აშშ რუსეთის „დიდ ოცეულში“ დაბრუნებას აპირებს
By

აშშ რუსეთის „დიდ ოცეულში“ დაბრუნებას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე რუსეთის დაბრუნების შესახებ ევროპელ მოკავშირეებთან ახალი დაპირისპირება გამოიწვია. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროპული ქვეყნები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო მოსკოვის საერთაშორისო იზოლაციის გაგრძელებას ითხოვენ.

რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი ორშაბათს აშშ-ის მასპინძლობით გამართული „დიდი ოცეულის“ შეხვედრის პირველი დღის მუშაობას დაესწრო. გამოცემის ცნობით, აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა სამიტის ფარგლებში სილუანოვთან პირისპირ შეხვედრაც გამართა.

თუმცა, სილუანოვის შეხვედრაზე დასწრებას ეწინააღმდეგებოდნენ ევროპელი ოფიციალური პირები. რუსეთის წარმომადგენლის მიწვევამ ორშაბათს ეშვილში შეხვედრის მონაწილეთა საერთო ფოტოს გადაღების დაგეგმვისასაც კი დაძაბულობა გამოიწვია.

„მდივანმა ბესენტმა რუსეთის ფინანსთა მინისტრთან ნაყოფიერი შეხვედრა გამართა“, – განუცხადა აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილემ საერთაშორისო საკითხებში, ერინ ბრაუნმა POLITICO-ს. მისი თქმით, ბესენტმა სილუანოვს „განუცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს და ჩვენ მშვიდობიანი შედეგის ხილვა გვსურს“.

აშშ-ის ხაზინის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მხარეებმა „ტრამპის სამშვიდობო გეგმა და ეკონომიკური ზრდა“ განიხილეს.

ბრაუნის თქმით, რუსეთის მონაწილეობა თეთრი სახლის გადაწყვეტილება იყო. „ჩვენ თეთრი სახლის პროტოკოლის შესაბამისად ვმოქმედებთ“, – განაცხადა მან.

რუსეთის „დიდ ოცეულში“ დაბრუნება მკვეთრად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც აშშ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მსგავსი შეხვედრების მიმართ იყენებდა, – წერს POLITICO.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს აშშ-ის ოფიციალური პირები ევროპელ კოლეგებთან ერთად საჯაროდ აპროტესტებდნენ რუსეთის მონაწილეობას საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმებში. 2022 წელს აშშ-ის ხაზინის იმჟამინდელი მდივანი ჯანეტ იელენი იმ დასავლელ მაღალჩინოსნებს შორის იყო, რომლებმაც „დიდი ოცეულის“ შეხვედრა დატოვეს მას შემდეგ, რაც რუსეთის წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ლარს კლინგბაილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია – „რუსეთის ფინანსთა მინისტრთან ერთად საერთო ფოტოსთვის არ დადგებოდა“. მისი თქმით, ბოლო წლებში ასეთი ფოტო აღარ გადაღებულა.

კლინგბაილის განცხადებით, მან პოზიცია სხვა ევროპელ ოფიციალურ პირებთან შეათანხმა. „ევროპელების ერთიანმა მიდგომამ საბოლოოდ განაპირობა ის, რომ საერთო ფოტო რუსეთის ფინანსთა მინისტრისა და რუსეთის დელეგაციის გარეშე გადაიღეს“, – განაცხადა მან.

ნიუ-ჰემფშირის შტატის „დემოკრატმა“ სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „დემოკრატების“ ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელია, ადმინისტრაციის გადაწყვეტილება რუსეთის შეხვედრაში ჩართვის შესახებ მკაცრად გააკრიტიკა.

„ტრამპის ადმინისტრაციამ პუტინსა და მის თანამზრახველებზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს და არა მათთვის პლატფორმა შექმნას“, – განაცხადა შაჰინმა.

მან, ასევე, მოუწოდა წარმომადგენელთა პალატას, განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი, რომელსაც სენატმა ამ თვის დასაწყისში აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა მხარი.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *