By

სპორტული კინოს საერთაშორისო ფესტივალი – 17 ქვეყნის 28 ფილმი ერთ სივრცეში

ბათუმი სპორტული კინოს საერთაშორისო ფესტივალს „ნიკე“  მასპინძლობს. წლევანდელ პროგრამაში 17 ქვეყნის 28 სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმია წარმოდგენილი.
ფესტივალის პროგრამა მხოლოდ საკონკურსო ჩვენებებით არ შემოიფარგლება, იგი სპეციალურ და არასაკონკურსო ჩვენებებსაც მოიცავს. „ნიკეს“ ფარგლებში გაიმართება პროფესიული შეხვედრები და მასტერკლასები. უცხოელი სტუმრები ქართველ მაყურებელსა და ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და სპორტული კინოს სპეციფიკაზე ისაუბრებენ.
წლევანდელი ფესტივალი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს ეძღვნება.
საფესტივალო ღონისძიებები 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, 12 სექტემბერს კი გამარჯვებულ ფილმებს გამოავლენენ. საფესტივალო ფილმების ჩვენება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

– ვფიქრობ, აღნიშნული ფესტივალი ძალიან საინტერესო იქნება ბათუმელი მაყურებლისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია,  სპორტისა და სპორტული კინოს პოპულარიზაცია. ამიტომაც,  სწორედ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გადავწყვიტეთ ფესტივალის ჩატარება, რომ  ახალგაზრდა თაობა, სტუდენტები დაინტერესდნენ სპორტული ფილმებით, – აღნიშნა ფესტივალ „ნიკეს“ დირექტორმა,  კინოპროდიუსერმა  ზურაბ ხუციშვილმა.

ფესტივალი „ნიკე“ საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის „შემოქმედებითი საქართველოსა“ და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

  • No Comments
  • სექტემბერი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *