ლევან იოსელიანი: ირაკლი ღარიბაშვილს საპატიმრო პირობებზე პრეტენზია არ გამოუთქვამს
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შემდეგ, განცხადება გააკეთა და დასძინა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს საპატიმრო პირობებზე, ადმინისტრაციის მხრიდან მოპყრობაზე, არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.
„ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე საცხოვრებელ საკანში. გავეცანი მის საცხოვრებელ პირობებს. ყველა საკითხზე ვესაუბრე, რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, კვებას. მივიღე ამომწურავი ინფორმაცია. რაც შეეხება პაემანთან დაკავშირებულ საკითხს, ბატონი ირაკლის განცხადებით, შეთანხმებული იყო წამახალისებელი, გრძელვადიანი პაემანი, რომელიც შემდგომ გაუქმდა. ეს პაემანი წარმოადგენს ციხის ადმინისტრაციის უფლებამოსილების დისკრეციას. ბატონი ირაკლის განცხადებით, ადგილი ჰქონდა დაპირებას და შემდგომ შეიცვალა.
ვესაუბრე ციხის ადმინისტრაციასაც, მათი განმარტებით, პაემნის ჩანიშვნა იმ პერიოდში იმიტომ ვერ მოხდა, რომ რემონტი მიმდინარეობდა იმ რამდენიმე ადგილას, სადაც ხდება შეხვედრა. შესაბამისად, მათი განცხადებით, ამიტომ ვერ მოხერხდა პაემნის ჩანიშვნა. ის პერიოდულად იღებდა წამახალისებელ პაემნებს.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილების ირგვლივ ჩვენ საუბარი არ გვქონია. არც მას უხსენებია და არც მე დამისვამს ამის ირგვლივ კითხვები. დანაშაულის შესახებ ინფორმაცია თუ ვრცელდება, ეს საინტერესო უნდა იყოს საგამოძიებო უწყებებისთვის, როდესაც საგამოძიებო უწყებები გონივრულ ვადაში არ ახდენენ პრობლემის იდენტიფიცირებას, გამოძიებას, ამ შემთხვევაში არის პრაქტიკა, როდესაც მომართავენ სახალხო დამცველს. სახალხო დამცველი ინტერესდება, რა არის გაჭიანურების მიზეზი. ყველა კითხვაზე, რაც ეხება დანაშაულს, რეაგირება უნდა მოახდინოს შესაბამისმა უწყებამ. როდესაც ვრცელდება ინფორმაცია საპატიმროში არსებული რაიმე პრობლემის შესახებ, ჩვენ ავტომატურად ვიწყებთ საქმის შესწავლას, ბუნებრივია, ეს საკითხები, რაც ჩამოთვალეთ, თუ ეხებოდა საპატიმროში მომხდარ დანაშაულს, ან სავარაუდო დანაშაულს. რაც შეეხება მის საპატიმროში ყოფნის პირობებს, ადმინისტრაციის მხრიდან მის მიმართ მოპყრობის პირობებს, ამასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ასეთ რამეს რომ ჰქონოდა ადგილი, დამერწმუნეთ, რომ გამოვიდოდი, ამას პირველი მე ვიტყოდი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.