ირაკლი ღარიბაშვილს დღეს სახალხო დამცველი მოინახულებს
დღეს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ მან მედიასთან განაცხადა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა თქვა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის უფლებები ირღვევა და
რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველს მოუწოდა, გადაამოწმოს აღნიშნული ფაქტი.
„26 აგვისტოს ჩანიშნული იყო ხანგრძლივი პაემანი. მას უნდა ენახა თავისი შვილები, რომლებიც სამი თვის განმავლობაში არ უნახავს და ეს პაემანი გაუუქმეს. ჩანიშნული პაემნის გაუქმება როგორ არის სიცრუე, ეს არ არის რთული გადასამოწმებელი“, – განაცხადა ადვოკატმა.
საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთ წერილს გუშინ გაეცნო, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი სვამს კითხვას, თუ რა გახდა
უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი. „ამ კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მმართველობის დროს“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.