც აშკარად ჩანს. თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა იყო ერთგვარი განგაშის ზარი, რომელმაც ევროატლანტიკურ სივრცეში სამხედრო ძალის მნიშვნელობა კვლავ წინა პლანზე დააბრუნა. ევროპა ამ მიმართულებით თითქოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოდუნებული იყო და საკუთარ უსაფრთხოებას დიდწილად ამერიკულ სამხედრო და პოლიტიკურ გარანტიებს უკავშირებდა. ახლა კი ნატოს წევრმა ქვეყნებმა 2035 წლისთვის თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯების მნიშვნელოვნად გაზრდის ვალდებულება აიღეს. ნატოს წევრები ამ მიმართულებით მშპ-ის 5%-მდე დახარჯვას გეგმავენ. სამხედრო ინდუსტრია და თავდაცვითი შესაძლებლობები კვლავ იქცა სახელმწიფოების სტრატეგიულ პრიორიტეტად.
– თავდაპირველად უკრაინაზე ვისაუბროთ, ექსპერტები აცხადებენ, რომ დღეს უკრაინაში გარკვეულწილად ევროპის ბედი წყდება, იტესტება თუ არა რუსეთ–უკრაინის ომში მსოფლიოს მართლწესრიგის კონტურები?
– რუსეთის მიერ 2022 წელს დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე ყველაზე მასშტაბურ შეიარაღებულ კონფლიქტად მიიჩნევა. მხოლოდ ეს ფაქტიც კი მიუთითებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს. რუსეთი უკვე დიდი ხანია ამოწმებს ევროატლანტიკური სივრცის რეაქციას და მის დამოკიდებულებას პოსტსაბჭოთა დემოკრატიული ქვეყნების მიმართ. ვლადიმერ პუტინის 2007 წლის გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კარგად ასახავს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაციას დასავლეთთან თანამშრომლობის ეტაპიდან ღია დაპირისპირებისკენ. აშკარაა, რომ რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს კვლავ საკუთარი გავლენის სფეროდ აღიქვამს. უკრაინა ამ სივრცეში მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ეს ჩანს პუტინის ესეშიც, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინელები, ბელარუსები და რუსები ისტორიულად ერთი ხალხია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და 2014 წელს ყირიმის ანექსია, სამწუხაროდ, დასავლეთისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა იმის დასანახად, რომ კრემლი საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად სამხედრო აგრესიას არ მოერიდებოდა. დღეს უფრო მკაფიოდ ჩანს, რომ ეს აღარ არის 90-იანების ან 2000-იანების დასაწყისის რუსეთი. ეს არის უფრო ამბიციური ქვეყანა, რომელსაც არ აკმაყოფილებს ცივი ომის შემდგომი სტატუს-კვო. უკრაინაზე კონტროლის დამყარება რუსეთს გააძლიერებს და ევროპაში მის სამხედრო-პოლიტიკურ გავლენას კიდევ უფრო გააფართოებს. ამიტომ, ჩემი აზრით, უკრაინის ომი არა მხოლოდ უკრაინის მომავალს, არამედ რუსეთის როლსაც განსაზღვრავს მსოფლიო პოლიტიკაში და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე.
– ანალიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ აშშ და კოლექტიური დასავლეთი ომის გახანგრძლივებას ცდილობენ, რათა რუსეთი გამოფიტონ, ანუ არ არიან დაინტერესებული რუსეთის სწრაფი მარცხით, თქვენი აზრი ამის შესახებ. . .
– ეს ძალიან ზედაპირული მიდგომაა. რა თქმა უნდა, რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური გამოფიტვა მისი მეტოქეების სტრატეგიული ინტერესია. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა – აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ რუსეთის ნელი გამოფიტვის პროცესში თავად უკრაინა და მისი მხარდამჭერი დასავლეთიც უფრო არ გამოიფიტონ? ჩემი აზრით, ეს სერიოზული რისკია. დღეს უკრაინის ომი მსოფლიოში არსებული ერთადერთი კრიზისი არ არის. მას ემატება ირანისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხი, აშშ-ჩინეთის დაპირისპირება, ენერგეტიკული კრიზისი და სავაჭრო-ეკონომიკური გამოწვევები, რაც საბოლოოდ ფასებსა და მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზეც აისახება. დასავლელი პოლიტიკოსებისთვის უკრაინის ომის მუდმივი მხარდაჭერა და მისი გაგრძელების დასაბუთება სულ უფრო დიდი პოლიტიკური რისკია, რადგან ომის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტზე და, საბოლოოდ, მოქალაქეების ჯიბეზე აისახება. შეგახსენებთ, რომ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დაპირება სწორედ უკრაინის ომის სწრაფად დასრულება იყო. მას არაერთხელ გამოუთქვამს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების სურვილი და ამ ომის დასრულების მცდელობაც ბევრჯერ ჰქონდა. მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი რუსეთის რესურსებია. რუსეთს დიდი ადამიანური და მატერიალური რესურსი აქვს და მისი ეკონომიკა მნიშვნელოვანწილად ომის საჭიროებებზეა გადართული. რაც დრო გადის, მოსკოვს ძალების აღდგენისა და ახალი რესურსების მობილიზების მეტი შესაძლებლობა აქვს. უკრაინისთვის კი, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დასავლეთის დახმარებაზე, ომის დაფინანსების გაგრძელება ყოველ ჯერზე დიდი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ აშშ-ის კონგრესში უკრაინის დახმარების საკითხზე არაერთი შეფერხება და დაპირისპირება ყოფილა.
