იუსტიციის სამინისტროსა და კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნს შეხვდა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ციფრულ განვითარებაში მჭიდრო თანამშრომლობა განიხილეს.
პაატა სალიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორობა მნიშვნელოვანია, კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის, ინოვაციური ტექნოლოგიების, ელექტრონული სერვისებისა და ციფრული მმართველობის განვითარების საკითხებში.
„ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობის კონცეფცია. ამ მიდგომის მთავარი იდეაა, რომ ხელოვნური ინტელექტი არ იყოს მხოლოდ ტექნოლოგიური ინსტრუმენტი და ის ემსახურებოდეს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მოქალაქის მოთხოვნებზე სახელმწიფოს მხრიდან უფრო სწრაფ რეაგირებას“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.
პაატა სალიამ ხაზი გაუსვა ბოლო წლებში საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ციფრული მმართველობის, ელექტრონული სერვისების, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებებით.
კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრის იუნ ჰო-ჯუნის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
„ძალიან კარგი შეხვედრა შედგა საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასთან, ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა იმის შესახებ, თუ როგორ გავაღრმავოთ ციფრული თანამშრომლობა ორ ქვეყანასა და ჩვენ სამინისტროებს შორის, განსაკუთრებით, ციფრული განვითარების დაჩქარებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით“, – განაცხადა იუნ ჰო-ჯუნმა.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და ფორუმების ორგანიზებას. ცენტრს აქვს პოტენციალი, შეასრულოს რეგიონული ჰაბის ფუნქცია ინოვაციებისა და ციფრული მმართველობის ახალი მიდგომების შემუშავება-დანერგვის მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის – my.gov.ge-ს შემდგომი განვითარება.
კორეელ პარტნიორებთან ერთად, ოქტომბრის დასაწყისში საქართველო უმასპინძლებს ხელოვნური ინტელექტის მაღალი დონის სამუშაო შეხვედრას.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მოადგილე თამარ ზოდელავა, სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი კორეის რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილი.