კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში, 26-სართულიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს
By

კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში, 26-სართულიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს

კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში, ახლად აშენებული 24,000 კვმ ფართობის ულტრათანამედროვე კამპუსის გვერდით, 26-სართულიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის აშენებას იწყებს. როგორც უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას განაცხადა, პროექტი ბათუმის მერიამ უკვე დაამტკიცა.

„ბათუმში 24,000 კვმ-ზე ავაშენეთ ახალი საუნივერსიტეტო სივრცე რომელიც ულტრათანამედროვეა. ასევე, ჩვენ შევდივართ სკოლის ბიზნესში და გვექნება პირველი, ეგრეთ წოდებული K-12, 12-წლიანი სკოლა ბათუმელებისათვის და არა მარტო.

რაც შეეხება საერთო საცხოვრებელს, ვაპირებთ იქვე 26-სართულიანი საერთო საცხოვრებლის აშენებას, რომელიც ქალაქ ბათუმის მერიამ უკვე დაგვიმტკიცა. მშენებლობას მაქსიმუმ ორ წელიწადში დავამთავრებთ.

ჩვენთან, თბილისში, ამჟამად, ძირითადად, ქართველები სწავლობენ. 7500 ქართველია და 1500 უცხოელი. ასევე, გაანგარიშება გვაქვს აჭარაშიც. ვფიქრობთ, რომ იქაც უმეტესი ნაწილი იქნება ქართველების და უმცირესობა იქნება უცხოელების. თუმცა, ორივეს შევთავაზებთ ამ საერთო საცხოვრებელს, რადგან სტუდენტების გეოგრაფია ბათუმში უკვე იზრდება. არ არის მარტო ადგილობრივი მოსახლეობა, ჩამოდის თბილისელიც, ქუთაისელიც, ზუგდიდელიც და თელაველიც, ამიტომ გვექნება საშუალება იმისა, რომ ქართველებსაც მოვემსახუროთ.

საცხოვრებელი თავიდან მხოლოდ ჩვენი სტუდენტებისთვის იქნება, თუ ჩვენს თავს მოვუვლით, მერე შეიძლება უკვე გავაღოთ კარები სხვებისთვისაც.

რეალურად, ჩვენთვის ეს არის სხვა ბიზნესი და შიში გვქონდა, რომ იქნებ არ გაამართლოს. არ იყო მარტივი გადასაწყვეტი, თუმცა დღეს უკვე დგას საჭიროება იმისა, რომ ვიფიქროთ ამაზე და ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი საერთო საცხოვრებელი. მართვასაც ვაპირებთ თავად, რათა მივიღოთ ის სტანდარტი და ხარისხი, რაც ჩვენ გვაკმაყოფილებს“, – განაცხადა კახა შენგელიამ.

  • No Comments
  • სექტემბერი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *