ქართული აგროსასურსათო პროდუქცია – ჩინეთში
By

ქართული აგროსასურსათო პროდუქცია – ჩინეთში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო წელს პირველად მონაწილეობს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში SIAL Guangzhou. ამასთან, SIAL-ის ფორმატის საერთაშორისო გამოფენებზე ქართული აგროსასურსათო პროდუქცია უკვე მესამედ არის წარმოდგენილი. გამოფენის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პავილიონში 11 ქართული კომპანია „აჩინებული“, „არტვაინი“, „აქტო“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „რუისპირი“, „ჩელთი“, „თაკარა ვაინსი“, „ხოდელი მეღვინეობა“, „მუკუზნის ღვინის სარდაფი“, „წყალი მარგებელი“ და „აიდიეს ბორჯომი“ გამოფენაზე ღვინოს, სპირტიან სასმელებს, ნატურალურ წვენებსა და მინერალურ წყალს წარადგენენ.
„SIAL Guangzhou ქართული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ბიზნესპლატფორმაა, რომელიც პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრის, ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარებისა და პროდუქციის საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენის შესაძლებლობას ქმნის. ჩინეთში SIAL Guangzhou-ზე საქართველოს პავილიონის პირველად წარდგენა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის გაზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას უწყობს ხელს, რაც ქართული პროდუქციის საექსპორტო არეალის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. SIAL-ის საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოზიციონირების გაძლიერებას ემსახურება“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

  • No Comments
  • სექტემბერი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *