მინისტრი დევიდ ლიუ ჰაოსს შეხვდა
აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ საქართველოში ჩაის კულტურის დამაარსებლის შვილთაშვილთან, პეკინის უნივერსიტეტის პროფესორ დევიდ ლიუ ჰაოსთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში, ლაო ჯინ ჯაოს სახელობის ქართული ჩაის თანამედროვე, ციფრული მუზეუმის შიდა სივრცისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობის, ასევე, მისი სამომავლო განვითარების შესახებ.
ამ ეტაპზე დასრულდა შენობის ინტერიერის პროექტირება, ამასთან აქტიურად მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. აღნიშნული პროექტი მუზეუმის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს წარმოადგენს. პირველი ეტაპი გასულ წელს დასრულდა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა შენობის ფასადის რეაბილიტაცია და ინტერიერში ჩატარდა კონსტრუქციული სამუშაოები.
პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან ლაო ჯინ ჯაოს შთამომავლები, რომლებიც მუზეუმს ჩინელი აგრონომის პირად ნივთებს გადასცემენ და უზრუნველყოფენ საგამოფენო სივრცის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვას.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები ირმა აბულაძე და ბადრი ნაკაშიძე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ლაშა მიქელაძე და დევიდ ლიუ ჰაოს წარმომადგენელი ინნა ჟონგი.