დასავლეთი, ბუნებრივია, არ არის დაინტერესებული რუსეთის დამაჯერებელი გამარჯვებით, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ომის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება მის ინტერესებში შედის. დასავლეთის მთავარი ამოცანა უნდა იყოს უკრაინისთვის ისეთი პოზიციის შექმნა, რომელიც მას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.
– ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით ირანს, იმ ფონზე, რომ ტრამპი ირანისგან უსიტყვო კაპიტულაციას ითხოვდა, დღევანდელი მდგომარეობა რისი თქმის საფუძველს იძლევა?
– ჩემი აზრით, დღევანდელი მდგომარეობა აჩვენებს, რომ ირანისგან „უსიტყვო კაპიტულაციის“ მოთხოვნა უფრო პოლიტიკური რიტორიკის ნაწილი იყო, ვიდრე საბოლოო მიზანი. ირანი არ დანებებულა და სამხედრო დაპირისპირებამ სტაბილური პოლიტიკური შეთანხმება ვერ შექმნა. დროებითმა შეთანხმებებმა და ცეცხლის შეწყვეტის მცდელობებმა საბოლოო შედეგამდე ვერ მიიყვანა მხარეები, ხოლო დაძაბულობა კვლავ გრძელდება. ტრამპის ადმინისტრაციამ, ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყებისას, ირანელ ხალხს მოუწოდა, ქუჩაში გამოსულიყვნენ და ქვეყნის მართვის სადავეები საკუთარ ხელში აეღოთ. თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა და მასობრივ შიდა აჯანყებას რეჟიმის ჩამოშლა არ მოჰყოლია. ამ ოპერაციამდე ირანში უკვე გაიმართა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც მძიმე რეპრესიები მოჰყვა. სხვადასხვა წყაროს შეფასებით, ათიათასობით ადამიანი დაიღუპა. ასეთ ვითარებაში საზოგადოებისთვის კიდევ ერთი დიდი მსხვერპლის სწრაფად გაღება განსაკუთრებით რთული იქნებოდა. შედეგად, ირანის არსებული რეჟიმი გადარჩა და ძალაუფლება შეინარჩუნა. ზოგადად, თუ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ვაშინგტონი საკუთარ ჩარევას ხშირად ადგილობრივი მოსახლეობის გათავისუფლების მისიად წარმოაჩენს. თუმცა თავად ადგილობრივები აშშ-ს მხსნელად იშვიათად აღიქვამენ.
– ამ ომით რა სარგებელი ნახეს ჩინეთმა და რუსეთმა?
– ჩინეთის როლი ამ ომში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ომამდე ის ირანის საექსპორტო ნავთობის დაახლოებით 80–90%-ს ყიდულობდა. კრიზისის დროს პეკინმა შეამცირა ირანული ნავთობის იმპორტი და გადამუშავება, რითაც მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა და ფასებზე ზეწოლა ნაწილობრივ შეასუსტა. ექსპერტთა ნაწილი 1970-იანი წლების მსგავსი ნავთობის კრიზისის განვითარებას ვარაუდობდა, თუმცა მის თავიდან აცილებაში ჩინეთის მოქმედებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რაც საერთაშორისო ენერგეტიკულ პოლიტიკაზე პეკინის მზარდ გავლენას ადასტურებს. რუსეთმა უფრო პირდაპირი სარგებელი მიიღო. მიწოდების შემცირებამ რუსული ნავთობის მნიშვნელობა გაზარდა. აშშ-ის დროებითმა გამონაკლისებმა რუსეთს უკვე ზღვაში მყოფი ნავთობის გაყიდვისა და დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობაც მისცა. ამასთან, დასავლეთის ყურადღება და რესურსების ნაწილი უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთის კრიზისისკენ გადავიდა.
– ,,ეს არხი მათთვისაა, ვისაც, მრავალფეროვანი ინფორმაცია, განსხვავებული ხედვები და გულწრფელი მოსაზრებები აინტერესებს“, – აღნიშნეთ თქვენს იუთუბ არხზე საუბრისას, რა გახდა ამ არხის შექმნის მიზანი?
– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნისა და გამოცდილების ქართულენოვანი საზოგადოებისთვის გაზიარება. დღეს თანამედროვე ცოდნისა და ანალიზის დიდი ნაწილი ინგლისურ ენაზე ქვეყნდება, თუმცა ქართულენოვანი საზოგადოებაც იმსახურებს მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე წვდომას და მინდა ამაში წვლილი შევიტანო. რამდენიმე წლის განმავლობაში ვაშინგტონში პოლიტიკურ მრჩევლად ვმუშაობდი და კონგრესის წევრებს აქტუალურ საერთაშორისო საკითხებზე ინფორმაციასა და ანალიზს ვაწვდიდი. კონგრესის 150-ზე მეტ წევრთან ერთად მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე უმაღლესი დონის შეხვედრები გამიმართავს. ამ გამოცდილებამ დამანახა, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და პოლიტიკური პროცესების პრინციპი ხშირად ვერ აღწევს იმ ადამიანებამდე, რომლებიც დემოკრატიულ სისტემაში ქვეყნის პოლიტიკურ მიმართულებას განსაზღვრავენ. ამომრჩეველს ყველაზე დიდი როლი აქვს საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, შემექმნა საზოგადოებრივი პროექტი, რომელიც სანდო, მაღალი ხარისხის წყაროებსა და სიღრმისეულ ანალიზს დაეფუძნებოდა. ჩემი მიზანი არ არის ვინმესთვის ჭკუის სწავლება. მსურს, მაყურებელს დავანახო გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების ლოგიკა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და შევქმნა წყაროებზე დაფუძნებული არგუმენტაციის სივრცე. საბოლოო დასკვნა კი მაყურებელმა თავად უნდა გამოიტანოს. სექტემბრის მიწურულს ახალ პროექტსაც ვიწყებთ სახელწოდებით „იდეების ლაბორატორია“, რომლის ფარგლებშიც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეისწავლონ ხარისხიანი ანალიზის პრინციპები და თავად შექმნან ანალიტიკური სტატიები. საუკეთესო ნაშრომებს ჩვენს აუდიტორიასაც გავუზიარებთ. შესაბამისად, „ცნობისთვის“ საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც ემსახურება როგორც ფართო საზოგადოების ინფორმირებას, ისე მომავალი პროფესიონალების განვითარებას.
– აშშ–ში სწავლობდით. . . თქვენი სტატია, რომელიც რუსეთის კიბერომის ტაქტიკის განვითარებას ეხება 2008 წლიდან დღემდე, აშშ–ის სამხედრო აკადემიის თანამედროვე ომის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, გვიამბეთ ამის შესახებაც. . .
– აშშ-ში სწავლის პერიოდში შესაძლებლობა მქონდა, უსაფრთხოებისა და თანამედროვე ომის საკითხები უფრო ფართო კონტექსტში შემესწავლა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ განსაკუთრებით დავინტერესდი, როგორ განვითარდა რუსეთის კიბერომის ტაქტიკა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან დღემდე. ამ თემაზე რამდენიმე სტატია გამოვაქვეყნე. ერთ-ერთი მათგანი, აშშ-ის არმიის ომის უნივერსიტეტის პროფესორებთან თანაავტორობით, Springer Nature-ს მიერ გამოცემულ აკადემიურ გამოცემაში გამოქვეყნდა. მეორე ნაშრომით კი ვესტ-პოინტის, აშშ-ის სამხედრო აკადემიის თანამედროვე ომის ინსტიტუტი დაინტერესდა, მოგვიანებით ის ცალკე მნიშვნელოვან კრებულშიც შეიტანეს. მართალია კიბერსივრცე ჯერ კიდევ არ განსაზღვრავს ომის ტრაექტორიას, თუმცა ტრადიციულ სამხედრო შეიარაღებასთან ერთად ბრძოლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა. ჩემი ანალიზი სწორედ ამას დემონსტრირებდა. ქართველი მაყურებელი, ძირითადად, ჩემი ინიციატივის „ცნობისთვის“ მეშვეობით მიცნობს, საერთაშორისო აუდიტორია კი ჩემი აკადემიური ნაშრომებით. ტექნოლოგიების ეპოქაში კიბერსივრცე თანამედროვე ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სახიფათო განზომილებად იქცევა. ამ საკითხებზე მუშაობამ იმდენად ჩამითრია, რომ გადავწყვიტე კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გეოპოლიტიკური მნიშვნელობის სიღრმისეული შესწავლა უშუალოდ სილიკონის ველზე გამეგრძელებინა. დღეს ამ მიმართულებით სტენფორდის უნივერსიტეტში ვსწავლობ. იმედი მაქვს, მომავალში მაყურებელს ამ ახალ და სწრაფად განვითარებად სფეროებზე საინტერესო ინფორმაციას შევთავაზებ.
ლაშა ხომერიკი