საქართველოდან 85 არალეგალი მიგრანტი გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, უწყების სხვა დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში მასშტაბური კომპლექსური ღონისძიებები გაატარა. შედეგად, ქვეყნის ტერიტორიიდან უცხოეთის 85 მოქალაქე გააძევეს.
შსს-ს ინფორმაციით, გაძევებულ პირებს შორის არიან თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ეგვიპტის, ბელარუსის, უზბეკეთის, ეთიოპიის, იორდანიის, კუბის, ვიეტნამის, ბანგლადეშის, ნიგერიის, პაკისტანის, ტაილანდისა და ფილიპინების მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მათგანს საქართველოში შემოსვლა ოფიციალურად აეკრძალა.
უწყების სტატისტიკით, მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყნიდან უკვე გაძევებულია 2,726 არალეგალურად მყოფი უცხოელი. ეს მაჩვენებელი გასული წლის ჯამურ მონაცემს ორჯერ აღემატება, რაც მიგრაციული კონტროლის გამკაცრებაზე მიუთითებს.