სოჭისერზე აღმართული ჯვარი – სოფლის სავიზიტო ბარათი
By

სოჭისერზე აღმართული ჯვარი – სოფლის სავიზიტო ბარათი

დაშლა-დაცარიელება არ ემუქრება შუახევის რაიონის საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა სოფელ  კვიახიძეებს. სოფელს წარმატებული, საქვეყნოდ აღიარებული მეცნიერები, სახელმწიფო მოხელეები, სამართალდამცავები არასდროს აკლდა. ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში 3 შუახეველი განისვენებს, მათ შორისაა კვიახიძეებში დაბადებული და დაფრთიანებული პროფესორი ბიჭიკო დიასამიძე. წინაპრების ღირსეულ გზას აგრძელებენ საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი თამაზ დიასამიძე, პროფესორი მერაბ ფუტკარაძე, მოსამართლე  გოჩა ფუტკარაძე.

სოფელი და მთელი მარეთის ხეობა კარგად იცნობდა თვითნასწავლ ხელოვან შეიდ ფუტკარაძეს. შეიდას შვილმა გივიმ და რძალმა ფატიმ საზოგადოებას თავი კეთილსინდისიერი შრომით დაამახსოვრეს. მათი ქალიშვილი ციური ფუტკარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო. წინაპრების გზას ღირსეულად აგრძელებს გივისა და ფატის ვაჟი, პროფესიით პედაგოგი, ნუგზარი. იგი ახლა სოფლის ხელმძღვანელია.  ჟუჟუნა ძირკვაძესთან ერთად 5 ვაჟი და 1 ქალიშვილი აღზარდა. უფროსი ვაჟი ნარიმანი უკვე 46 წლისაა. მისი ძმები მანუჩარი, ნუკრი, გივი, გიორგი ქვეყნის თავდაცვის სამსახურში დგანან, მაგრამ მშობლიურ სოფელს, ერთი დღითაც უყურადღებოდ არ ტოვებენ. ხუთივე ძმა მართლმადიდებელია. წინაპრების ძირძველი მრწამსის პატივსაცემად მათ სოფლის შემოსასვლელში ჯვრის აღმართვა განიზრახეს. ინიციატივას სათავეში ნარიმანი ჩაუდგა.

სოფლის ახალგაზრდობამ ძმებს მხარი დაუჭირა. მანათობელი ჯვრის ადგილად სოფლის შემოსასვლელი – სოჭისერი აირჩიეს. ამ ადგილიდან მთელი სოფელი ხელისგულივით მოსჩანს. მას დაინახავენ  სხალთა-ხიხანისა და მარეთის ხეობების სოფლების მკვიდრებიც. იგი სოფლის სავიზიტო ბარათი გახდება.

ჯვარი სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით აღიმართა. ჯვრის კურთხევის მსახურება სხალთის ეპარქიის მღვდელმსახურმა დეკანოზმა  გიორგიმ (ფუტკარაძე) შეასრულა. სოფელს ეს სიახლე მიულოცეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძემ.

– მიხარია და მივესალმები სოფლის ამ სიახლეს. ჩემმა შვილებმა კიდევ ერთი ჯვარი დაამზადეს, რომელსაც მალე მთა საბერწიაში აღვმართავთ. მადლობა სოფლის ახალგაზრდობას, რომ გვერდით  დაგვიდგა,- გვითხრა ნუგზარ ფუტკარაძემ.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *