საერთაშორისო ტურნირი – ბადმინტონში
ბათუმმა ბადმინტონში საერთაშორისო ტურნირს – „ბათუმის თასი 2026“ უმასპინძლა, რომელიც მუხრან ვახტანგაძის ბათუმის სპორტის სასახლეში ჩატარდა.
ტურნირი სამ ასაკობრივ კატეგორიაში – 11, 13 და 15 წლამდე ვაჟთა და გოგონათა შორის, როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში გაიმართა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე ირაკლი კაიკაციშვილი და მოადგილე ასლან ბალაძე, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის დირექტორთან შოთა დავითაძესთან ერთად, ტურნირის დასკვნით დღესა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ.
გამარჯვებულებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.
– ამ ტურნირზე ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. ძლიერი კონკურენტები მყავდა, მაგრამ შეჯიბრებისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი – ვიყავი დანიაში, თურქეთში. მედლის აღება ჩემი მიზანი იყო და მიხარია, რომ ეს შევძელი, – გვითხრა რაფაელ ოვანესიანმა.
ღონისძიება აჭარის ბადმინტონისა და საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციების ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა.
მანანა ძიძიშვილი