ედუარდ გოგრაჭაძე: ახალ სასწავლო წელს ფუნდამენტური ცვლილებებით ვხდებით
By

ედუარდ გოგრაჭაძე: ახალ სასწავლო წელს ფუნდამენტური ცვლილებებით ვხდებით

ახალი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყების წინ შუახევის რესურსცენტრის უფროს ედუარდ გოგრაჭაძეს ვესაუბრეთ.

– შუახევის რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებულია 43 საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლა. აქედან, 29 საჯარო და ხიჭაურის კერძო სკოლა სწავლებას სამივე საფეხურზე ახორციელებს, 14 – დაწყებით და საბაზო საფეხურზე. 17 საჯარო სკოლაზე მიერთებულია 17 დაწყებითი კლასი (ყოფილი დაწყებითი სკოლა), ხოლო ერთ სკოლაზე მიერთებულია ერთი საბაზო სკოლა (ორი საბაზო სკოლაა გაერთიანებული – პაპოშვილები და გორი. პაპოშვილების სკოლა). 2026-2027 ს/წლის დასაწყისში ირიცხება 1069 მოსწავლე. პირველ კლასში შემოვიდა 68 მოსწავლე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 1011 პირი, რომელთაგან 668 პედაგოგია, 169 –ადმინისტრაციის თანამშრომელი, 222 კი ტექნიკური მუშაკი, მათგან, რამდენიმე, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა.

– სტატუსების მიხედვით მასწავლებლები სქემაში როგორ გადანაწილდებიან?
– ახალი სასწავლო წლის დაწყება ის პერიოდია, როცა დიდი ცვლილებები ხდება მასწავლებელთა მონაცემების თვალსაზრისით, ნაწილი გადადის სხვა სკოლაში სამუშაოდ, ნაწილმა ახლა დაადასტურა კომპეტენცია და შესაბამისად იღებს კონკურსში მონაწილეობას, რათა შევიდეს სკოლაში, როგორც უფროსი მასწავლებელი. ამჟამად 200-ზე მეტი ვაკანსია გვაქვს გამოცხადებული მუნიციპალიტეტის მასშტაბით და ვიმედოვნებთ, რამდენიმე სკოლაში ახალი მასწავლებლები დასაქმდებიან. აქედან გამომდინარე სტატისტიკა, რომელსაც ახლა გთავაზობთ, მალე მნიშვნელოვნად შეიცვლება. ამ დროისთვის დასრულებული იქნება კონკურსები და უკვე ზუსტი მონაცემები გვექნება. ამჟამად, სისტემაში, მასწავლებლები შემდეგნაირად არიან გადანაწილებული: გვყავს 7- მენტორი, 63 – წამყვანი, 401 უფროსი და სხვა. სტატუსგარეშე მასწავლებლებთან უკვე შეწყვეტილია ხელშეკრულებები და მათ ადგილებზე გამოცხადებულია კონკურსები. სკოლებში გვყავს ასევე, 11 ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალური მასწავლებელი, 2 ექიმი და 41 ექთანი.
– განხორციელებულ ღონისძიებებზე რას გვეტყვით?

გასული სასწავლო წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო შუახევის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. გვქონდა მთელი რიგი წარმატებები რეგიონული თუ ეროვნული მასშტაბით, განვახორციელეთ არაერთი ინოვაციური პროექტი, ჩატარდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელთა ნაწილს გასულ წლებში ჩაეყარა საფუძველი, ნაწილი კი სიახლე იყო. შუახევის რესურსცენტრის საქმიანობა ბევრ სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. ეს არის სასწავლო გარემო, ინფრასტრუქტურა, ტექნიკურ-მატერიალური რესურსებით სკოლების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, მოსწავლეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, უსაფრთხო გარემოს შექმნა, სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის ხელშეწყობა, იურიდიული, ფინანსური, მეთოდური და პროფესიული კონსულტაციების მიწოდება და სხვ. მათგან, ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: მოსწავლეთა მხარდაჭერა და სწავლების ხარისხის ამაღლება სკოლებში; მასწავლებელთა პროფესიის წახალისება, მხარდაჭერა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ადმინისტრაციის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ჩავატარეთ VIII მუნიციპალური კონფერენცია მასწავლებლებს შორის, რომელშიც 140-მდე პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, 52 მომხსენებელი იყო. კონფერენციას ესწრებოდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, განათლების ფონდის დირექტორი, დირექტორის მოადგილე და მასწავლებელთა სახლის ტრენერი მასწავლებლები, საგნების მიხედვით. კონფერენციის საუკეთესო თემები გადაიგზავნა აჭარის განათლების ფონდში. განათლების ფონდის/მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ კონფერენციაში, შუახევიდან მომხსენებლად მონაწილეობას მიიღებენ საუკეთესო თემის ავტორი მასწავლებლები, რომლებიც მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ წახალისებული იქნებიან ფასიანი საჩუქრებით. კონფერენციის მიზანი საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარებაა. მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიურად ტარდება მნიშვნელოვანი წამახალისებელი ღონისძიებები. ეს დღე მასშტაბურად აღინიშნა გასულ წელს, და მას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, სხვა პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. ღონისძიება გაიმართება წელსაც. შუახევში, მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდება 23 სექტემბერს. 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე განხორციელდება ასევე სხვადასხვა სახის წამახალისებელი და სახალისო აქტივობები. გასულ წელს 2 მასწავლებელი, რომელთაც 50 და მეტი წლის პედაგოგიური სტაჟი ჰქონდათ, ერთჯერადი ფულადი პრემიით დაჯილდოვდა. მასწავლებელთა წახალისების მიზნით, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი სასწავლო საგაკვეთილო პროექტზე, – „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“. გამარჯვებულ მასწავლებლებს ეძლევათ 500-ლარიანი დანამატი 10 თვის განმავლობაში. შარშან შუახევიდან დასახელებული გრანტი მოიპოვა 10-მა პედაგოგმა, წელსაც გვყავს ამ პროექტის გამარჯვებულები. შარშან, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ, დამრიგებლის მიმართულების გაძლიერების მიზნით, ახალი პროგრამა შემოიტანა. შესაბამისად, გამოცხადდა საგრანტო პროექტები, რომლებშიც შუახევიდან ათზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა და 9 მასწავლებელი დაფინანსდა. ისინი ყოველთვიურად 250-ლარიან დანამატს მიიღებენ.

– ქვეყნის მასშტაბით რა წარმატება გქონდათ?

– ყოველწლიურად, ქვეყნის მასშტაბით, 10 წარმატებული მასწავლებელი ჯილდოვდება ეროვნული პრემიით. გამარჯვებულებს შორის დაბა შუახევის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი თეიმურაზ დავითაძეც დასახელდა. გასულ სასწავლო წელს ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში – CERN მასწავლებლებელთა სტაჟირებაზე კონკურსი გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა საბუნებისმეტყველო საგნების, კერძოდ, ფიზიკის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებასა და სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაციას. კონკურსში გაიმარჯვა ჩანჩხალოს საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა ლევან ქათამაძემ. დაბაძველის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ამირან ხიმშიაშვილი პოლონეთში, პროფესიული სტაჟირების კონკურსის გამარჯვებული გახდა. კონკურსი „აჭარის განათლების ფონდის“ ორგანიზებით ჩატარდა და საჯარო სკოლების საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების მასწავლებლებისთვის იყო განკუთვნილი. იგი 5000-ლარიან პრემიაზეცაა წარდგენილი.

– რა კეთდება მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით?

– საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, ასევე, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროები ამ კუთხით განსაკუთრებით აქტიურობენ. შევეხები ადგილობრივ დონეზე ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტებს. 2025-26 სასწავლო წელს, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ჩატარდა მუნიციპალური საგნობრივი კონკურსები: ინგლისურ ენაში – 4 ასაკობრივ კატეგორიაში, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, რომელშიც სულ 583-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გამოვლინდა 27 გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით. გასულ სასწავლო წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა ინგლისური ენის და მხატვრული ლიტერატურის მოყვარულთა კლუბები ორ ასაკობრივ კატეგორიაში, რომელშიც 120-მდე მოსწავლე და ოთხი მასწავლებელი იყო ჩართული. აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამით „სასკოლო კლუბების ინიციატივები“ დაფინანსება მოიპოვა რამდენიმე სკოლამ. მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები წარმატებით ასპარეზობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, სხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ კონკურსებსა და ოლიმპიადებში. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს აჭარის მასშტაბით სხვადასხვა კონკურსში, მათ შორის, მხატვრული ლიტერატურის კონკურს „ლიტერატურულ მარათონში“. მოსწავლეებმა საპრიზო ადგილები აიღეს შემოქმედებით კონფერენციებში, ესეების კონკურსში, სახვით ხელოვნებაში, გუნდურ საგნობრივ და სხვა კონკურსებში. ასობით მოსწავლე მონაწილეობდა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში, შეჯიბრებები ტარდებოდა ქართულ ჭიდაობაში, თავისუფალ ჭიდაობაში, კალათბურთში, ფრენბურთში, სათხილამურო სპორტში, მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკში და სხვ.

– მასწავლებელთა საქმიანობის საზომი მაინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოსწავლეების მიერ მიღებული შედეგებია…

– 2025-2026 სასწავლო წელს საშუალო საფეხური დაასრულა 86-მა მეთორმეტეკლასელმა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა 64 აბიტურიენტი. ბარიერი გადალახა 56-მა. 56-ივე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების მაჩვენებელი წელს 87,5 პროცენტია. 51 კურსდამთავრებული ჩაირიცხა სახელმწიფო სასწავლებლებში. მხოლოდ 5 ჩაირიცხა კერძო უმაღლეს სასწავლებლებში. შესაბამისად, სწავლას 51 კურსდამთავრებული უფასოდ განაგრძობს. თუ წინა წლების საგრანტო დაფინანსების პროგრამას შევადარებთ, სადაც სტუდენტთა 20-25 პროცენტი ფინანსდებოდა ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, ახლა უფასოდ ისწავლის სტუდენტთა 91 პროცენტი. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლების შემოღება უპრეცედენტო გადაწყვეტილება იყო.

მიზნობრივი პროგრამები როგორ ხორციელდება შუახევში?

– პროგრამის ფარგლებში ხუთმა სკოლამ მიიღო სპორტული ინვენტარი მუსიკალური ინსტრუმენტები – სამმა სკოლამ, მათ შორის ორში, მერიის დაფინანსებით დაინიშნა მასწავლებელი. წელს შუახევისა და ხიჭაურის სკოლების ბენდებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდული რეგიონული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საღამოში და განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს. სკოლებში, რომლებმაც გაიარეს ავტორიზაცია, შეტანილია კომპიუტერული ტექნიკა. სულ ავტორიზაცია გაიარა 10-მა სკოლამ, მათ შორის, ხუთმა – გასულ სასწავლო წელს. აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ პროექტის „მომავლის სკოლა“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლა სრულად აღჭურვა კომპიუტერული ტექნიკითა და პროექტორებით. აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ 31 სკოლაში შეიტანა მხატვრული ლიტერატურა. ბიბლიოთეკების განახლების პროგრამის ფარგლებში, საბიბლიოთეკო სივრცეები განახლდა დაბა შუახევისა და შუბნის საჯარო სკოლებში. მალე ეს პროექტი ამირან მამალაძის სახელობის ბარათაულის საჯარო სკოლაში განხორციელდება. იგივე პროექტი დაიწყება ნენიის საჯარო სკოლაშიც. საქართველოს ბანკისა და მეცენატ გია ბერიძის დაფინანსებით, ბიბლიოთეკის სივრცე მოეწყო ჭვანის საჯარო სკოლაშიც. სკოლების ნაწილში შევიდა და ნაწილში მიმდინარე სასწავლო წელს შევა საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია.

– სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც დიდი ყურადღება ეთმობა…

გეთანხმებით. ამჟამად აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულია და იგეგმება რამდენიმე სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოები. ასევე, დაწყებულია 2 ახალი სკოლის შენობის პროექტის შესყიდვა. აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ შვიდ სკოლაში განახორციელა ნაწილობრივი სარემონტო სამუშაოები, სახურავის შეცვლა, გათბობის სისტემის განახლება, ფასადის და შიდა სარემონტო სამუშაოები ან სპორტული მოედნების მოწყობა და სხვ. შუახევის მერიამ ახალდაბაში სკოლის მშენებლობისთვის მიწის ფართობი შეისყიდა, სადაც საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი ააგებს სკოლის ახალ შენობას. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ რესურსცენტრში შემოიტანა 10547 სასკოლო სახელმძღვანელო და მოსწავლის რვეული, რომელიც გადანაწილდა სკოლებზე. საჯარო სკოლების ყველა პირველკლასელს გადაეცემა პორტატული კომპიუტერი, ასევე, პირველი კლასების 21 დამრიგებელს.

– რესურსცენტრის უფროსობას შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობასაც უთავსებთ. აგვისტოს სხდომაზე თქვენი და კომისიის თავმჯდომარე გიორგი დავითაძის მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ჰპოვა. რას ითვალისწინებს იგი?

– მისასალმებელია, რომ შუახევს ჰყავს მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, რომლებიც განათლების უდიდესი მხარდამჭერები არიან. ინიციატივა შეეხებოდა ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულების ერთჯერადი წახალისების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, ოქროს მედალოსნები – 500, ხოლო ვერცხლის მედალოსნები 300 ლარით დაჯილდოვდებიან. ინიციატივას საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ეს პროექტი აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, გაზრდის განათლების ხელმისაწვდომობას.

– სიახლე, რომელიც ახალ სასწავლო წელს უნდა განახორციელოთ?

– 2026-2027 სასწავლო წელს ფუნდამენტური ცვლილებებით ვხვდებით. დამტკიცდა განათლების ახალი კონცეფცია, რომელშიც პრიორიტეტად რვა ძირითადი მიმართულება დასახელდა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მოსწავლეთა ფორმებით უზრუნველყოფაა, რომლის ფარგლებშიც, სასწავლო წლის დასაწყისში, ფორმებით უზრუნველყოფილი იქნებიან პირველი კლასის მოსწავლეები, ხოლო ოქტომბერ-ნოემბერში დანარჩენი კლასის მოსწავლეები, მეექვსე კლასის ჩათვლით. ყველა სკოლა შეიძენს სპეციალურ კარადებს, სადაც განთავსდება მობილური ტელეფონები და ელექტრონული ხელსაწყოები. სასწავლო პერიოდში მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სასწავლო დანიშნულებით. ამოქმედდა სკოლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის ახალი პროგრამა. სკოლებს აღარ მოუწევთ სხვადასხვა ავტორის მიერ შედგენილ წიგნებს შორის არჩევანის გაკეთება. საჯარო სკოლის მოსწავლეები, ბუნებრივია, სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ. 2026-27 სასწავლო წლის დასაწყისიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის ახალი სქემა ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც, მასწავლებლები სკოლისა და რესურსცენტრის ჩართულობით, სამინისტროს მხარდაჭერით, გამოცდების გარეშე აიმაღლებენ კვალიფიკაციას. გაძლიერდა რესურსცენტრის როლი ამ მიმართულებით. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სკოლები დაუბრუნდნენ ეროვნულ ღირებულებებს. ზომიერად იქნა შემოტანილი პატრიოტული და ზნეობრივი აღზრდის საკითხები. სკოლების ნაწილში შემოდის ღირებულებითი განათლება. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ეროვნულად მოაზროვნე, პატრიოტი, სულიერად და ზნეობრივად მყარი ოჯახის პატივისმცემელი და განათლებული თაობების აღზრდას.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *