დონალდ ტრამპი: ირანს ბირთვული იარაღის მოპოვებაში ხელი შევუშალე და სწორი გადაწყვეტილება მივიღე
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ მოქმედებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სწორი იყო. მისი თქმით, ამით თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა შეუზღუდა.
„როდესაც ადამიანები მეკითხებიან, კმაყოფილი ხართ თუ არა, რომ ეს გააკეთეთ, მე ვპასუხობ: აბსოლუტურად, რადგან მათ ბირთვული იარაღის მოპოვებაში ხელი შევუშალე. მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ. მე სწორი გადაწყვეტილება მივიღე“, – განაცხადა ტრამპმა ინტერვიუში.
ტრამპმა ინტერვიუში ასევე, რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანი კონფლიქტის დასრულებაა.
მისი თქმით, რუსეთი და უკრაინა ყოველთვიურად ათიათასობით ადამიანს კარგავენ.
„შეხედეთ, მე უბრალოდ მინდა, რომ ომი დასრულდეს. ეს ძალიან მარტივია. ისინი ყოველთვიურად 25 000 ადამიანს კარგავენ – რუსეთი და უკრაინა. ორივე მხარე უამრავ ადამიანს კარგავს. რუსეთი შეტევაზეა, ამიტომ ისინი ცოტა მეტ დანაკარგს განიცდიან. როდესაც ომში შეტევაზე ხარ, უფრო მეტ დანაკარგს განიცდი, მაგრამ ორივე მხარე საშუალოდ 25 000 ადამიანს კარგავს. გასულ თვეში ეს მაჩვენებელი 32 000 იყო. ძირითადად, ესენი ჯარისკაცები არიან. იცით, არის გარკვეული დანაკარგები ქალაქებშიც – მაგალითად, როდესაც რაკეტა კიევში შენობას ხვდება, ეს ძალიან მძიმეა. მაგრამ ისინი თვეში 25-დან 30 ათასამდე ჯარისკაცს კარგავენ. უბრალოდ მინდა, რომ ეს დასრულდეს. ვფიქრობ, ამას მივაღწევთ. იცით, მე რვა ომი დავასრულე. ამ რვიდან ოთხი ბევრად უფრო რთული უნდა ყოფილიყო, ვიდრე ეს. მეგონა, ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ აღმოჩნდა უკრაინაში ომის დასრულება ასეთი რთული, ტრამპმა უპასუხა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთმანეთი სძულთ, რის გამოც, მათ შეთანხმების მიღწევა ძალიან უჭირთ.