მწვანე ეკონომიკა და ნარჩენების ეფექტიანი მართვა: საქართველოს გამოცდილება ჩინეთის საერთაშორისო ფორუმზე წარადგინეს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ თაიუენში გამართულ „დაბალი ნახშირბადის ენერგეტიკულ ფორუმში“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე მან ქვეყნის მიერ ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების კუთხით მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

ფორუმის მსვლელობისას სოლომონ პავლიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვაზე, რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და მწვანე ეკონომიკური მოდელების პრაქტიკაში იმპლემენტაციაზე.
ჩინეთის შანქსის პროვინციის ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაში 35 ქვეყნის 180-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. საერთაშორისო პლატფორმამ ერთ სივრცეში გააერთიანა, გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებების ხელმძღვანელები (მინისტრების მოადგილეების დონეზე), დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის ექსპერტები.
ფორუმის მთავარი სესიები ენერგეტიკულ ტრანზიციას, დაბალნახშირბადიან განვითარებას, ინოვაციურ ენერგოტექნოლოგიებსა და მწვანე ეკონომიკის გრძელვადიან პერსპექტივებს დაეთმო.