საინვესტიციო კონფერენცია – კურორტ გოდერძიზე
კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანი კურორტზე ახალი ინვესტიციების მოზიდვა და გოდერძის ოთხსეზონიან განვითარებაში ბიზნესსექტორის ჩართულობის გაზრდა იყო. ბიზნესს ფორუმზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სახელმწიფოს, ბიზნესისა და საბანკო სექტორის თანამშრომლობით აჭარის მთიანეთის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გოდერძი ეტაპობრივად გარდაიქმნა თანამედროვე, სრულფასოვან ოთხსეზონიან კურორტად, განვითარებული ინფრასტრუქტურა კი მაღალმთიან აჭარაში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ გარემოს ქმნის.
,,სულ უფრო მეტი ვიზიტიორი, ინვესტორი და ბიზნესსექტორის წარმომადგენელი ინტერესდება მაღალმთიანი აჭარით, ჩვენი რეგიონის პოტენციალით და შესაძლებლობებით. სწორედ ამ მზარდი ინტერესის ფონზე, დღეს პირველად ვმართავთ საინვესტიციო ფორუმს კურორტ გოდერძიზე, რომელშიც 70-მდე სტუმარი მონაწილეობს, მათ შორისაა მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ინვესტორები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მათ გავაცნოთ მაღალმთიანი აჭარისა და უშუალოდ კურორტ გოდერძის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი. დღეს კურორტ გოდერძიზე უკვე 9 სასტუმრო კომპლექსი ფუნქციონირებს, ხოლო დაგეგმილია 20-მდე ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი საინვესტიციო ფორუმი ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ბიზნესის დაინტერესებას, ვიზიტიორთა ნაკადების ზრდასა და, საბოლოოდ, მაღალმთიანი აჭარის კიდევ უფრო განვითარებასა და წარმატებას“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი თხელიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ და „თიბისი კაპიტალის“ უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ირინა კვახაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა კურორტის განვითარების ხედვისა და კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. „თიბისის“ გუნდის წევრებმა ინვესტორებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საქართველოსა და აჭარის მაკროეკონომიკური დინამიკისა და ძირითადი სექტორების მდგომარეობა, კურორტ გოდერძის განვითარების გეგმები და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნეს.
ღონისძიებას აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ცოტნე ცაბაძე